ეს ქოთქოთა დედამთილი რამდენიმე წელია სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" რძალ-დედამთილის თემაზე სალაპარაკოს არ ულევს მაყურებელს.
მედეა ლორთქიფანიძემ ხალხის დიდი სიყვარული გამოჩენისთანავე მოიპოვა. როგორია "მანანა დეიდას" რეალური ცხოვრება, როგორი რძალი იყო თავად და როგორ გრძნობს თავს სიდედრის ამპლუაში?
- ბოლო დროს შეუძლოდ გავხდი, გული ძალიან მაწუხებდა და ამ სერიებში აღარ ვჩანვარ... რატომღაც რძლებს ჰგონიათ, რომ ფილმში ცუდი დედამთილი ვარ! კაცო, ვასმევ, ვაჭმევ, ოჯახს თავზე ვარ გადაყოლილი და კიდევ ცუდი დედამთილი რატომ ვარ, ამიხსენით?! უნიჭიერესი ქალია ქეთი დევდარიანი. მას თითქმის საერთოდ ვერ ვხედავთ. მოგვაყრის ხოლმე გამზადებულ სცენარს და თვითონ არ ჩანს... რომ ვეკითხებით, მომავალ სერიაში რა გვექნებაო, არ ვიცი ჯერო, გვეუბნება...
- რეალურ ცხოვრებაში ჰგავხართ თქვენს გმირს?
- რეალურად კიდევ უფრო რბილი ხასიათის ვარ! ჩემი სიძისთვის ცხოვრებაში ხმამაღალი სიტყვა არ მითქვამს. ქალი დავბერდი და ჩემს ცხოვრებაში არავისთან მიჩხუბია. ჩემი შვილის ამხანაგები ჩემი მეგობრები არიან. გაბრაზებასაც კი ვერ ვახერხებ და ხანდახან ვფიქრობ, ნეტავ ხომ კარგად ვარ-მეთქი. შეიძლება რაღაც მწყინს კიდეც, მაგრამ მერე არც მახსოვს, რა მოხდა და როგორ იყო... ჩემთან დილით რომ შემოხვიდეთ, ყავას ვსვამთ მთელი სამეზობლო და ვლაპარაკობთ.
- ოჯახი როგორ შექმენით, სად გაიცანით თქვენი მომავალი მეუღლე?
- ჩემი მეგობარი ავად გახდა და მას საავადმყოფოში წავყევი. იქ პროფესორი რომ შემოვიდა, ისე ამხედ-დამხედა, მივხვდი, რომ მოვეწონე. ტუჩები გააწკლაპუნა და ეტყობოდა, ინტერესით რომ მიყურებდა... ოჯახი მალევე შევქმენით. მერე გავხდი გიჟი დედა და გადარეული ბებია...
ჩემი შვილიც მე დამემსგავსა. ყოველდღე უნდა მოვიდეს და მინახულოს. პატარა ბავშვივით მექცევა. ახლაც იმისთვის იყო მოსული, რომ მსხალი მოეტანა. ღამღამობით მსხალს ვჭამ, რომ არ გადავიტვირთო და ეს რომ გაიგო, სულ მოაქვს.
- დღეს როგორ იხსენებთ ემოციას, როცა დედა გახდით?
- დიდად არაფერი ემოცია მქონია, ტყუილს ვერ გეტყვით! მაგ დროს ისეა ქალი ტკივილებისგან დატანჯული, თავ-ბედს იწყევლის... სიხარულს მერე გრძნობ, სამშობიაროდან რომ წამოხვალ. მანამდე იწყევლები, ვინც გათხოვება და ბავშვის გაჩენა ინატროს; ჩემი ქმარი რომ ახლოს მყავდეს, მოვახჩობდიო და ეგეთები... მერე გადაგივლის ბრაზი, საერთოდ გავიწყდება ტკივილები და ისევ თავიდან იწყებ ყველაფერს... უდიდესი სიხარული და სიყვარული მოდის შვილის და ჩვეულებრივი გიჟი ხდები. ასევეა შვილიშვილიც. ჩემი პირველი შვილიშვილი რომ დაიბადა, 40 დღე ხელიდან არ გამიშვია. წაიკითხეთ სრულად + ფოტო