ჰყავს თუ არა გულის სწორი ირინკას
ამერიკაში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მსახიობი - ირინკა კავსაძე სატელევიზიო პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" თავის ნომერს, მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილთან ერთად, ყოველთვის ეფექტურად, დახვეწილად ასრულებდა. ირინკას ბაბუა - კახი კავსაძე შვილიშვილის სასცენო გამოსვლას ყოველთვის ესწრებოდა თუმცა მისთვის კომპლიმენტი ერთხელაც არ უთქვამს...
"დღის განმავლობაში, კახისთან მივდივარ, კაბინეტში დავსხდებით და ვსაუბრობთ ხოლმე", - გვითხრა ირინკამ და როცა ბაბუის მიერ მოცემული ღირებული რჩევის შესახებ ვკითხეთ, გვიპასუხა, - "შენი საქმე ბოლომდე გააკეთეო, - ყოველთვის ამას მეუბნება. როცა რეპეტიციაზე მივდივარ, მეტყვის ხოლმე, - მიდი, არ მოდუნდე. შეიძლება, დაღლილი ხარ, მაგრამ არა უშავს, ბოლომდე იმუშავეო..."
ირინკა კავსაძემ "ცეკვავენ ვარსკვლავების" "კინოტურში" ფილმი - "დღე უკანასკნელი, დღე პირველი" შეარჩია და ვენური ვალსი შეასრულა...
- თავდაპირველად, როცა შევიტყვე, რომ პროექტში ერთ-ერთი "ლაივი" კინოტურს მიეძღვნებოდა, მაშინვე გადავწყვიტე ფილმი "დღე უკანასკნელი, დღე პირველი" შემერჩია, რადგან მასში ბებიაჩემი და ბაბუაჩემი (დედის მამა და მამის დედა) თამაშობენ. ეს ფილმი ყოველთვის მიყვარდა, თან, ბებიასაც და ბაბუასაც წელს 80 წელი შეუსრულდებოდათ. მინდოდა, ამ ნომრით დაბადების დღე მიმელოცა და ეს ცეკვა მიმეძღვნა... ძალიან ემოციური იყო. რეპეტიციებზე, როცა ოთო და ქორეოგრაფები მუშაობდნენ, მათ გვერდიდან ვუყურებდი, თან ვსწავლობდი და სულ გული მიჩუყდებოდა, თვალებზე ცრემლები მადგებოდა... ვცდილობდი, ცოტა ხნით ემოციურად "გამოვთიშულიყავი", რომ ნომერი ტექნიკურადაც მესწავლა, მაგრამ ეს ყველაფერი რთული იყო...
- პროექტამდე ცეკვასთან რა გაკავშირებდა?
- ვაშინგტონში, "სინეტიკის თეატრში" ვმუშაობ. ეს თეატრი ცეკვითაც არის დატვირთული, მაგრამ უფრო თანამედროვე, ოდნავ ბალეტთან დაკავშირებული, უცნაური სტილი აქვთ. ქორეოგრაფიას ბავშვობიდან იქ ვსწავლობდი. როგორც ყველა მსახიობს, სპექტაკლების დროს სცენაზე ცეკვა, მოძრაობა მეც მიწევდა. ვიცი, ჩემ შესახებ ამბობენ, - სამეჯლისო ცეკვებზე დადიოდაო, მაგრამ ეს ასე არ არის - არასოდეს მივლია, ჩემთვის ძალიან უცხოა.
დიდი ძალისხმევა გჭირდება, რომ მაყურებლების წინაშე ასეთი დახვეწილი ნომრები შეასრულო?
- ეს დიდ შრომას უკავშირდება. მიხარია, რომ ოთო ძალიან მომთხოვნი გახლავთ. შეიძლება, რაღაც რთული მოძრაობის შესრულება შემომთავაზოს და მკითხოს: - შენი აზრით, ამას გავაკეთებთო? შეიძლება, ვიდეოში რაღაც ილეთი მომეწონოს და ვკითხო: - ეს გამოგვივა-მეთქი? ოთოსგან "არა" არასოდეს გამიგონია, პირიქით - უნდა, რომ სცადოს და თუ გამოგვივა, ძალიან კარგი. საბოლოო ჯამში, რაიმე მოძრაობა თუ არ გამოგვივიდა, ნომრის შესრულებისას აღარ გამოვიყენებთ, მაგრამ ექსპერიმენტების ჩატარება თავადაც უნდა. მეც მსურს, ახალი ვცადო, რაზეც შეიძლება, ვფიქრობდე, რომ არ შემიძლია, მიჭირს, მაგრამ თურმე, შემძლებია...
