ინტერვიუ

ლიტერატურული კონკურსის - "გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებული გოგოები და მათი წიგნები

ლიტერატურული კონკურსის - "გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებული გოგოები და მათი წიგნები
გვანცა გუბელაძე და ნათია ჯაგოდნიშვილი ლიტერატურული კონკურსის - "გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის" გამარჯვებულები არიან.
იანვარში მათი სადებიუტო წიგნების პრეზენტაცია გაიმართება. გვანცა გუბელაძის რომანის სახელწოდებაა - "შულამელი გოგოები. ნათია ჯაგოდნიშვილის რომანს - "ცდუნება" ჰქვია.

ახალგაზრდა მწერლები "მარაოს" რუბრიკის სტუმრები არიან და ერთმანეთს უსვამენ კითხვებს. 

გვანცა გუბელაძე - ნათია ჯაგოდნიშვილს:


ნათია, რა იგრძენი, როდესაც „ბესტსელერი 2018“-ის გამარჯვებული გახდი და გაიგე, შენი წიგნი დაიბეჭდებოდა?

- კარგად მახსოვს, თორმეტი საათი რომ შესრულდა და ხმის მიცემის ღილაკი გაქრა, ბოლოჯერ გადავტვირთე
საიტი, შემდეგ თვალები დავხუჭე, ღრმად ამოვისუნთქე და მხოლოდ ერთი სიტყვა ვთქვი: „მორჩა!“
იმდენ ხანს გაგრძელდა საკონკურსო პერიოდი და ისეთი დატვირთული იყო ემოციურად, ბოლომდე ვერც გავიაზრე ეს „მორჩა“ თუ იმას ნიშნავდა, სინამდვილეში მაშინ რომ იწყებოდა ყველაფერი. ახლაც, უკვე რომ ვნახე ჩემი წიგნი და შევეხე, კიდევ ვერ დავიჯერე რომ სიზმარში არ ვარ და ჩემი ოცნება გამომცემლობა „პალიტრა
L“-მა რეალობად აქცია.

გახსოვს როგორ დაიწყე წერა, როგორი იყო შენი პირველი ნაბიჯები მწერლობაში?


- 13 წლის ვიყავი, როცა წერა დავიწყე და ყოველთვის ვხუმრობ, რიცხვი 13 სულაც არ გამოდგა ჩემთვის თარსი. პირიქით, ახალი სუნთქვა გამეხსნა მას შემდეგ, რაც კალამი ხელში ავიღე. საუბარს ყოველთვის წერა მერჩივნა და პირველი ნაბიჯების გადადგმაც სწორედ იმან გამოიწვია, ამდენი ფიქრი თუ სათქმელი გონებაში რომ ვეღარ ჩავატიე და მინდოდა გარეთ გამომეშვა. თავიდან ერთი საიტის ფორუმზე ვწერდი და სრულიად უცხო ადამიანებს ვაკითხებდი ჩემს ნაწერებს, შემდეგ უკვე ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებსაც გავუაზიარე და ნელ-ნელა კონკურსებშიც დავიწყე მონაწილეობის მიღება. უნდა ვაღიარო, 13 წლის ნათიას სადღაც გულის სიღრმეში სჯეროდა, ერთ დღეს წიგნის ყდაზე რომ დაიწერებოდა მისი სახელი და გვარი, მაგრამ მაშინ უფრო ამბიციური იყო, ალბათ, რადგან ახლა, როცა მართლა დაიწერა, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ ბოლომდე.

როგორ იბადებიან შენი ნაწარმოებების პერსონაჟები?

- ძალიან საინტერესო კითხვაა და ვაღიარებ, მეც ხშირად დამისვამს საკუთარი თავისთვის. უმეტესად ჩემი პერსონაჟები სრულიად უადგილოდ ჩნდებიან ჩემს გულსა და გონებაში და შემდეგ ერთი ხელის მოსმით ყველაფერს ცვლიან და მთელს ადგილს თვითონ იკავებენ. მოდიან ისეთ დროს, როცა სრულიად სხვა რაღაცაზე ვფიქრობ, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვმგზავრობ, ან მუსიკას ვუსმენ, არსაიდან ჩნდებიან, რეალური ადამიანებივით იბადებიან და ნელ-ნელა ისეთი ხელშესახები ხდებიან, უნდა გამოვტყდე, ზოგჯერ მიფიქრია კიდეც, კონკრეტულ სიტუაციაში მე კი არა, ჩემი რომელიმე პერსონაჟი რომ ყოფილიყო, ასე მოიქცეოდა და მეც მირჩევდა რა უნდა გამეკეთებინა-მეთქი.


