პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" ქართული ტურისთვის ემზადება. კონკურსანტებს სუხიშვილების ქორეოგრაფები ამზადებენ. ენერგიას არავინ ზოგავს, ამაში ჩვენც დავრწმუნდით, როდესაც დარბაზში მათ რეპეტიციებს დავესწარით და მონაწილეების შთაბეჭდილებები და ემოციები ჩავწერეთ.
რატი დურგლიშვილი:
- ქართული ცეკვა ჩემთვის ქართული სულია, ჩემი ხორცი და სისხლია, ისევე, როგორც ნებისმიერი ქართველისთვის. ეს არის ჩვენი კულტურა. მართლაც, ყველა ადამიანის ღირსებაა. ეს ტური ძალიან საპასუხისმგებლოა ჩემთვის. ჟიურისთან ერთად, უამრავი ტელემაყურებელი იქნება შემფასებელი, რადგანაც ქართველების 99%-მა ქართული ცეკვა იცის. უდიდესი მინუსი ის არის, რომ ეს სარეპეტიციო დღეები არის ქართულ ცეკვაში ჩემთვის პირველი გაკვეთილები. არასდროს არსად მიცეკვია. ასე მესმოდა ყოველთვის - მხოლოდ ერთი ცეკვა რომ მესწავლა, ამით შეურაცხყოფას ვერ მივაყენებდი ქართულ ცევებს. ის საფუძვლიანად არის შესასწავლი, რაც აქამდე ვერ მოვახერხე. ისიც აღმოვაჩინე, რომ ამ რეპეტიციებზე განსაკუთრებით ვიღლები, ურთულესი ილეთებია, ასე არცერთ ცეკვაზე არ დავღლილვარ. თურმე ჩვენი მოცეკვავეები რას უძლებენ, თუმცა ბიჭებზე მეტი დატვირთული ილეთები გოგოებს აქვთ. ორშაბათს "აფხაზური" უნდა ვიცეკვო.
- ყოველ სეზონზე განსაკუთრებულად ველოდები ქართული ცეკვების ტურს. მსოფლიოში ერთადერთი ღირსშესანიშნავი რამაა ქართული ცეკვა, რითიც ყოველთვის უნდა ვიამაყოთ. მე და ირინკა ისეთ ცეკვას ვამზადებთ, სისხლი რომ აუდუღდება როგორც მოცეკვავეებს, ისე მაყურებელს. ეს არის "ხანჯლური". კი, ნებისმიერს ჟრუანტელი დაუვლის და დაბურძგავს. ისეთი ცეკვა გვაქვს, ძვალსა და ჯიგარში რომ ატანს! ამ პროექტის მიღმა ქართული ცეკვა არასდროს მიცეკვია და აქ ისეთ სიამოვნებს ვიღებ, რომ უბედნიერესი ვარ. ამიტომ ყოველთვის დიდი მონდომებით ველოდები და მერე დიდი სიხარულით ვმუშაობ. სულ სხვადასხვა ცეკვას ვირჩევ და მირჩევენ. ჯერ კიდევ პირველი იყო რაჭული, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მე და ნუკი კოშკელიშვილმა წარმოვადგინეთ, მერე "მოხეური" ვიცეკვე, "აბრაგულიც" და ბევრი სხვა, რაც მეამაყება.
ჯულიანა ბარგნარი:
- ჩემთვის ქართული ცეკვის ტური ძალიან დიდი ემოციაა. შეიძლება ეროვნებით ქართველი არ ვარ, მაგრამ რადგან საქართველოში გავიზარდე, ეს არის ჩემი სისხლი და ხორცი. როცა ვცეკვავ და მუსიკა მესმის, სხეულში ჟრუანტელი მივლის. დიდ სიამოვნებასთან ერთად, გამორჩეულ სილამაზესთანაა დაკავშირებული, რასაც მაყურებელი გრძნობს. ამიტომ, ყველა მონაწილე სხვა გულით ემზადება ამ ცეკვისთვის. მოკლედ, პროექტში შესრულებული მაქვს ოსური, ხორუმი, ცდო, ყველა თავისებურად დასამახსოვრებელი, საინტერესო იყო. ახლა აჭარულისთვის ვემზადები, უნიჭიერესი პარტნიორი (ამიკო ჩიხარაძე) მყავს, ყოველ კვირას მაოგნებს თავისი ნიჭით და მონდომებით. წაიკითხეთ სრულად