"ჩემი ცოლის დაქალები" უკვე ქართველი მაყურებლისთვის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. სერიალში ნებისმიერი ასაკის, სქესისა და ხასიათის ადამიანს შეუძლია საკუთარი თავის ამოცნობა, რაც სიუჟეტს ძალიან საინტერესოს ხდის.
ცოტა ხნის წინ სერიალს ახალი პერსონაჟი შეემატა. ქრისტინე ქალთევზაშვილი მდიდარი ბიზნესმენის შვილია. მის როლს ახალგაზრდა მსახიობი - ანა ჯავახიშვილი ასრულებს.
ანა პროფესიით მსახიობია და როგორც აღმოჩნდა, 3-ჯერ იყო სერიალის ქასთინგზე, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოარგეს როლი. წარუმატებელი მცდელობების შემდეგ ანას, როგორც იქნა, როლი დაუმტკიცეს. მსახიობი რეალურ ცხოვრებაში თავისი პერსონაჟისგან სრულიად განსხვავებული ტიპაჟია. ის სკეპტიკურადაა განწყობილი სპონტანური გადაწყვეტილებების, თავგადასავლების მოყვარული ქრისტინესა და სანის მიმართ. ანას შეყვარებულიც მსახიობია და ისინი ამერიკაში ერთად წასვლას გეგმავენ.
- პროფესიით მსახიობი ვარ, ვსწავლობ თეატრალურ უნივერსიტეტში, დრამის ფაკულტეტზე. გადაღებებისა და რეპეტიციების გამო თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს.
- “ჩემი ცოლის დაქალებში" როგორ მოხვდით?
- მითამაშია არაერთ ქართულ და უცხოურ პროექტში. "ჩემი ცოლის დაქალების" ქასტინგზე დაახლოებით 3-ჯერ ვიყავი. ვერც ერთი როლი ვერ მოვირგე, ზოგს ასაკით არ შევეფერებოდი, ზოგს ვიზუალურად… ბოლოს, გამოჩნდა როლი, დამირეკეს და გავიგე, რომ დამამტკიცეს ქრისტინე ქალთევზაშვილის როლზე.
-სერიალში მონაწილეობის შემდეგ რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?
- განსაკუთრებით არაფერი შეცვლილა… ერთადერთი, რაც შეიცვალა - ქუჩაში უფრო ხშირად მცნობენ (იცინის).
- როგორია “ფორმულა კრეატივის" ჯგუფთან თანამშრომლობა?
- სიმართლე გითხრათ, თავიდან რთული იყო, თუმცა დროთა განმავლობაში დავმეგობრდით. სასიამოვნოა მათთან ურთიერთობა.
- თქვენს პერსონაჟზე, ქრისტინეზე, ან ქრისტინესა და სანის წყვილზე რას ფიქრობთ?
- ბევრს არაფერს, თავქარიანი ბავშვები არიან და სპონტანურად მოქმედებენ. ვფიქრობ, ჩაღრმავება საჭირო არაა.
- ქრისტინეს პერსონაჟი გგავთ რამით?
- არა, არანაირად.
- სამომავლო გეგმებზე რას იტყვით?
- პირველ რიგში, უნივერსიტეტის დამთავრებაზე ვარ ორიენტირებული. სამომავლოდ ამერიკაში წასვლა მინდა, ჩემს შეყვარებულთან ერთად. ისიც მსახიობია და ერთად წასვლას ვგეგმავთ.
მერიემ კაკაურიძე