7 მაისს "მხოლოდ ქართულის" მესამე ლაივ-კონცერტი შედგა. პროექტი ერთ-ერთმა კონკურსანტმა - ქრისტინე შუშაძემ დატოვა.
შოუ შემდეგ ორშაბათს 8 მონაწილით გააგრძელებს ბრძოლას. გუშინ ქალაქური სიმღერების ტური იყო, რომელიც თითოეულმა კონკურსანტმა მოირგო და სათქმელის მსმენელამდე მოტანა შეძლო.
შოუს პირველი ლაივის დაწყებისას, მაყურებლისთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა სცენაზე ორი ცნობილი ტელეწამყვანის - მაია ასათიანისა და ნანუკა ჟორჟოლიანის ერთად ხილვა. მასშტაბური მეგა-შოუს წამყვანობა ორივესთვის ახალი გამოცდილებაა. ამჯერად AMBEBI.GE "მხოლოდ ქართულის" ერთ-ერთ წამყვანს, გადაცემა "პროფილის" ავტორს, მაია ასათიანს ესაუბრა.
- მეგა-პროექტის წამყვანის ამპლუა, ვფიქრობ, თქვენთვის პირველია. როგორ მოირგეთ ეს როლი?
- სანამ საუბარს დავიწყებ, დიდი მადლობა თქვენ და AMBEBI.GE-ს იმისთვის, რომ ყოველ წამს ვგრძნობ თქვენს პროფესიულ მხარდაჭერას... ახლა რაც შეეხება შოუს წამყვანობას - ეს პროექტი საინტერესო გამოწვევაა, იმიტომ, რომ მას ნანუკა ჟორჟოლიანთან ერთად ვუძღვები. თუმცა პირდაპირი ეთერი ჩემთვის ძალიან ჩვეულებრივი რამ არის - 5 წლის მანძილზე, ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, რომ საინფორმაციო-მუსიკალური პროგრამა მიმყავდა, რაც ძალიან დიდი სკოლა იყო...
"მხოლოდ ქართული" საინტერესოა იმიტომ, რომ ახალი ორიგინალური პროექტია და არა რომელიმე დასავლური და უკვე აპრობირებული შოუს ანალოგი. ის "რუსთავი 2"-ის ბაზაზე შეიქმნა და მთელი გუნდი ჩავერთეთ. ხშირად ამბობენ, რა მაგია აქვს "რუსთავი 2"-ს ასეთი? არანაირი მაგია - ჩვენი მთავარი ხიბლი ერთიანობაა. ყველა გავერთიანდით იმისთვის, რომ ძალიან რეიტინგული პროექტი შეგვექმნა და თითო აგური დავდეთ პროექტის წარმატებაში.
ჩემთვის ნანუკასთან ერთად სცენაზე დგომაც ძალიან საინტერესოა, რადგანაც ორივე საავტორო გადაცემის წამყვანები ვართ და საინტერესო იყო, როგორ შევძლებდით ერთი მთლიანის ტოლძალოვანი ნაწილი გავმხდარიყავით. რამდენად გამოგვდის, ეს მაყურებელმა უნდა შეაფასოს. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს უკვე მესამე ლაივ-კონცერტია, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ჩართულია პროექტში. "მხოლოდ ქართული" არათუ შედგა, უდიდესი წარმატება მოიპოვა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ძალიან რეიტინგულ დასავლურ პროექტს, "X ფაქტორს", თითქმის ორჯერ უგებს. ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე ქვეყნისთვის. როცა საქართველომ "მხოლოდ ქართული" სიმღერა, მუსიკა აირჩია, აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ადამიანები მსჯელობენ, განიხილავენ, აფასებენ, უკვე კარგია.
- სხვადასხვა მოსაზრებაში რას გულისხმობთ?
- ვგულისხმობ სიმღერების ვერსიებთან, რეპერტუართან დაკავშირებით გაჩენილ მოსაზრებებს, მაგრამ ვიმეორებ, მაყურებელი რომ მსჯელობს პროექტზე, განიხილავს, ამას თავისი აზრი აქვს, ეს გამარჯვებაა! გაგრძელება