19 წლის თვითნასწავლი მხატვრის, ანდრო ვეკუას ემოციური ნახატები სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ინსპირაციის წყარო ნატურის თვალებია, პორტრეტების თვალებიც მნახველს თავიანთ ამბავს უამბობენ, რომელთა შემხედვარე ძნელია, გულგრილი დარჩე.
ანდრომ თავისი შემოქმედებისა და სამომავლო გეგმების შესახებ marao.ge-სთან ისაუბრა:
- ჩემთვის ხატვა მეტია, ვიდრე უბრალოდ გატაცება ან ჰობი. ბავშვობიდან ვხატავ. სულ მიყვარდა ჩანახატების გაკეთება. შემდგომში უკვე პორტრეტის ხატვაზე გადავედი. დაახლოებით 15–16 წლის ასაკში ვამჩნევდი, რომ კარგად გამომდიოდა და მთელ ჩემს დროს ხატვას ვუთმობდი. ყოფილა შემთხვევა, 8 საათი მიხატია შეუჩერებლად. ჩემი მომავალი პროფესია არქიტექტურა - ხატვასთან ახლოსაა, თუმცა მაინც უფრო მხატვრობისკენ ვიხრები და ჩემი თავი ამ სფეროში წარმომიდგენია.
- გამოფენა თუ გქონია ან გეგმავ?
- ორ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. სამომავლოდ, რა თქმა უნდა, ვგეგმავ გამოფენებს, პერსონალურსაც და მეგობარ მხატვრებთან ერთადაც. მხოლოდ ერთი ნახატი მაქვს გაყიდული, მიზერულ ფასად.
- საქართველო და მხატვრობა...
- მოგეხსენებათ, ამ მხრივ საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალი დონეა, რაც ერთი მხრივ, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობითაა განპირობებული. ეს მხოლოდ მხატვრობას არ ეხება, ზოგადად, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ვერ მიაღწევ წარმატებას, თუ გავლენიანი ნაცნობები არ გყავს (უმეტესწილად). სიმართლე გითხრათ, ჩემი სამომავლო გეგმები საზღვარგარეთს უკავშირდება, თუმცა მინდა, რომ მხატვრობის განვითარებაში საქართველოშიც შევიტანო ჩემი წვლილი.
-შთაგონებას საიდან იღებ? რაიმეს შესაქმნელად ძლიერი ემოციაა საჭირო. რატომღაც ითვლება, რომ ეს ემოცია უარყოფითი უნდა იყოს, ცნობილი ფრაზაა "art never comes from happiness". შენს შემთხვევაში როგორაა?
- შთაგონების წყარო, ე.წ მუზა, ეს ისეთი თემაა, შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო, მაგრამ ვეცდები, უფრო მოკლედ და კონკრეტულად აგიხსნათ ჩემი პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში.
ძირითადად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვმოძრაობ და აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრ ადამიანს ვხედავ დღის განმავლობაში. ვხედავ მათ ყოველდღიურ ცხოვრებას. ზოგი ძალიან გახარებულია, უმეტესობა კი - ძალიან ნაღვლიანი. შეიძლება ადამიანი მალავდეს საკუთარ გასაჭირს და შინაგან უბედურებას, მაგრამ მის სახეზე მაინც აღიბეჭდება ყველაფერი, განსაკუთრებით, თვალებზე. თვალები ხომ „სულის სარკეა“. მინდა მოვიშველიო ოტია იოსელიანის სიტყვები: „არავინ იცის, ადამიანები გულწრფელად როდის ტირიან ან იცინიან, მაგრამ ვინც დარდისგან გასიებულ ცრემლებს ჩუმად ყლაპავს, გწამდეთ, მეგობრებო, ის მართლა ტირის". მათი თვალების მეშვეობით სწორედ ამ „ჩაყლაპულ ცრემლებს“ ვხედავ და მათი ემოცია გადმოდის ჩემში. შემდეგ კი დღის მანძილზე დაგროვილი განცდები ქაღალდზე გადამაქვს. მართალია, მე ჰიპერრეალიზმის სტილში ვხატავ, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, ჩემი ნამუშევრებიდან არც ერთი არ ჰგავს ორიგინალ ფოტოს. სწორედ ის „გადაცდომა“ არის იმ ემოციების ასე ვთქვათ "ლაქა", რომლითაც ვიმუხტები ყოველდღიურად.
მარიამ ელიაშვილი