მარინა ბერიძე ვაკეში, ცენტრალურ გამზირზე ცხოვრობს. ერთი მხრიდან მისი სახლი ჭავჭავაძის გამზირს გადასცქერის, მეორე მხრიდან კი - ვერეს ხეობას.
ქალბატონი მარინას კორპუსი თანამედროვე დიზაინითა და პირობებით აღჭურვილი სამშენებლო კომპლექსის ნაწილია. შეხვალთ თუ არა სადარბაზოში, ქართული რეალობისთვის უჩვეულო გარემო დაგხვდებათ: სავარძელი მოსასვენებლად, დიდი, ლამაზყვავილებიანი ქოთნები და სარკე, რომელსაც ალბათ ყველაზე ხშირად სელფისთვის იყენებენ. ამასთან, კორპუსს იმდენად კომფორტული ლიფტები აქვს, ჩემნაირი მშიშარა ადამიანიც კი უშფოთველად ავედი მაღალ სართულზე.
- ამ ბინაში 2013 წელს გადმოვედი, მანამდე სოლოლაკში, ბევრად უფრო კარგ და დიდ ბინაში ვცხოვრობდი, სადაც 50 კვ.მ ფართობის მხოლოდ ვერანდა მქონდა თავისი ჰამაკით, თბილისური ეზოთი და ურთიერთობებით... მყავდა მეზობელი სედა, გამყიდველი რიტა, იყო გადაძახილები: “ამომიტანე პური”, “სიგარეტი გამითავდა, ამომაწოდე”, ყავას ვსვამდით ხეებით დაბურულ ეზოში... მოკლედ რომ ვთქვა, თბილისურ ეზოში გავატარე მნიშვნელოვანი წლები, მაგრამ ცხოვრება უცნაური რამეა და მოხდა ისე, რომ 2013 წლიდან უკვე აქ ვცხოვრობ. ბინის ყიდვის საკითხი რომ დადგა, ბევრი არ მიფიქრია, ჩემი შვილი ცხოვრობს პირველ სადარბაზოში და მისი დიდი სურვილი იყო, რომ მასთან ახლოს ვყოფილიყავი.
მარინა ბერიძე: "თუ შვილი კარგად არ გაზარდე, არაფერს აზრი არ აქვს"
ვაკე სოლოლაკის შემდეგ
...სოლოლაკში ძველი თბილისური მეზობლობა, ურთიერთობები შემორჩენილია, ვაკეში ამ მხრივ ცოტა „სიცივეა“. სოლოლაკში დავიბადე და გავიზარდე, ხომ წარმოგიდგენია, ეს რას ნიშნავს?! ვიცნობდი და მიცნობდა ყველა, იქ ისე გავდიოდი მაღაზიაში, როგორც სახლში ვიყავი და ამის პრობლემა არ მქონდა, აქ კი პურზეც რომ გავიდე, უნდა მოვწესრიგდე, გამოვეწყო, რადგან შეიძლება დიდი მანძილის გავლა მომიხდეს ელემენტარული რამისთვის, „უცხოდ“ ვარ მაინც.
რემონტი
...ბინაში რომ შემოვედი, შავი კარკასი იყო და მაშინ მივხვდი, ძალიან ცუდად იყო ჩემი საქმე - ეს გახლდათ სამოთახიანი, პატარა ფართის ბინა, სადაც სხვა ჩემთვის აუცილებელ და საჭირო ნივთებთან ერთად არ მეტეოდა როიალი. ეს რას ნიშნავს ჩემთვის, ალბათ წარმოგიდგენია. მაგრამ ჩემმა მეგობარმა, ძალიან კარგმა არქიტექტორ-დიზაინერმა მარიკა ცაგარელმა მითხრა, შენ წადი, მე მივხედავ ყველაფერს და კომპიუტერში გაჩვენებო. დავუჯერე, დარჩა აქ და გარკვეული დროის შემდეგ ასეთ მდგომარეობაში დამახვედრა ბინა. ახლა მაქვს ერთი საძინებელი, მისაღები და სამზარეულო. ეს კი ჩემთვის სრულიად საკმარისია, იმიტომ, რომ ვცხოვრობ მარტო. რემონტთან დაკავშირებით ერთი კარგი ისტორია გამახსენდა: ამ კორპუსში ძირითადად შეძლებული ოჯახები ცხოვრობენ, მე ძალიან ჩვეულებრივი, ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საშუალო დონის რემონტი გავაკეთე. უკვე აქ ვცხოვრობდი, როცა ჩემმა ერთ-ერთმა მეზობელმა დაიწყო სარემონტო სამუშაოები და საქმე ცოტა უცნაურ „პრარაბს“ ჩააბარა, რაღაცნაირი, „არტპრარაბი“ იყო (იცინის). ერთ დღეს ამ „არტპრარაბმა“ მითხრა, ძალიან მაინტერესებს თქვენი სახლი და თუ შეიძლება, დავათვალიერებო. რა თქმა უნდა, შემოვიყვანე. მოიარა, დაათვალიერა და ბოლოს მეუბნება, - კი, კარგია, არტბინაა, ოღონდ იაფიანიო (იცინის). მერე შემიყვანა იმ სახლში, რომელსაც აკეთებდა და მივხვდი, რომ 3 წუთსაც ვერ ვიცხოვრებდი იმ ძვირად ღირებულ ბინაში. ვთვლი, რომ სახლი მცხოვრების შინაგან სამყაროს გამოხატავს და გაჩვენებს. მაქსიმალურად ვეცადე, ის მუხტი, აურა, სიმყუდროვე და გარემო, რაც სოლოლაკში მქონდა, აქ გადმომეტანა და ალბათ ამიტომაც ჩემი მეგობრები ამბობენ ხოლმე, მარინამ სოლოლაკის შემცირებული ვარიანტი გააკეთაო. დოი კი ამ სახლს სოლოლაკის მოკლე შინაარსს ეძახის (იღიმის). მინდოდა, ყოფილიყო ის შეგრძნება, რომ მარინა სადღაც კი არ წავიდა, ისევ თავის სივრცესა და გარემოშია, მგონი გამომივიდა (იღიმის). განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები