ბესტსელერად ქცეული წიგნის ავტორი ქალის ცხოვრება.
ძალიან მხიარული, თავგადასავლების მოყვარული, პოზიტიური, ლამაზი - კიდევ ათასი კარგი სიტყვის დაწერა მოგინდება, როცა ამ ადამიანზე იწყებ წერას... თეა ინასარიძე ჩემი კოლეგაა, მაგრამ მას უკვე იცნობენ არა მხოლოდ როგორც ჟურნალისტს, არამედ როგორც ბესტსელერის ავტორს. მისი წიგნი ყველა თაობის ადამიანისთვის საინტერესო საკითხავი აღმოჩნდა, რაც თავად მწერალსაც უკვირს. მადლიერია მკითხველების, მათგან ყოველდღიურად გრძნობს სიყვარულსა და სითბოს. დღე არ გავა, სოციალურ ქსელში სიყვარულით აღსავსე წერილი არ მიიღოს. ამას წინათ ერთ-ერთი "ფეისბუკმეგობარი" სწერდა: "მეგობრის ბებოა ერთი, 86 წლისაა. 4 სათვალე აქვს, ვერ ხედავს კარგად. თვეზე მეტია, მას აქვს ჩემი წიგნი "გათხოვილის დღიური" და კითხულობს. შემომჩივლა: აქ არავის სცალია, რომ წამიკითხოს, მე კიდევ, ვერ ვხედავ კარგად და დიდხანს ვუნდებიო. არა უშავს-მეთქი... ამ ბებოს მეზობელი ჰყავს, მისი დაქალი, თითქმის ერთი და იმავე ასაკის არიან. მისთვის უთქვამს, მე რომ წავიკითხავ, მერე გათხოვებ, კარგი წიგნიაო... წარმოიდგინე, მე როდის დამიბრუნებენ..."
- ალბათ, უცნაურია, მაგრამ მწერლობაზე არასოდეს მიოცნებია. ვერც იმას წარმოვიდგენდი ოდესმე, რომ წიგნის მაღაზიებში ჩემს წიგნს ვიხილავდი და ის ბესტსელერი გახდებოდა. ეს წარმატება ჩემთან მოულოდნელად მოვიდა. ბავშვობიდან მინდოდა, რეჟისორი გამოვსულიყავი და ჩემი დაწერილი სცენარების მიხედვით, საინტერესო ფილმები გადამეღო. სწორედ ამიტომ ჩავაბარე სარეჟისორო ფაკულტეტზე.
- წერა როდის დაიწყე?
- მოზარდობის პერიოდში დავიწყე. 90-იან წლებში, როდესაც არც ინტერნეტი იყო, არც კომპიუტერი, არც დენი და საერთოდ არაფერი... დრო რომ მომეკლა, სანთლის შუქზე ჯერ დღიურებს ვწერდი, ჩემს პატარა თავგადასავლებს, რომელსაც არავის ვაკითხებდი. რვეულში, კალმით ვწერდი და რომ გავავსებდი - ვაგდებდი. შემდეგ სცენარებზე გადავედი. პირველი ადამიანი, ვინც ჩემი ნაწერები წაიკითხა, ჩემი პირველი ლექტორი - ლევან კიტია იყო, რომელიც რეჟისურის საფუძვლებს მასწავლიდა. მახსოვს, მისაღებ გამოცდაზე დავალება მოგვცეს, უნდა დაგვეწერა "შვილისათვის მოსაყოლი ამბავი". მეც ავდექი და შავი კომედია დავწერე სათაურით: "როგორ ააფეთქა ბებიაჩემმა დედამთილი და დაწვა მამამთილი". იმ დღის შემდეგ დეკანატში "ტარანტინო" შემარქვეს (იღიმის). ვფიქრობ, წერის სპეციფიკური სტილი მაქვს. მიყვარს მოულოდნელი სვლები, სიუჟეტის ლაბირინთივით ჩახლართვა, ჩემი გმირები მუდამ რაღაც საიდუმლოს ძიებასა და თავგადასავლებში არიან. "გათხოვილის დღიური" ჩემი პირველი წიგნია, რომელიც თავიდან ბლოგის სახით, ეპიზოდებად იდებოდა საიტზე "მარაო.გე" და ძალზე პოპულარული იყო ინტერნეტსივრცეში. ეს გახლავთ ჩემი პირველი რომანი, რითიც საზოგადოების წინაშე წარვდექი. თუმცა, ვერც მაშინ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი პოპულარული გახდებოდა. მეტიც, ანონიმურობა ვარჩიე და ავტორის ვინაობა მხოლოდ რომანის დასრულების შემდეგ, ისიც მკითხველის დაჟინებული თხოვნის გამო გავამხილე. ოთხი წლის შემდეგ კი, გამომცემლობა "პალიტრა L"-მა "გათხოვილის დღიური" წიგნად გამოსცა და ერთ თვეში პირველი ტირაჟი გაიყიდა. დღემდე გაოცებული და უზომოდ ბედნიერი ვარ. დღე არ გავა, მკითხველის თბილი წერილი არ მივიღო სოციალურ ქსელში.
