ინტერვიუ

ფსიქოლოგი ცოლქმრულ ურთიერთობაზე: როცა ერთმანეთის მიმართ ვეღარაფერს ვგრძნობთ

ფსიქოლოგი ცოლქმრულ ურთიერთობაზე: როცა ერთმანეთის მიმართ ვეღარაფერს ვგრძნობთ
მეცნიერები და ფსიქოლოგები დიდი ხანია ცდილობენ, შეისწავლონ სიყვარული. გამოიკვლიეს შეყვარებული ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე მოვლენები, ჩააატარეს უამრავი ცდა. თუმცა, საბოლოოდ, მკვლევართა დიდი ნაწილი იმ დასკვნამდე მიდის, რომ შეუძლებელია, სტანდარტული პასუხი გასცე ერთი შეხედვით ძალიან პრიმიტიულ კითხვას, - რა არის სიყვარული? ფსიქოლოგი მარიამ ჭუმბურიძე საუბრობს სიყვარულზე, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, ღალატზე, განშორებასა და წყვილის ურთიერთობის შენარჩუნებისთვის აუცილებელ პირობებზე.

ფსიქოლოგიურად როგორ აიხსნება სიყვარული?

- სიყვარული რეალურად არც ფსიქოლოგიას და არც ფილოსოფიას აქვს ახსნილი. ეს არის ამოუცნობი მიზიდულობა ორ ადამიანს
შორის.

მეცნიერები ამბობენ, რომ სიყვარული 4 წელი გრძელდება. რას ფიქრობთ ამაზე?

- არა, სიყვარული არ შეიძლება გაგრძელდეს 4 წელი. ის, რაც გრძელდება 3-დან 5 წლამდე, არის ვნება და გარკვეული დროის შემდეგ შეჩვევასთან ერთად შეიძლება გაქრეს.

როდის და რატომ დგება ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში კრიზისული პერიოდი?

- ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა შეიძლება შევადაროთ ბავშვს... როგორც ბავშვი იზრდება და ვითარდება, ისე ვითარდება ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაც მუდმივად, ციკლურად. კრიზისული პერიოდები ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება დადგეს - ქორწინებიდან სამი წლის შემდეგ, შვიდი წლის შემდეგ და თუნდაც 24 წლის შემდეგაც. ეს არის ციკლური ხაზი, როცა რაღაც განახლებას ითხოვს. შესაბამისად, ხშირად უნდა გადახედო ურთიერთობას და სიახლეები უნდა შეიტანო.

როდესაც ცოლ-ქმარი "ერთმანეთით დაიღალა" და ვნება განელდა, საუკეთესო გამოსავალი რა შეიძლება იყოს?

- საუკეთესო გამოსავალი არის ინოვაციები. ერთ-ერთმა პარტნიორმა მაინც უნდა იზრუნოს ურთიერთობაში სიახლეების შეტანაზე. გამოავლინოს ახლებური ხედვა ან თვითონ გახდეს პარტნიორისთვის რაღაცით განსხვავებული... ადამიანის ბუნება ძალიან მრავალფეროვანია. როცა ოჯახს ქმნი, ბევრი რამე ჩარჩოებში ექცევა. მაგალითად, ქალი ხშირ შემთხვევაში დიასახლისის როლს ირგებს და ეს ცხადია, მოსაწყენია, როცა ქალს აქვს უამრავი სხვა შესაძლებლობა და მისწრაფება... ყველაფერი დამოკიდებულია წყვილზე, მეტწილად მასზე, ვინც ურთიერთობაში დომინანტია.

რითი განსხვავდება ქალისა და მამაკაცის ღალატი?

- კი, რა თქმა უნდა, განსხვავდება. რეალურად ღალატი ნებისმიერ შემთხვევაში ღალატია, უბრალოდ, ფორმა და შინაარსი აქვს განსხვავებული. ქორწინების დღეს წყვილი აღიქვამს ერთმანეთს, რომ იქნებიან მთელი ცხოვრება ერთმანეთის ერთგულები. ქალისა და მამაკაცის ცხოვრებაში ჩნდება საცდუნებელი მომენტები და მაშინ ჩნდება, რამდენად წრფელი და მტკიცე იყო ეს აღქმა, იმის მიხედვით, თუ როგორ გაუძლებენ ისინი ცდუნებას. ზოგი უძლებს, ზოგი ვერ უძლებს.
ქალი და მამაკაცი სხვანაირად არიან მოწყობილები. კაცი ოჯახის ტვინია, ხოლო ქალი - გული. შესაბამისად, კაცის ღალატი პრაგმატულია, ხოლო ქალის - გრძნობებზეა დამყარებული. ოჯახისთვის თავისთავად უფრო დამანგრეველია, როცა სხვა უყვარდება დაქორწინებულ ადამიანს.

პოლიგამიაზე რას იტყვით, შესაძლებელია თუ არა, რომ ერთდროულად ორი ან მეტი ადამიანი გიყვარდეს?