მინდა შენს წიგნს „ცდუნებას“ შევეხო, რომლის მთავარი პერსონაჟი, აივი, რთული გადაწყვეტილების წინაშე დგება, ქმარი თუ პირველი სიყვარული, რატომ დააყენე მაინცა და მაინც ამ დილემის წინაშე ?


- სინამდვილეში აივის გადაწყვეტილება ბევრად რთულია, რადგან ქმარსა და პირველ სიყვარულს შორის კი არ უნდა გააკეთოს არჩევანი, საკუთარ თავში უნდა გაერკვეს და მიხვდეს, რა სურს სინამდვილეში. ნამდვილი, რეალური აივი უნდა იპოვოს, რეალური სურვილებით და არ მისცეს გარემო-ფაქტორებს უფლება, მის გადაწყვეტილებაზე იმოქმედონ. საკმაოდ რთული იყო აივის ტყავში შეძრომა და მისი ამ გადაწყვეტილების წინაშე დაყენება, რადგან მხოლოდ პერსონაჟი კი არა, მეც ჩიხში მოვექეცი და წარმოდგენა არ მქონდა, როგორ უნდა გამეგრძელებინა სიუჟეტი, თუმცა ვფიქრობ, მთავარი ისაა, რომ აივიმ საკუთარი თავი იპოვა და იმას, თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მკითხველი სულ მალე გაიგებს და თავად შეაფასებს.

გაქვს თუ არა რაიმე კონკრეტული რიტუალი წერის პროცესში ?


- არ მაქვს რაიმე კონკრეტული რეცეპტი. თავიდან, როცა წერა დავიწყე, შემეძლო ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში მეწერა, რვეული დამქონდა-ხოლმე სკოლაში და შესვენებებზე, ზოგიერთ გაკვეთილზეც ვწერდი, არც ხმაური მიშლიდა ხელს და არც რაიმე სხვა. დროთა განმავლობაში ეს მიდგომა შემეცვალა და მართალია ახლაც არის სიტუაციები, გარემოებას რომ უგულებელვყოფ და მაინც ვწერ, თუმცა მირჩევნია გარშემო სრული სიჩუმე იყოს, უფრო მეხმარება კონცენტრაციაში. ძირითადად ღამე ვწერ, როცა ყველას სძინავს, მაგიდის სანათს ვანთებ და მაშინ ვაღვიძებ ჩემს პერსონაჟებს. მუსიკასაც იშვიათად ვუსმენ წერის დროს, თუ მოვუსმენ, აუცილებლად მხოლოდ მელოდია უნდა იყოს, ტექსტმა რომ ყურადღება არ გამიფანტოს. მაგრამ ეს ყველაფერი წერის დასაწყებად უფრო მჭირდება, თორემ შემდეგ, თავიდან ფეხებამდე სხვა სამყაროში რომ ვარ გადაშვებული, თუნდაც დაქცეულა ქვეყანა, ვეღარ ვამჩნევ ვერაფერს.

შენი აზრით, რა თვისებები უნდა გამოარჩევდეს მწერალს?

- ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი გულწრფელობაა. მწერალს პირველ რიგში თავად უნდა სჯეროდეს იმის, რასაც წერს, თავად უნდა გრძნობდეს, განიცდიდეს, თითოეული სიტყვას შეიგრძნობდეს და რაც მთავარია, არ იყოს ყალბი. მკითხველი ყოველთვის ხვდება ნამდვილ ემოციას და ვფიქრობ, ამას არც არაფერი შეედრება. მასებზე გათვლილმა, პოპულისტურმა თემებმა შეიძლება რაღაც პერიოდით მართლა აქციოს წიგნი ბესტსელერად, თუმცა დროის გასვლის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის ემოცია იქნება, რასაც მკითხველი წიგნის კითხვის დროს მიიღებს. დღეს, როცა ფაქტობრივად ყველა თემაზე უკე დაწერილა, რთულია რაღაც ახალი თქვა და ამით გააოცო ხალხი, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია გულწრფელი და ნამდვილი იყო, მკითხველთან და პირველ რიგში, საკუთარ თავთან.

