"X ფაქტორის" მეორე ლაივზე, ხალხის ხმების რაოდენობის მიხედვით, ლიდერი გიორგი ფუტკარაძე გახდა. ის დუეტში ლუკა ზაქარიაძესთან ერთად მღეროდა.
დღეს გიორგი მარიამ შენგელიასთან ერთად მიემგზავრება ზუგდიდში, საზღვრების დაცვის დღის სიმღერით აღსანიშნავად. marao.ge ზუგდიდისკენ მიმავალ გიორგის დაუკავშირდა და ტელეფონით ესაუბრა.
გუშინ, ხალხის ხმების რაოდენობის მიხედვით, ლიდერი გახდით. ელოდით ამ შედეგს? როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორმა ითამაშა ყველაზე დიდი როლი თქვენს წარმატებაში?
- სიმართლე რომ გითხრათ, მართლა არ ველოდი ამ შედეგს, იმიტომ, რომ ეგეთი სასწაულების არ მწამს ხოლმე... ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ხალხი მისმენს და გულთან ახლოს მიაქვს ჩემი ნამღერი. ვფიქრობ, მთავარი ფაქტორი ის იყო, რომ ძალიან ემოციურად ვმღერი.
რავი... ბედნიერი ვარ...
პარტნიორობა ლუკა ზაქარიაძემ გაგიწიათ. გაგიხარდათ, როცა გაიგეთ, რომ დუეტში მასთან ერთად იმღერებდით?
- რომ დამირეკეს და მითხრეს, ლუკა ზაქარიაძე იქნება შენი პარტნიორიო, ქუჩაში ვიყავი, ბათუმში ახალი ჩასული ვიყავი და ძალიან გამიხარდა, ვერ ვიჯერებდი. ლუკა იყო ტიპი, რომელსაც მე მთელი გულით ვგულშემატკივრობდი. მიმაჩნია, რომ ძალიან ძლიერი მუსიკოსია, ყველა სიმღერა ხარისხიანად აქვს შესრულებული. ძაან გამისწორდა რა...
როგორც ვიცი, ახლა ზუგდიდისკენ მიემართებით. რატომ? რაიმე გადაღება ხომ არ გაქვთ?
- დღეს არის საზღვრების დაცვის დღე. აფხაზეთის საზღვრების გამო ჩვენი მუსიკით გამოვხატავთ პროტესტს, ქართველი ხალხისადმი სიყვარულსა და გვერდში დგომას.
რა იყო ყველაზე დიდი მოულოდნელობა "იქს ფაქტორში" თქვენთვის?
- ყველა ტურის შედეგი მოულოდნელი იყო ჩემთვის, იმიტომ, რომ ყოველ ჯერზე ძალიან ნეგატიურად ვიყავი საკუთარი თავისადმი განწყობილი. ვფიქრობდი, აი, ახლა შეიძლება გავვარდე, აი, ახლა... და ყველაფერი პირიქით ხდებოდა.
რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში "იქს" ფაქტორის შემდეგ?
- მთავარი, რაც შეიცვალა, ის არის, რომ ადრე ჩემს მუსიკას ბარებში 3-4 კაცი უსმენდა, რიგ შემთხვევებში, შემთხვევით შემოსწრებული მეხუთეც, ახლა კი უკვე დიდი აუდიტორიის წინაშე ვმღერი, ნახევარი საქართველო მიცნობს და აფასებს უკვე ჩემს მუსიკას.
ჟიურის წევრებზე რას იტყვით? ობიექტურად მიგაჩნიათ მათი შეფასება? რომელი მათგანი მიგაჩნიათ ყველაზე ლოიალურად და რომელი მკაცრად?
- იცით რა, მე პირდაპირი ვარ, არაფრის დამალვა არ შემიძლია. ეს არის შოუ, შოუს კი სჭირდება უამრავი ელემენტი, გარდა მუსიკისა. ერთგვარი შეფასება, ეს ძალიან კარგია ან ძალიან ცუდია, შოუსთვის წამგებიანი იქნებოდა. ვთვლი, რომ ჟიურის შეფასებები ნაწილობრივ სამართლიანია. ხანდახან, ჩემს შემთხვევაში მგონია ხოლმე, რომ ზედმეტად მაქებენ, რა ვიცი... ყველას თავისი აზრი აქვს. მე ვთვლი, რომ სამართლიანად აფასებენ.
რომელი კონკურსანტი მიგაჩნიათ ყველაზე ძლიერ კონკურენტად?
- მე ვთვლი, რომ ამ პროექტში კონკურენტი არ მყავს. იმიტომ, რომ მე სულ სხვა ჟანრის მომღერალი ვარ და შესაბამისად, ამ კონკურსში კონკურენციას ვერ განვიცდი... ისეთი მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს, აი, ახლა მარიამ შენგელიას მუხლებში ვუწევარ და ისმენს ჩემს საუბარს. რომ ვამბობ, კონკურენტად არავინ არ მიმაჩნია-მეთქი, გული კინაღამ წაუვიდა (იცინიან)... ვხუმრობ. უბრალოდ, იმდენად მეგობრულად ვართ ერთმანეთისადმი განწყობილნი, კონკურენტად არავინ არ მიმაჩნია. მე სულ სხვა ჟანრში ვარ, ჩემი ჟანრის მომღერალი რომ ყოფილიყო რომელიმე, ამ შემთხვევაში მეყოლებოდა კონკურენტი.
გამარჯვების შემთხვევაში როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი?
- გამარჯვებაზე საერთოდ არ ვფიქრობ, ჩემი მთავარი მუღამი ახლა ის არის, რომ ყველა ლაივზე კარგად შევასრულო სიმღერა. გამარჯვება "X ფაქტორში" არცერთი ნორმალური მუსიკოსისთვის არ არის მთავარი პრიორიტეტი. ჩემი აზრით, არცერთი ნორმალური ადამიანი აქ არ მოდის იმისთვის, რომ გაიმარჯვოს და სახლი მოიგოს. აქ მოვდივართ იმისთვის, რომ გაგვიცნოს ხალხმა. როცა ხალხი გიცნობს და გაფასებს, ეს უკვე ძალიან დიდი გამარჯვებაა და მე უკვე ამას ვგრძნობ.
მერიემ კაკაურიძე