- შეგიძლია იმ მკითხველისთვის, რომელსაც შენი წიგნი ჯერ არ წაუკითხავს, გააკეთო განმარტება, თუ რაზეა "გათხოვილის დღიური"?
- წიგნში მოთხრობილია ახალგაზრდა დაოჯახებული ქალის ცხოვრების გარკვეული მონაკვეთის შესახებ. მას ორი პატარა შვილი ჰყავს და დიასახლისია. ერთხელაც აცნობიერებს, რომ რუტინამ მოიცვა და საკუთარი ინტერესები საერთოდ დაივიწყა. ხვდება, რომ აქტუალობა დაკარგა და ჭაობში იძირება. თუ არ გაცურავს, დაიხრჩობა. ამიტომ იწყებს ბრძოლას, რომ გაარღვიოს ჩაკეტილი წრე და საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს... პერსონაჟი ძალიან მხიარული, ნიჭიერი გოგოა და უყვარს თავგადასავლები. წიგნი გაჯერებულია იუმორით და სახალისო საკითხავია. ბევრსაც იცინებთ.
- როგორ ცხოვრობს ბესტსელერის ავტორი?
- ვარ ჟურნალისტი, ვმუშაობ "პალიტრა მედიაჰოლდინგში". ამჟამად, "მარაო.გე"-ს რედაქტორი გახლავართ. ძალიან მალე, მაისის დასაწყისში ჩემი მეორე წიგნი გამოვა. ეს გახლავთ დეტექტიური ჟანრის რომანი. მგონი, პირველი ქართული თრილერია, მისტიკის ელემენტებით... მყავს ორი შვილი: 10 წლის ნუცა და 12 წლის სანდრო.
ვაკეთებ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს და ამით ბედნიერი ვარ. ამბიციური არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ყველაზე მაგარი შეგრძნება, რაც მაქვს და რითიც ვამაყობ, ისაა, რომ ამ წარმატებას საკუთარი შრომით მივაღწიე... მჯერა, რომ როდესაც რაღაცას გულით აკეთებ, მოვა დრო და აუცილებლად დაგიფასდება. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სტიმული და ბედნიერებაა, როდესაც ამდენი მკითხველი გყავს, რომლებიც მოუთმენლად ელიან შენგან რაღაც ახალს... ჩემი გმირების მსგავსად, მეც სულ რაღაცის ძიებაში ვარ. განსაკუთრებით, მიტოვებული, ძველი სახლებისა და მიწისქვეშა ობიექტების, ბუნკერების, გვირაბების აღმოჩენა მიყვარს. ამაზე ჩემი რუბრიკაც მქონდა ჟურნალ "...და ქალში". ჟურნალისტური გამოძიება ძალიან მიზიდავს... რამდენიმე საინტერესო სტატია მაქვს დაწერილი ამ კუთხით, რითაც ვამაყობ. ძალიან მნიშვნელოვანია, იპოვო საკუთარი თავი და ის საქმე, რაც ყველაზე მეტად გიზიდავს.
- ზოგიერთი შენი მკითხველი გამოთქვამს ეჭვს, რომ ამ წიგნში საკუთარ თავზეც წერ... რეალურად, რამდენად გგავს "გათხოვილის დღიურის" მთავარი გმირი?
- ვფიქრობ, როდესაც მწერალი პერსონაჟს ქმნის, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, თავის რაღაც ნაწილს დებს მასში. ჩემს ორივე გმირს აქვს რაღაც საერთო ჩემთან. "გათხოვილის დღიურების" თეასაც ორი შვილი ჰყავს ჩემსავით, მხიარული და პოზიტიურია, აქვს კარგი იუმორის გრძნობა და უყვარს თავგადასავლები, ისევე, როგორც მე. სხვათა შორის, გამომდინარე იქიდან, რომ თხრობის ბუნებრივი სტილი გამოვიყენე, უმრავლესობას დღემდე ჰგონია, რომ ეს ჩემი პირადი დღიურია და არა ფიქცია. რა თქმა უნდა, არის რაღაცები ჩემი, რაღაცები - ჩემი მეგობრების ცხოვრებიდან, დიდი ნაწილი კი ფანტაზიაა. ალბათ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს რომანი ასე შეიყვარა მკითხველმა, ისაა, რომ მთავარ გმირში საკუთარი თავი დაინახეს და ამას სულ მწერენ. მეუბნებიან, რომ ისეთი შეგრძნება ჰქონდათ, თითქოს საკუთარ თავზე კითხულობდნენ.