ნათია ჯაგოდნიშვილი უსვამს შეკითხვებს გვანცა გუბელაძეს:

მოდი, მეც კონკურსით დავიწყებ... როგორ შეაფასებდი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“-ს? რა შეგძინა და გასწავლა ამ კონკურსმა გარდა იმისა, რომ „შულამელი გოგონები“ ფართო აუდიტორიის წინაშე გამოიყვანა?


- კონკურსმა ძალიან ბევრი რამ შემძინა და მასწავლა, პირველ რგიში, ის რომ მე მარტო არ ვარ და ჩემ გვერდით ყოველთვის არიან ჩემთვის ძვირფასი ადამიანები. ეს, რა თქმა უნდა, აქამდეც ვიცოდი, თუმცა ამ კონკურის განმავლობაში კიდევ უფრო გამოკვეთილად შევიგრძენი. კონკურსანტების სახით კი შევიძინე ახალი, ნიჭიერი კოლეგები. რაც მთავარია, ამ კონკურსმა საკუთარი თავის გარშემო შემომატარა და სხვაგვარი „მე“ დამანახა, კიდევ უფრო გამზარდა.

წიგნში საკმაოდ საინტერესო სიუჟეტი ვითარდება და ისტორიულ ნაწილსაც ეხები. რთული იყო ამაზე მუშაობა? და რატომ გადაწყვიტე თანამედროვე გოგოს ცხოვრება დაგეკავშირებინა დედოფლის ამბავთან?


- რთული არა, უფრო საინტერესო იყო. ჯერ დედოფლის ამბის წერით დავიწყე. სხვადასხვა დროს ვწერდი სხვადასხვა ნაწყვეტებს.

იმ პერიოდში ვასილ ბარნოვის „მიმქრალი შარავანდედი“ ახალი წაკითხული მქონდა. ერთხელაც მგზავრობისას წარმოვიდგინე, რას განიცდიდა დედოფალი თინათინი და დავინახე ყველაფერი არა ზოგად ისტორიულ ჭრილში, არამედ გრძნობების, დამოკიდებულებებისაა და პიროვნული განცდების დონეზე. მაშინ პირველი ფრაზა დავწერე -„მოზომილი ნაბიჯით გვიახლოვდებოდა მეფე, რომელსაც ექვსი შვილი გავუჩინე.“

მერე და მერე უფრო ჩამითრია ამ ამბავმა, წავედი ბიბლიოთეკაში და გავეცანი დედოფლის შესახებ არსებულ მწირ იმფორმაციას. არსებობდა ლეგენდაც, რომელიც ძირითადად მოგვითხრობდა იმაზე, როგორ ნახა თინათინმა სიზმარი, რომელიც აუხდა და ასე დაარსა შუამთის მონასტერი. საბოლოოდ იგი თავის მიერ აგებულ მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად. შუამთაში რამდენიმეჯერ ვყოფილვარ კიდეც, სხვათაშორის, ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული განცდა მქონდა ამ ადგილის მიმართ. პირველად რომ მოვხვდი, ისიც ვიფიქრე, რომ დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი იქ. მოკლედ, ამ ლეგენდის ტყუილ-მართალმაც დამაფიქრა და დავიწყე მისი ე.წ „გაშიფვრა“. მერე ვიფიქრე, რატომ არ შეიძლებოდა მსგავსი პერსონაჟი თანამედროვე ქართულ სამყაროსაც ყოლოდა, რომელიც გარკვეულწილად საკუთარ თავში მოაქცევდა ამ ეპოქისათვის დამახასიათებელ რაღაც ნიშნებს, ასე დაიბადა, ლილე... მერე ლილესგან კი სულამითი.


შესაძლებლობა რომ გქონდეს, რომელი წიგნის პერსონაჟის როლს მოირგებდი და ვისი ცხოვრებით იცხოვრებდი? რატომ? შეგიძლია რამდენიმე დაასახელო.

