"აუცილებლად უნდა ვიდავოთ გემოვნებაზე! გემოვნებიანი ადამიანები და საზოგადოება დავობს გემოვნებაზე! მე რომ ვამბობ, გემოვნებიანია-მეთქი, ეს არ ნიშნავს, რომ მე არ მეშლება.
უნდა განვმარტო, რატომ მივიჩნევ ასე. ცივილიზებული საზოგადოება შეთანხმებულია, რას რატომ არქმევს ამა თუ იმ სახელს" ... - ამბობს ცნობილი მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი, რომელიც ამჯერად ჩვენი რუბრიკის - "გემოვნება" - სტუმარია...
- პატარა ასაკიდან რომელი მწერლები და წიგნები იყო თქვენთვის განსაკუთრებულად საყვარელი?
- პატარაობაში ძალიან მიყვარდა ქართული ხალხური ზღაპრების მოსმენა. თუ არ წამიკითხავდნენ, არაფრით მეძინებოდა. მრავალშვილიან ოჯახში ვიზრდებოდი, ხუთი დედმამიშვილი ვიყავით და გაყოფა ხდებოდა: ნაწილს დედისთვის უნდა მოესმინა და ნაწილს - მამისთვის... ეს იმ ასაკში იყო, როდესაც მოსმენა გინდა, ძილმა რომ "იავნანასავით" წაგიღოს... მე ჩვეულებრივი კი არა, გასაოცარი ბავშვობა მქონდა. გასაოცარი ბავშვობა მხოლოდ ფულმა და შესაძლებლობამ კი არა, გარემომ იცის! ოჯახში დაგუბებულმა საინტერესო ურთიერთობებმა, რომელიც სავსეა სიყვარულით. შეიძლება ქალსა და მამაკაცს ერთმანეთი უყვარდეთ, მაგრამ რუტინული ცხოვრება ჰქონდეთ. ჩემს მშობლებს ულამაზესი და საქმით განმტკიცებული ურთიერთობა ჰქონდათ! მხოლოდ ჩემი ოჯახი არ იყო ამ თვალსაზრისით მაგალითი. სოფელში, სადაც გავიზარდე, ყველა ოჯახში სულ მცირე, სამი და მაქსიმუმ ხუთი ბავშვი იზრდებოდა. ამიტომაც უბანში დაახლოებით სამოცდაათი-ოთხმოცი ბავშვი ვიყავით... სკოლაც საინტერესო იყო. მაშინ ასეთი ანომალიური, აგრესიული, დაძაბული და შეშინებული სკოლა არ არსებობდა! არც საზოგადოება!.. კომუნიზმის პერიოდში ჩავაბარე და გავიარე ჩემი ახალგაზრდობის საუკეთესო წლები. ჩემს ბავშვობას წყობა და პოლიტიკა არ ეხებოდა, განსხვავებით ჩემი მამისგან, რომელიც სამამულო ომის მონაწილე იყო და საკუთარ თავზე ჰქონდა ყველა ის უბედურება გადატანილი, რომელიც კომუნიზმს ახლდა... ომში ბუდაპეშტში ტყვედ ჩავარდა და იქ გადაარჩინა ქალმა, რომელსაც ლაურა ერქვა. ჰოდა, მის პატივსაცემად დამარქვეს ეს სახელი... მოკლედ, მე ვარ ლაურა და ძალიანაც კარგი! ვფიქრობ, ეს სახელი მიხდება! თქვენ წიგნებზე დამისვით შეკითხვა და მოგახსენებთ, რომ სახელის - ლაურას გამო ვეზიარე პეტრარკას. ამ გენიალურ პოეტს აბსტრაქტულად უყვარდა ქალი, რომელსაც ლაურა ერქვა. მერე სულ ვამბობდი, პეტრარკას ლაურა ვარ-მეთქი...
აუცილებლად უნდა ვიდავოთ გემოვნებაზე! გემოვნებიანი ადამიანები და საზოგადოება დავობს გემოვნებაზე! ეს რომ ასე არ იყოს, კრიტერიუმები არ შეიქმნებოდა...
მსურს, ისევ წიგნებზე ვისაუბრო: როდესაც წამოვიზარდე, სათავგადასავლო ნაწარმოებები მომწონდა და შემდეგ დიდი პაუზა მქონდა. მეათე კლასიდან ისევ მივუბრუნდი. თუმცა, როდესაც წიგნს სერიოზულად უნდა ეზიარო, ამაზე არც სკოლამ და არც ოჯახმა არ მიმითითა. ამიტომაც სერიოზულად კითხვა დავიწყე, როდესაც მიშა თუმანიშვილის ჯგუფში მოვხვდი. მან რომ ნახა, წიგნებიდან რა მწირი მქონდა განათლება მიღებული, ჩამომიწერა, რა უნდა წამეკითხა, რა უნდა მცოდნოდა აუცილებლად... ახლა უამრავ მწერალზე შემიძლია ვისაუბრო, თურქი ნობელიანტის - ფამუქის ჩათვლით. ევროპული და ამერიკული ლიტერატურის გაცნობაზე ახლაც არ ვამბობ უარს...
