"იქს ფაქტორის" სცენაზე ბაჯო იოსებ ტლაშაძის მომღერლის ამპლუაში ხილვა მაყურებლისთვის მოულოდნელი იყო.
ის აუდიტორიამ პროექტ „ნიჭიერში“ გაიცნო. როგორც აღმოჩნდა, ხალხის რჩეულ აკრობატს სიმღერაც ბრწყინვალედ გამოსდის. ბაჯომ გვიამბო, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება "ნიჭიერის" შემდეგ და რა მოლოდინები აქვს „იქს ფაქტორში“. მომღერალმა გაგვიზიარა თავისი შეხედულება ჟიურისა და მისი თვალსაზრისით, ყველაზე ძლიერი კონკურენტის შესახებ.
- სანამ „იქს ფაქტორის“ კონკურსანტის ამპლუაში მოევლინებოდით მაყურებელს, ისინი "ნიჭიერის" ფინალისტად გიცნობდნენ. რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში „ნიჭიერის“ შემდეგ?
- „ნიჭიერმა“ ისე შეცვალა ჩემი ცხოვრება, რომ ნამდვილად ვერ წარმომედგინა. თან სწორედ ისეთ დროს გადავწყვიტე „ნიჭიერში“ გასვლა, როდესაც ყველაზე მძიმე პერიოდი მქონდა, ცოტაც და, შეიძლებოდა თავი დამენებებინა იმ საქმისთვის, რაც ასე კარგად გამომდიოდა (აკრობატიკას ვგულისხმობ). ძალიან დიდი სტიმული მომცა „ნიჭიერმა“ და რაც მთავარია, ხალხის სიყვარული მივიღე, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ.
- ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეთ, რომ ცალმხრივად იყავით შეყვარებული. ეს ხომ არ იყო კავშირში იმასთან, რომ მძიმე პერიოდი გქონდათ?
- კი, ეგეც იყო მიზეზი სხვა ცხოვრებისეულ წარუმატებლობასთან ერთად.
- როცა „ნიჭიერის“ ფინალისტი გახდით, თქვით, რომ იმაზე მეტი მიიღეთ, ვიდრე გეგმავდით. რა მოლოდინი გაქვთ ამჯერად?
- კარგი კითხვაა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი მგონია საკუთარი თავი, იმ ფაქტის დამსახურებით, რომ საზოგადოებამ გამიცნო, როგორც მომღერალი. ასე რომ, უკვე მივიღე ის, რაც მინდოდა. თუმცა აუცილებლად გამოვიყენებ იმ შანსებს, რომლებსაც ეს პროექტი მომცემს. ვფიქრობ, ასჯერ უფრო მეტად განვვითარდები ამ პროექტში, ვიდრე ეს აქამდე მოვახერხე.
- ვინ მიგაჩნიათ „იქს ფაქტორის“ კონკურსანტებს შორის ყველაზე ძლიერ კონკურენტად?
-არ ვიცი, როგორ ვთქვა, მე კონკურენციასთან დაკავშირებით ჩემებური ხედვა მაქვს... არა მარტო ამ კონკურსში, არამედ ცხოვრებაშიც მხოლოდ საკუთარი თავია ადამიანის კონკურენტი. ცოტა უცნაურია, ხომ? თუმცა, ძალიან ძლიერი კონკურსანტები არიან და მე ამაყი ვარ იმით, რომ მათთან ერთად ვდგავარ სცენაზე... გამოვარჩევდი ერთ კონკურსანტს, გიორგი ლობჟანიძეს. მას უკვე დიდი ხანია ვიცნობ და ასე თუ ისე, ვიცოდი მისი შესაძლებლობების შესახებ, მაგრამ ერთ-ერთ რეპეტიციაზე გაოცებული დავრჩი! არ მეგონა, თუ ასე შეეძლო ვინმეს სიმღერა.
- ყველაზე კრიტიკული და მკაცრი ჟიურის რომელი წევრია, თქვენი აზრით?
- ჩემი აზრით, ეს თვისებები სტეფანეს აქვს და არამარტო ეს თვისებები, მეტიც... მას შეუძლია მარტო იჯდეს ჟიურის მაგიდასთან... (იცინის).
- ანუ თვლით, რომ საკმარისი უნარები აქვს ჟიურის სამივე წევრის შესაცვლელად?
