რუსუდან მუმლაძის მუსიკალური კარიერა 3 წლის ასაკიდან იწყება. მისი შემოქმედებითი გზა ისეთ ხელოვანებს უკავშირდებათ, როგორებიც იყვნენ:
კომპოზიტორი ეთერ ჭელიძე, მუსიკათმცოდნე ევგენი მაჭავარიანი, კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე, სულხან ნასიძე და სხვა არაერთი გამოჩენილი ხელოვანი. მუსიკოსმა კარიერასა და ოჯახზე ჟურნალ "რეიტინგთან" ისაუბრა.
- მოგვიყევით, როგორ დაიწყო თქვენი მუსიკალური კარიერა?
- ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება სამი წლიდან დაიწყო. დედა მუსიკოსია და მოსწავლეებს სახლში ამეცადინებდა. მათი წასვლის შემდეგ კი მივიდოდი ფორტეპიანოსთან, ცალი თითით ვიმეორებდი მელოდიებს და თან ვმღეროდი. ამიტომ პიონერთა სასახლეში, შურა ჯანელიძესთან ვოკალურ ჯგუფში მიმიყვანა. კომპოზიტორი ეთერ ჭელიძე თავის საიუბილეო კონცერტისთვის მომღერალ ბავშვს ეძებდა, რომელიც მის სიმღერას შეასრულებდა. მოხდა ისე, რომ მე ამომარჩია. აი, ასე დავდექი პირველად დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე. სიმღერას „ოქროს საქანელა“ ერქვა. ასე უცნაურად შედგა ჩემი მუსიკალური დებიუტი. შემდეგ ეთერ ჭელიძემ მრავალი საბავშვო სიმღერა ჩემთვის შექმნა.
- შემდეგ როგორ განვითარდა თქვენი მუსიკალური კარიერა?
- 5 წლის ასაკში ჩემთვის ყველაზე მადლიანი წლები დაიწყო. სრულიად შემთხვევით, მეუფე თადეოზმა პატრიარქს მასტუმრა. მან მკითხა, ლექსს ხომ არ წავიკითხავდი. მე კი ვუმღერე. პატრიარქმა დედაჩემს სთხოვა, ჩემთვის საგალობლები ესწავლებინა და კვირაობით ტაძარში მეგალობა. იმ დღიდან, მისი ლოცვა-კურთხევით, ქადაგების შემდეგ ტაძრის ამბიონზე ვგალობდი. შობის დღესასწაულზე პატრიარქმა სახალხოდ თქვა : „რუსიკო ბეთლემიდან მოფრენილი ანგელოზია“. ჩემთვის დღემდე დაუვიწყარია ის შეგრძნება.
პირველი სიმღერა 8 წლის ასაკში დავწერე. ფორტეპიანოზე მუზიცირებასაც ვცდილობდი. სწავლა ნიჭიერთა ათწლედში, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საფორტეპიანო ფაკულტეტზე გავაგრძელე. ვმონაწილეობდი რადიო-სატელევიზიო მუსიკალურ გადაცემებსა და კონცერტებში. მაშინ კომპეტენტური მუსიკოსების საბჭო არსებობდა. დღეს მუსიკალური ცენზურა არ არსებობს, რამაც სამწუხაროდ, მსმენელში, არაპროფესიონალური, მდარე მუსიკის პოპულარიზაცია გამოიწვია. გაგრძელება