- სამოგზაუროდ რომელი ქვეყნებია თქვენთვის უფრო მიმზიდველი, ისტორიული წარსულის მქონე თუ მეგაპოლისები?
- ვყოფილვარ ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ევროპის ქვეყნებში... მაშინაც ვამბობდი, რომ ლონდონი სამყაროს მამაა და პარიზი - დედა... წარმოუდგენელია იმ ყველაფერმა გრანდიოზული შთაბეჭდილება არ მოახდინოს... რუსეთიც კარგად ვიცი, მოსკოვში ბევრჯერ გვქონდა გასტროლი, მაგრამ არაფერი მახსოვს: რაღაც რუხი, ერთი ფერის იყო ყველაფერი...
- პეტერბურგი ხომ ლამაზი ქალაქია?
- პეტერბურგი უდავოდ ულამაზესია, იქ აბსოლუტურად სხვა არქიტექტურაა, მაგრამ მე პარიზმა უფრო მეტად მომხიბლა, მიუხედავად იმისა, ქუჩაში რომ მივდიოდით, ძალიან ლამაზი სახლიდან ხმაური მოგვესმა და როცა ავიხედეთ, წიგნებს ისროდნენ... პეტერბურგში კი ქუჩაში რომ მივდიოდით, - თუმანიშვილის თეატრი მოდისო და უძვირფასესი წიგნებით დაგვასაჩუქრეს. ეს კადრები არსებობს მიშა თუმანიშვილის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში...
- ბევრი მოგზაურობიდან, ალბათ, საინტერესო თავგადასავალიც გაქვთ...
- მახსოვს, ბოინგით მივფრინავდით, 18 საათი უნდა გვეფრინა... მოგზაურობის დროს ძილი არაფრით შემიძლია, იქ კი ყველამ გადაიკრა თვალებზე შავი და მშვიდად ეძინათ... მათი სიმშვიდის მშურდა. ყოველ ნახევარ საათში შემოდიოდა ქალბატონი და გვასწავლიდა, თუ როგორ უნდა გადაგვერჩინა თავი, თვითმფრინავი თუ ოკეანეში ჩავარდებოდა და ამ დროს ეკრანზე ჩანდა, რომ ოკეანის თავზე მივფრინავდით... საბედნიეროდ, ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანე და ამან გადამარჩინა: ილუმინატორთან შეუხედავი ქალი იჯდა, ნაყვავილარი სახით, დაკუნთული ფეხები და პატარა კოტიტა ხელები ჰქონდა... დავხედე და ხელის ყველა თითზე ბეჭედი ეკეთა. ავდექი და ახლოს მივედი, კარგად რომ შემეხედა ბეჭდებისთვის. წარმოიდგინეთ, ფეხის თითებზეც ბეჭდები ეკეთა... მოვახერხე, რომ ადგილი გამეცვალა და ამ ქალის გვერდით დავმჯდარიყავი. ამ ქალმა მითხრა, - სარეკლამო აგენტი ვარ, ქვეყნიდან ქვეყნებში სამკაულები დამაქვს და რომ ჩავალთ, დაცვა დამხვდებაო... იღბლად, კაბა მეცვა და კაბის კალთაში ჩამიყარა სამკაულები, რომელიც იქვე პატარა ტომსიკით ედო. არც გამიგია, როგორ გავიდა 18 საათი. მე ხომ ვგიჟდები სილამაზეზე. ვუყურებდი ამ ნაკეთობებს და ვფიქრობდი, რა ბედნიერია ის, ვინც ამას იყიდის-მეთქი... ულამაზესი ნივთები იყო! მე ინგლისური ენა კარგად არ ვიცოდი და მის ნათქვამს ერთი გოგონა მითარგმნიდა... ამ ქალმა მითხრა, საბჭოთა კავშირიდან მოდიხარ და შემთხვევით, პატარა ლალისთვალი ხომ არ გაქვსო?.. სერიალის სიუჟეტს ჰგავს, მაგრამ სინამდვილე ის იყო, რომ გავხსენი ჩანთა და უძველესი, გაცვეთილი ოქროს ბეჭედი ამოვიღე, პაწაწინა ლალის თვლებით, რომელიც ალბათ, ჩემი ბებიის ბებიის ნაქონი იყო. ზუსტად ის აღმომაჩნდა, რაც მთხოვა. ამ ბეჭედში რვა ბეჭედი მომცა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! ბეჭდები დიდი რუდუნებით ჩამოვიტანე და არ ვიკეთებდი იმის შიშით, არ დამეკარგოს-მეთქი... წაიკითხეთ სრულად

"აივანზე მეც დავძვრებოდი, როცა მიყვარდა ... " - როგორი გოგონები მოსწონს “სანის?“