ავტო და მოტოსპორტი მამაკაცურ საქმიანობად ითვლება, თუმცა სპორტის ამ სახეობას საქართველოში სამი მიმდევარი ქალი ჰყავს, რომლებმაც სტერეოტიპები დაამსხვრიეს და დიდ გამარჯვებას მიაღწიეს.
სოფი ხოჯავა ძალიან წარმატებული დრიფტერია, ელენე (ლელე) ალაშვილი - მოტომრბოლელი, მაია გოშაძე კი - „ოფროუდერი“. სამივეს განსხვავებული სამყარო აქვს – ამაღელვებელი და ძალიან საინტერესო. მათ ადრენალინის, ექსტრემის, თავგადასავლებისა და როგორც თავად ამბობენ, „საბურავის სუნის“ სიყვარული აერთიანებთ...
ერთმანეთი შეჯიბრებებზე, რამდენიმე წლის წინ გაიცნეს. დღემდე მეგობრობენ და გულშემატკივრობენ ერთმანეთს. ღირსეულ კონკურენციას უწევენ მამაკაცებს ამ სფეროში და ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯებიან.
თვლიან, რომ ადამიანმა აუცილებლად უნდა აკეთოს საყვარელი საქმე, მაშინაც კი, თუ რუტინული სამსახური აქვს.
სოფი ხოჯავა მანქანას 12 წლიდან ატარებს. სამსახურიდან დაბრუნებულ მამას ჩუმად გასაღებს აცლიდა, რომ ღამღამობით მისი მანქანით ქუჩებში ეხეტიალა. როგორც თავად ამბობს, სისწრაფე ბავშვობიდან უყვარდა და ნელა ვერასოდეს ატარებდა. ავტოსპორტში მონაწილეობა დაახლოებით თერთმეტი წლის წინ - „დრაგით“ დაიწყო. მერე წყვილთა რბოლებსა და წრიულ რბოლაზე გადავიდა. მისი საყვარელი სახეობა კი „დრიფტი“ აღმოჩნდა. სოფის უამრავი ჯილდო და მედალი აქვს აღებული და სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ შეჯიბრზე ბევრჯერ გაუმარჯვია. მანქანას საკუთარი ხელითაც უკეთებს მოდიფიცირებას.
პროფესიით არქიტექტორია და ეს საქმეც ძალიან უყვარს. მას სამი სამსახური და საკუთარი ბარი აქვს, რომლის დიზაინზეც თავადვე იზრუნა. ჰყავს მეუღლე და რვა წლის შვილი. დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, სოფი მაინც ახერხებს, დრო საყვარელ საქმეს დაუთმოს. მისი აზრით, ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღე აკეთებენ იმას, რაც არ უყვართ, უბედურები არიან...
ლელეს „მოტოქროსი“ ბავშვობიდან იზიდავდა, მაგრამ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მოტოციკლი ეყოლებოდა და რბოლაში მიიღებდა მონაწილეობას. მისი მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ, რადგან თვლიდნენ, რომ მოტო „ხულიგნების ტრანსპორტი“ იყო. დიდი ბრძოლის შემდეგ ლელეს საკუთარი მოტოციკლი ჰყავდა. მოტოსკოლაში ისე მივიდა, რომ არავისთვის არაფერი უთქვამს. მართვის მოწმობა მეოთხე დღეს აიღო და მეგობრის მოტოციკლიც უპრობლემოდ გაატარა. ახლა წრიულ რბოლებზე აქტიურად და წარმატებულად ასპარეზობს. ქალაქში გადაადგილებისას, გრძელ ნაწნავს ქურთუკში მალავს, რადგან იმ მამაკაცების მძაფრი რეაქციები თავიდან აირიდოს, რომლებიც გოგო „ბაიკერს“ ხან გზას გადაუჭრიან, ხან ქუჩაში რბოლას უმართავენ.
მაია გოშაძე ერთადერთი „ოფროუდერი“ ქალია მთელ ამიერკავკასიაში, რომელიც სხვადასხვა შეჯიბრზე წარმატებით ასპარეზობს. იქ, სადაც მთავრდება გზა, იწყება OF ROAD! ეს უგზოობის სულია... არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასობით და ზოგჯერ ათასობით კილომეტრსაც გადიან, რომ მოხვდნენ იქ, სადაც ჭუჭყსა და ტალახს ყველაზე მეტი ფასი აქვს, სადაც ჰაერი ადრენალინით იჟღინთება და იწყება ბრძოლა დაბრკოლებების გადასალახად. „ოფროუდერები“ ჩადიან ტალახში, რათა ღირსეულად გამოაღწიონ იქიდან! „ოფროუდი“ არის სპორტის სახეობა ავტომოყვარულებისთვის, სადაც ხდება ავტომობილის და ეკიპაჟის (პილოტი და შტურმანი) გამოცდა. მას რამდენიმე სახეობა აქვს და შესაბამისად, შეჯიბრებებიც განსხვავებულია.