"ცეკვავენ ვარსკვლავების" მერვე სეზონის ერთ-ერთი კონკურსანტი ჟურნალისტი ლალი მოროშკინაა. მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე ორი შვილიშვილის ბებიაა, მზადაა, მიიღოს ახალი გამოწვევები. როგორც თავად ლალიმ გვიამბო, ის პროექტში მონაწილეობაზე მოწვევას შვიდი წლის განმავლობაში ყოველ წელს იღებდა...
- პირველ რიგში, მაინტერესებს, რა რეაქცია გქონდათ, როცა პირველად მიიღეთ შემოთავაზება, გეცეკვათ "ცეკვავენ ვარსკვლავებში"? იყო თუ არა მოულოდნელი ეს თქვენთვის?
- შემოთავაზებას ცეკვასა და პროექტში მონაწილეობაზე ვიღებდი ყოველ წელს, 7 წლის განმავლობაში. არ ვთვლიდი საჭიროდ, რომ მეცეკვა და სამსახურისთვის თავი დამენებებინა, რადგან ეს პროექტი სრულ მობილიზაციას მოითხოვს.
- როგორ ეგუებით რეჟიმს? რთულია, ასეთ მოკლე დროში მოემზადო შოუსთვის... მარტივად ითვისებთ ახალ ილეთებს თუ გიჭირთ? გიწყობთ თუ არა ხელს პარტნიორი?
- სულ ერთი კვირაა, რაც ახალი სასტუმრო გავხსენი სიღნაღში, უკვე ორი შვილიშვილის ბებია ვარ და თავზე მაყრია საქმეები, მაგრამ მივხვდი, რომ რატომაც არა? მინუს 10 კილო, ორგანიზმის გაჯანსაღება და სრული რეფრეში, ახალი ცხოვრების დაწყების საწინდარია. მე მჯერა, რომ ადამიანი საკუთარი თავის გარდასახვით, ცხოვრებასაც იცვლის და ახალი გამოწვევებისთვისაც მზად არის! ცეკვა არაა ფეხების კომბინაცია - ეს გულის, ტვინის და სხეულის ენაა - რაც ერთობლიობაში ქმნის სრულ ჰარმონიას.
- თქვენს დებიუტს როგორ შეაფასებდით? კმაყოფილი ხართ თქვენი თავით?
- რადგან პირველმა ცეკვამ ამხელა შოკი გამოიწვია და მტრებმაც ვერ გაბედეს უარყოფითი კომენტარები, ე.ი. წინ დიდი გზაა, თუმცა სიმართლე გითხრათ, არც სოცქსელის ბულინგი მაშინებს და არც კონკურენცია.
- რომელი კონკურსანტი მიგაჩნიათ ყველაზე ძლიერ კონკურენტად?
- მონაწილეების ასაკი 15-დან 55 წლამდე მერყეობს. შესაბამისად, დატვირთვა უმაღლესია. მე ამ ეტაპზე ვერავის გამოვარჩევ, რადგან საოცრად ძლიერი და ამბიციური მონაწილეები გვყავს. მე ვამაყობ, რომ მომეცა მათთან მუშაობის საშუალება. ასევე ცალკე ყურადღების ღირსნი არიან უკრაინელი ქორეოგრაფები და "იმედის" კოლექტივი. ვფიქრობთ, მთავარი მიზანი მიღწეულია. შოუ მაღალი რეიტინგით და საინტერესო მონაწილეებით იპყრობს ეკრანს! ჩემთვის კი ეს მორიგი გამოწვევა, კუნთების გავარჯიშება, სხეულის გაკაჟება და სულიერებასთან ზიარებაა.
- რომელ ჟანრში იცეკვებდით სიამოვნებით?
- ნებისმიერი ჟანრი მიყვარს და ვფიქრობ, ყველა ცეკვა თავისებურად საინტერესო და მეტყველი იქნება მაყურებლისთვის, როგორც ციხის ტანგო. რაც შეეხება მეწყვილეს, დიმა ვარანკინი საოცარი პიროვნებაა, სულით ხორცამდე პედაგოგი და არაჩვეულებრივი ქორეოგრაფი. ვფიქრობ, ჩვენი ტანდემი შედგა.