- პეპი ვიქნებოდი ასტრიდის სამყაროდან და ნოდარ დუმბაძის ხატია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი პერსონაჟი ერთი შეხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან ორივეს აერთიანებს ერთი რამ, პეპიც და ხატიაც ძლიერები არიან. აი, მათ როლს მოვირგებდი სიამოვნებით, იმიტომ, რომ მათში ვხედავ საკუთარ თავს. სხვათაშორის, ერთხელ სკოლაში უნდა დაგვედგა „მე ვხედავ მზეს“ და ხატიას როლი უნდა მეთამაშა. ვიდექი სარკესთან და ვიმეორებდი მის ფრაზებს. სამწუხაროდ, გარკვეული გარემოებების გამო ვეღარ დავდგით.

რომელია წიგნი, რომელმაც შენში გარდატეხა მოახდინა და სამყარო სხვა თვალით დაგანახა?

- როდესაც ამ კითხვას მისვამენ ერთს პასუხს ვცემ, ეს არის წიგნი, რომელიც არასოდეს წამიკითხავს. მწვანე ყდიანი წიგნი იყო, მე შევარჩიე… მამაჩემს მივუტანე და ვთხოვე, წაეკითხა. მანაც დაბალი ხმით დაიწყო: “ერთ ტყეში ერთი სახლი იდგა…” ეს იყო უზარმაზარი სამყარო, სადაც ცხოველები ცხოვრობდნენ… სამყარო, სადაც ერთ ბავშვს ბატკანი ჰყავდა და უფრთხილდებოდა მგელს არ შეეჭამა. სამყარო, სადაც ამინდის ღვთაებას ევედრებოდნენ ადამიანები წვიმა მოეყვანა ან მზე. წიგნი, რომელიც არასოდეს დაწერილა და რომელიც, თურმე მამაჩემმა რამდენიმე წუთში რამდენიმე წუთით გამოიგონა, კეთილი და ბედნიერი დასასრულით… აი, ამ „წიგნმა“ მოახდინა ჩემში გარდატეხა და დამანახა სამყარო სხვა თვალით: დედამიწაზე სიკეთეც არსებობს და ბოროტებაც და მაინც, რაც არ უნდა მოხდეს, ბოლოს სიკეთე იმარჯვებს.


თუ გჯერა, რომ არსებობს მუზა, უხილავი ძალა, რომელიც მოულოდნელად მოდის და გაწერინებს? თუ თავად შეგიძლია კონკრეტული გარემოების შექმნა, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობ და ისე დაწერ?

- მე არასდროს არ ვიცი, როდის მომინდება წერა... მუზების და მისნების არ მჯერა, მაგრამ მჯერა ემოციების, რომელიც გაწერინებს, ეს ერთგვარი სხვანაირი ხედვაა, ხედავდე სამყაროს განსხვავებულად. ხშირად ყოფილა ისე, რომ ძალიან მაგარი რამ დამიწერია გონებაში, მომწონებია და როდესაც საქმე მის გახსენებაზე მიმდგარა, სულ დამავიწყნია ხოლმე. ასე, გონებაში, შეიძლება ვწერდე, როდესაც მეგობრებთან ერთად ვარ, როდესაც ლექციაზე ვზივარ, როდესაც ვსეირნობ...

როგორ „აწყობ“ პერსონაჟს? დეტალურად იფიქრებ მის ხასიათს, ქცევებს, გემოვნებას, თუ წერის დროს, ეტაპობრივად მოდის ყველაფერი? გაქვს რაიმე კონკრეტული რეცეპტი, თუ როცა პერსონაჟი ჩნდება შენს გონებაში, უკვე ხორცშესხმულია და თავიდანვე იცი, როგორი უნდა იყოს და როგორ მოიქცევა კონკრეტულ სიტუაციაში?

- ერთია, შენ როგორ გინდა რომ მოიქცეს, რა გინდა რომ გააკეთოს პერსონაჟმა, მაგრამ, როდესაც კონკრეტულ სიტუაციას უახლოვდებით შენ და შენი პერსონაჟი, ის განსხვავებულად იქცევა, ვიდრე შენ გინდოდა მოქცეულიყო.







FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93