- "გათხოვილის დღიურმა", როგორც ვიცი, უკვე ბევრ ქვეყანაში "იმოგზაურა". ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც მკითხველმა სოციალურ ქსელში გააზიარა, შენი კომენტარი იყო: ჩემმა წიგნმა აიხდინა ოცნება, რომელიც მე ჯერ ვერ ავისრულეო.
- ჩემი ერთ-ერთი ოცნება მოგზაურობაა. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემი წიგნი რამდენიმე ქვეყანაში წაიღეს. მწერენ პარიზიდან, ესპანეთიდან, მიგზავნიან ფოტოებსაც... როგორც მითხრეს, პარიზში ჩემი წიგნი ქართველ ემიგრანტებში "მოგზაურობს", ხელიდან ხელში გადადის და ეს ფაქტიც ძალიან მახარებს.
- რა ჰქვია მეორე წიგნს, რომელიც თუ არ ვცდები, მაისის ბოლოს გამოვა?
- "მეცხრე ფლიგელი" ჰქვია. მთავარი გმირი ფოტოგრაფი გოგოა, რომელიც სარეკლამო კომპანია "ინსპირაციაში" მუშაობს, მარტო ცხოვრობს. ინტროვერტია. მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება, როდესაც ღამის კლუბში იდუმალ მამაკაცს გაიცნობს და გაუცნობიერებლად ძალიან უცნაურ, სახიფათო ამბავში გაეხვევა. საიდუმლოს გაგების სურვილი მას მეცხრე ფლიგელში მიიყვანს... მოქმედება ვითარდება საქართველოსა და იტალიაში. მკითხველი ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ციხესიმაგრეში - კასტელ დელ მონტეშიც იმოგზაურებს, რომელსაც ტამპლიერების სახელს მიაწერენ... ლუს "მეცხრე ფლიგელიდან", ჩემსავით იზიდავს იდუმალება, საიდუმლოებები, არ უყვარს ფამილარული ურთიერთობები და შეუძლია რისკზე წასვლა. თავისი სამყარო აქვს, სადაც არავის უშვებს. მეც მაქვს ჩემი სამყარო და ყოველთვის მქონდა...
- როგორ ფიქრობ, რა კატეგორიის მკითხველს მოეწონება ეს წიგნი?
- "მეცხრე ფლიგელი" მოეწონება მათ, ვისაც უყვარს საიდუმლოებები. არ მინდა, "სპოილერი" გამომივიდეს, მაგრამ წიგნში სიურპრიზი იმალება. ეს იქნება ისეთი რამ, როგორიც ჯერ არავის გაუკეთებია... რაც შეეხება ყდას, მინდა აღვნიშნო, რომ ყდისთვის ფოტო ძალიან ნიჭიერმა ფოტოგრაფმა ციცი ჩხეიძემ (INDIGO FLEUR-მა) გადაიღო. ძალიან მომწონს ყდა. ზუსტად ისეთია, როგორიც მინდოდა - მისტიკური, დეტექტივსა და თრილერს რომ შეეფერება. პერსონაჟი თავად განვასახიერე. ვფიქრობ, ეს დეტალიც საინტერესოა. იმედი მაქვს და მჯერა, მეორე წიგნიც ძალიან წარმატებული იქნება. მინდა მადლობა გადავუხადო "პალიტრა L"-ის კოლექტივს, ვინც წიგნზე იმუშავა და ჩემს უსაყვარლეს მკითხველს, მოლოდინისა და მხარდაჭერისთვის. ვაპირებ, ჩემს საყვარელ ჟანრებში (დეტექტივი, სათავგადასავლო, მისტიკა, ფანტასტიკა, ფენტეზი, თრილერი) მკითხველს ბევრი საინტერესო ნაწარმოები შევთავაზო. თანაც, ქართულ მწერლობაში ამ ჟანრების დეფიციტია.
ჟურნალი "გზა" (ნომერი 17)
ლიკა ქაჯაია