- ცეკვის გარდა, დრო რისთვის გრჩება?
- ძირითადად, სულ რეპეტიციაზე ვარ, მაგრამ დღის განმავლობაში, თუკი რამდენიმე საათით მოვიცალე, ვცდილობ, ბაბუა ვნახო. სამწუხაროდ, მას ხშირად ვერ ვნახულობ. როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, ბაბუასთან, დეიდასთან, ჩემს ოჯახთან, ახლო მეგობრებთან მივდივარ და დროს მათთან ერთად ვატარებ.
- ბაბუა როგორ გგულშემატკივრობს? "ლაივებზე" ვხედავთ ხოლმე...
- ძალიან ნერვიულობს იმის გამო, რომ არ უნდა, მე ვინერვიულო და სულ მეუბნება, - ახლა საქმეს წყნარად, მშვიდად შეუდექიო, მაგრამ კახიმ კომპლიმენტები არ იცის. საერთოდ, კომპლიმენტების თქმა არ უყვარს და არც ჩემთვის უთქვამს, არც - მამაჩემისთვის, არც მამიდაჩემისთვის... ყოველთვის ძალიან ნეიტრალურ პოზიციაზეა.
- კრიტიკა თუ სჩვევია? აფასებს შენს ცეკვას ან თუნდაც, სპექტაკლში თამაშს?
- არა, არასდროს აფასებს. ეს ყველას ძალიან უკვირს, რადგან სპექტაკლები ნანახი აქვს, რომელშიც ვმონაწილეობდი და "ცეკვავენ ვარსკვლავების" "ლაივებსაც" ყოველთვის ესწრება, მაგრამ არც კრიტიკულად მაფასებს, არც კომპლიმენტს მეუბნება. ქართული ცეკვის შესრულების შემდეგ, უბრალოდ, მკითხა: - მუხლები არ გტკივაო? "იმის იქით" არაფერი უთქვამს (იცინის).
- ოჯახის სხვა წევრებზე რას გვეტყვი, როგორ გგულშემატკივრობენ?
- მამიდა (ნანუკა ხუსკივაძე) ამ ყველაფერში ძალიან ჩართულია, ასევე - დეიდაჩემი, მთელი ოჯახი და სამეგობრო წრე. ჩემს ახლობლებს რეპეტიციების ამსახველ ვიდეოებს ვუგზავნი ხოლმე. პირველ რიგში, სიახლეს მათ ვუზიარებ, რა თქმა უნდა.
- შენს ცხოვრებაში ამ პროექტმა რა შეცვალა?
- პირველ რიგში, ამ 2 თვის განმავლობაში, უამრავი არაჩვეულებრივი ადამიანი გავიცანი. მგონი, ეს ის ადამიანები არიან, ვინც მართლა სიცოცხლის ბოლომდე ჩემს ცხოვრებაში იქნებიან. როცა ამერიკაში წავალ, ვიცი, მათთან ურთიერთობა მექნება. ვფიქრობ, ამ პროექტში ძალიან კარგი ჯგუფი შეიკრიბა. ბედნიერი ვარ, რომ აქ ასეთი ურთიერთობები არსებობს.
- პროექტში მონაწილეობამდე, საქართველოში შენი ყველაზე ხანგრძლივი ვიზიტის შესახებ მოგვიყევი...
- პატარა რომ ვიყავი, ზაფხულობით, 2-3 თვით ჩამოვდიოდი, მაგრამ რაც თეატრში მუშაობა დავიწყე, საქართველოში, წელიწადში მხოლოდ 1 თვით ჩამოსვლას ვახერხებ. აქაურობას ძალიან მონატრებული ვარ. ამიტომ პროექტში მონაწილეობის შესახებ შემოთავაზებამ გამახარა - ეს მიზეზი იყო საიმისოდ, რომ საქართველოში 4 თვით, ოჯახთან ერთად ვყოფილიყავი.
გაგრძელება