- ადამიანს უყვარდება იდეალი იმ ქალში თუ კაცში, რომელზეც თეორიულად შეყვარებულია. მერე, როცა ამჩნევ, რომ შენს იდეალს რაღაც თვისება აკლია, შეიძლება იმ თვისების ძიება შემდეგ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად სხვაში დაიწყო. ამრიგად, შეიძლება გიყვარდეს პირობითად, სამ ადამიანში იდეალი, თუმცა მიზიდულობა და ვნება არ გქონდეს სამივეს მიმართ.

თვლით თუ არა, რომ ფლირტი ურთიერთობის ბუნებრივი, სასიამოვნო ფორმაა და ითვლება თუ არა "მოღალატედ" ადამიანი, რომელსაც ჰყავს პარტნიორი, მაგრამ პერიოდულად ფლირტაობს სხვებთან?

- არსებობენ ადამიანები, რომლებთათვისაც ფლირტი ბუნებრივი მდგომარეობაა. ასეთ ადამიანს ვერ მოსთხოვ, იყოს სერიოზული. ფლირტი ღალატი არაა, მაგრამ დაწყებული ფლირტი უკვე რაღაცის მოთხოვნილების გამოვლინებაა...

ღალატის დროს რეალურად რა უფრო სწყინთ, ის, რომ პარტნიორმა სხვასთან დაამყარა ინტიმური კავშირი თუ ის, რომ მოტყუებულად იგრძნეს თავი?

- საერთოდ, ღალატის დროს ყველაზე მეტად ზარალდება ადამიანის ეგო, რომელიც ვერ იტანს შეურაცხყოფას. როგორც წესი, პირად შეურაცხყოფად აღიქვამს ამას ქალიცა და კაციც. მერე უკვე სინანული, ვის კარგავ - თუ ფიქრობ, რომ არ უნდა აპატიო და უნდა დაშორდე. ან სინანული იმისა, თუ როგორ გარდაიქმნა შენი სიყვარული სიძულვილად. პირველ რიგში, იტანჯება ადამიანის ეგო.

ცოლქმრობა აქცევს თუ არა ადამიანებს ერთმანეთის საკუთრებად?

- არავითარ შემთხვევაში. საკუთრება შეიძლება იყოს უსულო საგანი, ცოცხალი ადამიანი არ შეიძლება საკუთრებად მივიჩნიოთ. თუ საკუთრება გახდი, ესე იგი, დამოუკიდებლად არსებობას წყვეტ და იცხოვრებ ისე, როგორც შენს მეპატრონეს სურს... ცოლქმრობა არ არის საკუთრება, ცოლქმრობა ურთიერთშეთანხმებაზე დამყარებული ურთიერთობაა, რომელიც აუცილებელია ორივე პარტნიორის ჰარმონიული განვითარებისთვის, საერთო მიზნებით, საერთო შვილებით და საერთო საზრუნავით. თუ ვინმეს საკუთრება იქნები, განვითარებას შეწყვეტ. ადამიანი მხოლოდ ღმერთის საკუთრებაა.

ღირს თუ არა შვილების გამო ოჯახის შენარჩუნება ფორმალურად, როცა ცოლ-ქმარს შორის რეალურად საერთო აღარაფერია?

- ეგ ფაქტი, რომ აღარაფერია, ცოლ-ქმარს შორის ცოტა საკამათო და რთული საკითხია. როცა ცოლ-ქმარი გადაღლილია, ხშირად ვერ გრძნობენ, რომ მათ შორის რაღაც დარჩა და საკმარისია, ცოტა ხნით დასცილდნენ ერთმანეთს, დაისვენონ ერთმანეთისგან, რომ კვლავ ჩნდება გრძნობა. ამიტომ ეს უნდა შემოწმდეს. ხოლო, თუ მკვდარია ურთიერთობა, დასანანია მკვდარ ურთიერთობაში ცხოვრება, ისევე, როგორც ცოცხალი ურთიერთობის გაფუჭება.

ანუ ურთიერთობის შესანარჩუნებლად ზოგჯერ საჭიროა "ერთმანეთისგან დასვენება"?

- აუცილებლად, პაუზების აღება აუცილებელია. განსაკუთრებით, როცა ადამიანი ვეღარაფერს გრძნობს, სჭირდება რაღაც მასტიმულირებელი, რაც გამოაფხიზლებს და გაუძლიერებს გრძნობებს. ხშირია შემთხვევები, როცა ცოლ-ქმარს შორის გაციებულა ურთიერთობა, თუმცა მესამე პირის გამოჩენისთანავე ყველაფერი სხვაგვარად წარმართულა. ეჭვიანობა სასურველი ნამდვილად არაა ცოლ-ქმარს შორის, იმიტომ, რომ ნდობა სიყვარულისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ერთმანეთისგან დასვენება ცოლქმრული ურთიერთობისთვის პერიოდულად აუცილებელია.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
სოფლის ბებო
,,ყველაზე დიდი სიყვარული, შეჩვევა არის ''
19:52 / 31-01-2019
გამოხმაურება / 0 /
ია
ადამიანი ყველა ინდივიდია და დოგმები არ არსებობს. მე პირადად დიდი ხნის განშორების შემდეგ მონატრება კი არ მაქვს, პირიქით ვეჩვევი მარტოობას და უკეთ ვგრძნობ თავს, თუმცა მადლობა ღმერთს ასე ხშირად არ ხდება.
13:51 / 12-11-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30