- არ ვიცი, შეიძლება უხეშად გამომდის, თუმცა კი, ეს ჩემი აზრია.
- შესანიშნავ აკრობატს, როგორც აღმოჩნდა, სიმღერაც ბრწყინვალედ შეუძლია... როგორ ახერხებთ ამ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ჰობის/საქმის შეთავსებას და ხომ არ გაქვთ კიდევ რამე უნარი, რომელიც ჯერ არ გამოგიმჟღავნებიათ?
- ოო, ჩემი აზრით, ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა და რადგან მეც ადამიანი ვარ, ამიტომაც გამომდის ეს ყველაფერი (იცინის)... თუმცა საქმისადმი სიყვარულს ნებისმიერ სფეროში უდიდესი მნიშვნელობა აქვს!
- ფართო აუდიტორიას მალევე შეუყვარდით. ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ გოგონებიც ხშირად გწერენ. თავად როგორი გოგონები მოგწონთ? რას აქცევთ ქალში პირველ რიგში ყურადღებას?
- საერთოდ, ქალების დიდი გულშემატკივარი ვარ, ვგიჟდები ქალებზე, რომლებიც ჭკვიანები და განათლებულები არიან და რომლებმაც გულწრფელობის ფასი იციან... მოკლედ, ქალი ძლიერი უნდა იყოს!
- ზებუნებრივი ძალის არჩევა რომ შეგეძლოთ, რომელს აირჩევდით?
- არც ერთს, იმიტომ, რომ შრომის გარეშე ყველაფერი უფასურია... ისედაც დიდი ძალა გვაქვს ადამიანებს და ჯობია, ამ ძალის სწორად გამოყენებაზე ვიფიქროთ.
- რაზე ოცნებობდით ბავშვობაში?
- ბევრ რამეზე მიოცნებია: აკრობატობაზე, მომღერლობაზე, სპაიდერმენობაზე და კიდევ რა ჩამოთვლის (იცინის)... კოსმონავტობაზე - არა.
- შეგიძლიათ გაიხსენოთ ბავშვობის საყვარელი თამაში?
- არც კი ვიცი, თამაში თუ ჰქვია. სადაც კი შესაძლებლობა მომეცემოდა, ყველგან თოკებს ვკიდებდი და ვქანაობდი (იცინის).
- დეჟავუს როგორ ახსნიდით? ხომ არ ფიქრობთ, რომ წინა ცხოვრებასთან არის კავშირში?
- არა, მე ვფიქრობ, ცხოვრებაში არის ბევრი რამ, რაც ერთმანეთს ჰგავს და სულ ეგაა.
- ხომ არ შეგიძლია ისეთი სიზმრის მოყოლა, რომელიც გამორჩეულად დაგამახსოვრდა?
- კი, ორი სიზმარი მახსენდება.... ერთხელ, დაახლოებით 14 წლის ვიყავი, ტემპერატურა მქონდა და სიზმარში ძალიან შემეშინდა რაღაცის... თუმცა დღემდე ვერ მივხვდი, ეს რა იყო... მეორედ 5 წლის წინ, ზაფხულში ვნახე, თოვლიან ველზე ვიდექი და თან ძალიან სქელი ნისლი იყო... ჩემთან ერთად სამი-ოთხი წლის გოგონა იდგა, "კაპიუშონზე" ბეწვშემორტყმული ქურთუკი ეცვა. მოშორებით მდგარი ორი ადამიანი თითქოს აძალებდა ჩემგან წასვლას. გოგონას ჩემთან უნდოდა დარჩენა და მთელი ძალით მეხუტებოდა.
- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან ან ფილმის გმირთან ერთად ივახშმებდით?
- დიდი სიამოვნებით chester beningtontan-თან, მაგრამ მინიმუმ 1 წლის წინ უნდა გამეკეთებინა ეს, ცოცხალი აღარ არის...
- სამომავლო გეგმებზე მოგვიყევით...
- ასე კონკრეტული გეგმების წერა არ მიყვარს, თუმცა ის გაცნობიერებული მაქვს, რომ სულ ფორმაში უნდა ვიყო და შესაძლებლობების განვითარებაზე უნდა ვიზრუნო... არ იცი, ცხოვრება რა დროს რა შანსს მოგცემს და შენ ამისთვის მზად უნდა იყო.
მერიემ კაკაურიძე