არსებობა, უბრალოდ, მინიმუმამდე დაყვანილი ცხოვრებაა, რომელიც მხოლოდ ძილით, ჭამით და უბრალო ყოფით აისახება.
ცხოვრება კი გრძნობების, ემოციების, წარმატების, წარუმატებლობის, გამარჯვების, დამარცხების, სიყვარულის, იმედგაცრუების, სიხარულისა და ზღვა ემოციების მთელი ნაირსახეობაა - ამბობს მოდელი და ტელეწამყვანი ნინი გოგიჩაიშვილი, რომლისთვისაც ცხოვრების აზრი მხოლოდ ბედნიერებაშია.
- ცხოვრების ამ ეტაპზე თავს რა ასაკში გრძნობ?
- 18-19 წლის ასაკში მგონია საკუთარი თავი.
- მომთმენი ხარ? შეგიძლია წარუმატებლობა და დამარცხება ისე მოითმინო, რომ ეს ვერავინ შეგატყოს?
- წარუმატებლობის მოთმენა ცხოვრების თანმდევი მოვლენაა. ეს არც ისე ცუდია, რადგან ამ მომენტში უფრო მეტად გწყურია წარმატება, აფასებ მას და როდესაც მიაღწევ, მორიგი წარმატება ბევრად უფრო "გემრიელია". ამიტომ უფრო ცუდია, არასოდეს გამოსცადო ის. წარუმატებლობა დეპრესიაში არასდროს მაგდებს და შესაბამისად, ამას ვერც ვერავინ მატყობს.
- შენ ყოველთვის იმას აკეთებ, რაც მოგწონს თუ ირგვლივ მყოფების აზრსაც ითვალისწინებ?
- შეუძლებელია ადამიანმა მუდმივად აკეთოს ის, რაც მხოლოდ თავად მოგწონს. ვფიქრობ, ეს დიდი ეგოიზმია, რადგან ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველას სხვადასხვა რაღაც ხდის ბედნიერს. თუმცა, ჩვენი შეცდომა ალბათ ის უფროა, რომ გვავიწყდება, ცხოვრება ხანმოკლეა და მეტ დროს ბრაზსა და სიძულვილს ვუთმობთ, რაც ცხოვრების ბედნიერ წუთებს გვპარავს. ჩემი აზრით, მთავარია, არასოდეს შევწყვიტოთ სწავლა, რათა ჩვენი თვალთახედვის არე უფრო მრავალფეროვანი გახდეს.
- რომ გქონდეს შანსი, შეცვალო მხოლოდ ერთი დეტალი შენს ცხოვრებაში, რას შეცვლიდი?
- გავიცნობდი ჩემს დიდ ბებო შურას. მადლობა ღმერთს, მეორე დიდ ბებოს მოვესწარი.
- რა ტიპის სამსახური გაგხდიდა ბედნიერს?
- სადაც მექნებოდა მოწყენილი და ცხოვრებისგან დათრგუნული ადამიანების გაბედნიერების საშუალება, სადაც შევძლებდი მათზე ზრუნვას და ყურადღების მიქცევას... მოკლედ, ფსიქოლოგი ვიქნებოდი.
- ყოველთვის იმას აკეთებ, რისიც გჯერა?
- რისი გაკეთებაც უნდა დავიწყო, მჯერა, რომ შევძლებ. მაქვს რწმენა, ვდებ დიდ მონდომებასა და შრომას... მუშაობის პროცესში შეიძლება ორჭოფობა დავიწყო და დავუსვა საკუთარ თავს კითხვა: რისთვის ვაკეთებ ამას? თუმცა დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიმყავს.
- რას შეცვლიდი იმისთვის, რომ უკეთესად გეცხოვრა?
- ყოველთვის ვცდილობ, წვრილმანებს ყურადღება არ მივაქციო, ვიყო მადლიერი იმ ყველაფრით, რაც მაქვს, გავატარო მეტი დრო ჩემს ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან, ვიფიქრო არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ გარშემო მყოფებსა და მათ გრძნობებზე.
- რამდენად აკონტროლებ ყველა იმ მოვლენას, რაც შენ ირგვლივ ხდება?
- კონტროლი ყველა ურთიერთობაში და ზოგადად, ცხოვრებაში ენერგიისა და დროის ფუჭი კარგვაა, რადგან ჩვენზე ბევრი რამ არ არის დამოკიდებული... თუმცა, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ დამოკიდებულება სიტუაციის მიმართ. ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვანია. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ნერვები უაზრობას არ შევწიროთ. გაგრძელება