„ძნელია დაიჯერო, რომ ამ საქმეში ადამიანის ხელი ერიოს, არადა, ადამიანმა დახატა!"
- ასეთ ემოციებს იწვევს მნახველში „თანამედროვე გრაფიკული ხელოვნების მეტრის“, ქუთაისში დაბადებული ხელოვანის, გურამ დოლენჯაშვილის ნახატები, რომელიც 20 წელზე მეტია საზღვარგარეთ მოღვაწეობს. გრაფიკოსმა 1968 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1969 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში; მის თემატურ ციკლებად გაერთიანებულ ნამუშევართაგან აღსანიშნავია: "იმერეთის პეიზაჟი", "ჩემი სამშობლო", ომისა და მშვიდობისადმი მიძღვნილი სერიები – "გაფრთხილება", "განგაშის ზარები"; მისი ნამუშევრები ინახება საზღვარგარეთის ქვეყნების სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო პირთა კოლექციებში.
- „ფანქრის ჯადოქარი“, „თანამედროვე გრაფიკული ხელოვნების მეტრი“ - ასე აფასებენ თქვენს შემოქმედებას. თქვენ თავად როგორ შეაფასებთ თქვენს ნახატებს?
- დიდი ხნის წინათ, 1988 წელს პერსონალური გამოფენა მქონდა თბილისში, მხატვრის სახლში და მაშინ უცნობმა ახალგაზრდა ქალიშვილმა ნანამ დამიწერა: “საშინლად მომინდა სოფელში ყოფნა“. მას შემდეგ ამ ოთხმა სიტყვამ განსაზღვრა ჩემი შემოქმედების ძირითადი მიმართულება. ეს არის ჩემი მშობლიური იმერეთი. მას არ შევუქივარ, როგორც მხატვარი და არ უთქვამს მაღალფარდოვანი სიტყვები. ჩემმა დათოვლილმა იმერულმა ბეღელმა და ნალიამ მოანდომებინა სოფელი, იქ ყოფნა... ამაზე დიდი შექება ჩემთვის არ არსებობს.
ამიტომ შემდეგ წლებში, როდესაც ჩრდილოეთში მოგზაურობის დიდი სერიები დავასრულე და სხვა თემებზე მუშაობა, საერთოდ ყველაფერი გვერდზე გადავდე და იმერეთის სოფლებში ხეტიალი და მასალების შეგროვება დავიწყე.
კარგად არ მესმის, ხელოვანმა როგორ ან რატომ უნდა შეაფასოს თავისი ნაწარმოები. საბედნიეროდ, ამისთვის არსებობენ ხელოვნებათმცოდნეები და რაც მთავარია, უბრალო, ჩვეულებრივი ხალხი. მათი ემოცია, მათი განწყობა...
ჩემს ნახატებს მე ვერ შევაფასებ. ყველაზე კარგი შემფასებელია დრო! ვნახოთ, ასი-ორასი წლის შემდეგ რა მოხდება. თუ შემორჩა ისტორიას, ესე იგი, კარგი და ღირებული ყოფილა.
- რა ასაკიდან გამოხატეთ ხატვის მიმართ ინტერესი? როდის მოვიდა პირველი წარმატება და აღიარება?
- საბავშვო ბაღში, ოთხი წლის რომ ვიყავი! ფერადი ფანქრებით ყველა ბავშვი ხატავს. უბრალო ფანქრის სიყვარული დღემდე მომყვება.
გაგრძელება + ფოტო

ნახატზე გადატანილი ჩაყლაპული ცრემლები და საოცარი პორტრეტები, რომლებიც თვალებით საუბრობენ