ქართულ ბაზარზე ახალი, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები გამოჩნდა, რომელმაც საზოგადოების დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა.
"მარაო" პროექტის - "იყიდე ქართული, გააძლიერე ქვეყანა" ფარგლებში ახალ ქართულ ბრენდს გაგაცნობთ.
„ლოგიკუმი“ სტუდენტი გოგონების სტარტაპია, რომელიც ხის უსაფრთხო და მიზნობრივ სათამაშოებს გულისხმობს.
თიკო ბლადაძე სტარტაპის იდეის ავტორია. ის 23 წლის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, პროფესიით კლინიკური ფსიქოლოგი. როგორც თავად ამბობს, სწორედ თავისი პროფესია ეხმარება, აწარმოოს განსხვავებული და სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე მორგებული სათამაშოები.
- როდის და როგორ მოგივიდათ ამ ბიზნესის წამოწყების იდეა?
- იდეა 2016 წლის დეკემბერში გაჩნდა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტში „დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად“, სადაც მეგობრებთან ერთად მისულს არაერთი იდეა მქონდა. თუმცა, საბოლოოდ მივხვდით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, შევქმნათ მომავალი, შევქმნათ ის რესურსები, რომელიც ძალიან გვაკლია და გვჭირდება. დავიწყეთ ზრუნვა განვითარებაზე, მივხვდით, რომ საკუთარი პროფესიისა და ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანაზე მნიშვნელოვანი არაფერია.
- რამდენად მიგაჩნდათ, რომ თქვენი პროდუქცია ასეთი პოპულარული გახდებოდა საზოგადოებაში?
- ეს საკმაოდ რთული სათქმელია. ვიცოდით, რომ ვაკეთებდით იმას, რაც სოციუმს სჭირდება, თუმცა ბუნებრივია, ასე უცებ ამხელა წინსვლა არც წარმოგვედგინა. 0 ლარის ბიუჯეტით დაწყებულმა სტარტაპმა დღეს დიდი წარმატებები მოგვიტანა და ვთვლით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.
- რა ასაკისა და კატეგორიის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი თქვენი სათამაშოები?
- სათამაშოები მორგებულია როგორც სსმ პირებზე, ასევე ტიპური განვითარების ბავშვებზე. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ვამბობთ, რომ არ არსებობს ბარიერები და შეზღუდვები. რაც შეეხება ასაკს, დაახლოებით წლინახევრიდან დაწყებითი სასკოლო ასაკის ჩათვლით, თუმცა ვმუშაობთ, რომ კიდევ უფრო გავფართოვდეთ.
- გვესაუბრეთ თქვენ პროდუქციის უპირატესობებსა და დადებით მხარეებზე, რაც გამოარჩევს მას სხვა სათამაშოებისგან...
- ჩვენი სათამაშოები ხისაა, ქართულია, რაც მთავარია, უსაფრთხო და მორგებული ქართულ რეალობასა და სხვადასხვა განვითარების მქონე ბავშვზე. სხვებისგან განსხვავებული მიმართულება გვაქვს. ალბათ, ეს პროფესიიდან გამომდინარეცაა. ვიცით, რასაც ვაკეთებთ და რატომ ვაკეთებთ. ყველაფერი საჭიროებებზე მორგებულია და თითოეულ სათამაშოს თავისი მიზანი აქვს. უშუალოდ განმავითარებელი და სხვადასხვა უნარ-ჩვევაზე მორგებული სათამაშოების ხაზი გვაქვს. გარდა ამისა, განმავითარებელი სათამაშოებით სწავლის პროცესი საკმაოდ სახალისო და საინტერესოა. სათამაშოები, ამასთანავე, ფერადი და მიმზიდველია, რასაც ეკოლოგიურად სუფთა საღებავებით ვქმნით.
- სამომავლოდ აპირებთ თუ არა პროდუქციის სახეობის გაზრდას?
- "ლოგიკუმი" 1 წლის ხდება და უკვე 25-მდე ქართული სათამაშოს ავტორია. ბუნებრივია, მიმართულება და გზა, რომელიც ავირჩიეთ, უნდა გაგრძელდეს. ჩვენი მიზანი კიდევ უფრო მეტი სათამაშოს შექმნა და დახვეწაა. გვინდა გაფართოებაც, უკვე დავიწყეთ დისტრიბუცია სხვადასხვა ქსელურ მაღაზიაში. სამომავლოდ ვფიქრობთ ექსპორტზეც. მიგვაჩნია, რომ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი.
- რამდენად რთულია საქართველოში ბიზნესის წამოწყება?
- ვერ ვიტყვით, რომ რთულია. უფრო მნიშვნელოვანი მონდომებაა და მოტივაცია. შეუძლებელი არაფერია. მართალია, არცთუ ისე ბევრი რესურსია ქვეყანაში, თუმცა იმისათვის, რომ რესურსებიც გაიზარდოს და ქვეყანაც განვითარდეს, საჭიროა ჯერ სრულად ავითვისოთ და გამოვიყენოთ ის, რაც გვაქვს.
- რამდენად დაინტერესდა საზოგადოება თქვენი პროდუქციით?
- დაინტერესება თავიდანვე დიდი იყო. პირველივე პრეზენტაციაზე საკმაოდ დიდი მოწონება დავიმსახურეთ და ეს კიდევ უფრო დიდი სტიმული იყო. მაშინ დავრწმუნდით, რომ სწორ გზას დავადექით, შეგვიძლია საამაყო და კარგი საქმე ვაკეთოთ და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ მომავალი თაობის განვითარებაში. "თბილისი მოლში" პირველივე გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე 10-დან 8 სათამაშო გავყიდეთ. სათამაშოებით ასევე დაინტერესდა ჯონ მაკეინი, რომელიც 2017 წლის 1-ელ იანვარს ესტუმრა საქართველოს. ჩვენი სათამაშოების უპირატესობები აღნიშნა ასევე ალექსანდრე ჯეჯელავამ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს არაერთი საჯარო და კერძო ბაღი მოვამარაგეთ "ლოგიკუმის" სათამაშოებით და ამ ეტაპზე კიდევ უფრო მასშტაბურ პროდუქტზე ვმუშაობთ, რაც ვიმედოვნებთ, დიდ ინტერესებს გამოიწვევს და გაამართლებს.
- რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებიც ბიზნესის წამოწყებას აპირებენ?
- მთავარი მონდომებაა. გზაზე ბევრი სირთულეა, უძილო ღამეები, თავდაუზოგავი შრომა, ზოგჯერ გაფუჭდება საქმე, მაგრამ ზოგჯერ აუცილებლად კარგი გამოვა. ის, რაც ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, საკმაოდ რთულია მეორე მხრიდან, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე თავად შექმნა და თავად აკეთო ის საქმე, რომელიც გიყვარს. მე მჯერა, რომ ყველაფერი გამოვა და კარგად იქნება. ვფიქრობ, ეს მოტივი ბევრ ადამიანს დაეხმარება, იყოს სტარტაპერი, ინოვატორი და შექმნას ქართული პროდუქტი. ჩვენ, როგორც ჩვენი საკუთარი თავების, ასევე ქვეყნის მომავალიც ვართ. ამიტომ მნიშვნელოვანია, შევქმნათ თავად და მივიღოთ ორმაგი სარგებელი.
ნინია მედულაშვილი