„დავობენ იმაზე, პირბადე წაღმა გაიკეთონ თუ უკუღმა“, - რეკომენდაციები H1N1-ის პრევენციისთვის არჩილ მარშანიასგან - Marao

„დავობენ იმაზე, პირბადე წაღმა გაიკეთონ თუ უკუღმა“, - რეკომენდაციები H1N1-ის პრევენციისთვის არჩილ მარშანიასგან

2019-01-18 12:34:53+04:00

H1N1, ე.წ. ღორის გრიპი წელს 16 ადამიანის დაღუპვის მიზეზად იქცა. დიდია იმ პაციენტთა რიცხვიც, რომლებსაც ვირუსი გაურთულდათ.

ამ მაჩვენებლებმა საზოგადოება ააღელვა და ვირუსისგან თავდასაცავად ათასგვარი მეთოდისთვის მიმართვა დაიწყეს, რაც ხშირად აზრს მოკლებულია. როგორ უნდა მოვიქცეთ სიმპტომების გამოვლენისას და არსებობს თუ არა პანიკის საფუძველი - MARAO.GE-ს ამ კითხვებს ექიმმა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა არჩილ მარშანიამ უპასუხა:

რა მთავარი სიმპტომებით ხასიათდება h1n1 და როგორ განასხვავოს პაციენტმა ჩვეულებრივი გრიპისგან? გამოვლენიდან რამდენ ხანში ხდება საშიში?

- ძირითადად, სეზონურ გრიპს ახასიათებს: ცხელება, შემცივნება, თავის, კუნთებისა და ყელის ტკივილი, სურდო, საერთო სისუსტე, ხველება და ა.შ. ბავშვებში შესაძლოა, ახლდეს გულისრევა და ღებინება.

გაურთულებელ შემთხვევაში ტემპერატურა 1-დან 4 დღის შემდეგ ნორმალიზდება და დაახლოებით, მეშვიდე დღიდან იწყება გამოჯანმრთელება. პანდემიური გრიპის სიმპტომატიკა იგივეა, თუმცა შედარებით უფრო აგრესიულობით გამოირჩევა და მაღალია გართულებების რისკი, შესაძლოა უფრო სწრაფად განვითარდეს ზემოთაღნიშნული სიმპტომები და მაღალი ტემპერატურა. ასეთ დროს, მკურნალობასაც შედარებით რთულად ემორჩილება.

შეუძლებელია, ზოგადად ვთქვათ, თუ რამდენ დღეში ხდება გრიპი საშიში. ეს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ზოგად მდგომარეობასა და დაავადების მიმდინარეობაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ გრიპის ყველა შემთხვევა საშიშია და ყველა შემთხვევა რთულდება, უმეტესობა მიმდინარეობს სერიოზული გართულების გარეშე, უბრალოდ, მეტი სიფრთხილეა საჭირო და სიმპტომების გამოვლინებისას, განსაკუთრებით თუ ფიქსირდება მაღალი სიცხე (380-ზე მაღლა) და სიმპტომები ვითარდება სწრაფად, აუცილებელია მალევე მივმართოთ ოჯახის ექიმს, რათა თავიდან ავიცილოთ სავარაუდო გართულებები და პაციენტი იყოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

როგორ უნდა მოვიქცეთ სიმპტომების გამოვლენის პირველ პერიოდში, სანამ ექიმს მივმართავთ?

- სიმპტომების გამოვლენისას აუცილებლად ვაკონტროლოთ ტემპერატურა, მივიღოთ სითხეები, მოვარიდოთ დაავადებული ადამიანი ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტს. პაციენტმა უნდა დაისვენოს, კარგად იკვებოს და კონსულტაციის მიხედვით მიიღოს ის მედიკამენტები, რომლებიც რეკომენდებულია გრიპის სიმპტომების სამკურნალოდ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ექიმთან ვიზიტის შემდეგ პაციენტებმა ხელმეორედ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას დაავადების სიმპტომების გაუარესებისთანავე, ან თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება, სიმპტომების გამოვლენიდან 72 საათის გასვლის შემდგომ.

რა საშუალებები არსებობს თავის დასაცავად?

- მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებით, საუკეთესო და ყველაზე ეფექტური თავდაცვა არის ვაქცინაცია, ვაქცინა უსაფრთხოა და რეკომენდებულია 6 თვიდან ნებისმიერ ასაკში, ასევე, ორსულებში. დაწვრილებითი კონსულტაციისთვის აუცილებელია, მივმართოთ იმუნიზაციის კაბინეტს. ამის გარდა, პირადი ჰიგიენური ნორმების დაცვა: ხელების ხშირი დაბანა, ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან თავის შეკავება, ავადმყოფის იზოლაცია (ტემპერატურის დარეგულირებიდან კიდევ 24 სთ-ის მანძილზე). ასევე, ე.წ. პირბადის ხმარება დახურულ და ხალხმრავალ სივრცეში.

რისკ-ჯგუფს რომელი კატეგორია მიეკუთვნება?

- ბავშვები (განსაკუთრებით, 2 წლამდე), ორსულები და ხანდაზმულები 65 წელს ზევით არიან განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფში. შესაბამისად, ვაქცინაცია განსაკუთრებით მათთვისაა მნიშვნელოვანი.

რისკ-ჯგუფში არიან ასევე  ადამიანები ჯანმრთელობის ისეთი დარღვევებით, როგორებიცაა: ფილტვების ქრონიკული დაავადებები (მაგ. ასთმა, ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება), გულის ქრონიკული დაავადება (მაგ. გულის შეგუბებითი უკმარისობა), ნივთიერებათა ცვლის დარღვევები (მაგ. დიაბეტი), ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებები, იმუნოსუპრესიულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტები. მიუხედავად აღნიშნულისა, გრიპის ვირუსით გამოწვეული ინფექცია ნებისმიერ ადამიანში შეიძლება მიმდინარეობდეს მძიმე ან გართულებული ფორმით.

დღეს რა მდგომარეობაა, იკლო თუ არა ვირუსის შემთხვევებმა?

- დაავადების კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ეპიდემიის საშიშროება ჯერჯერობით არ არსებობს, შემთხვევები ამ ეტაპზე დრამატულად არ იზრდება და სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს. რეალურად, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.

მთელი ქალაქი ლამის პირბადეშია გახვეული. არსებობს პანიკის საფუძველი?

- სამწუხაროდ, ინფორმაციის არასწორმა და ზოგჯერ უპასუხისმგებლოდ გაშუქებამ გამოიწვია ეს აჟიოტაჟი. ამ ეტაპზე ეპიდემიის ან პანიკის არანაირი მიზეზი და საფუძველი არ არსებობს.

ერთგვარად კურიოზული სიტუაცია შეიქმნა პირბადეებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ პირბადე ყველაზე ნაკლებეფექტური და დაბალი დონის რეკომენდაციაა ზემოთ ჩამოთვლილ ზოგად რეკომენდაციებს შორის, მთავარი აქცენტი გაკეთდა მაინც პირბადეზე. მიდის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული საუბარი, წაღმა უნდა გავიკეთოთ თუ უკუღმა, თთქოს ეს მეთოდი ავად თუ ჯანმრთელად ყოფნის სიგნალების გაშვებას ემსახურება და ა.შ. ამ ინფორმაციებმა და არაფრის მომტანმა დავამ სოციალური ქსელები წალეკა.

მთავარია, გვახსოვდეს, რომ უკუღმა და ინსტრუქციის საწინააღმდეგოდ კეთება არაფრის არ შეიძლება, პირბადე არის გრიპის პრევენციის ყველაზე ნაკლებად ეფექტური მეთოდი, მით უმეტეს, მისი ეფექტურობა ღია სივრცეში კიდევ უფრო ნაკლებია და თითქმის არაფრის მომცემი, აღარაფერს ვამბობს პირბადით საკვების მიღებაზე, ღიმილის მომგვრელია, რა თქმა უნდა.

გავიმეოროთ, რა არის მთავარი პრევენციული ღონისძიებები და როგორ ავირიდოთ თავიდან გრიპი:

ყოველ წელს გავიკეთოთ სეზონური გრიპის ვაქცინაცია, დავიბანოთ ხელები ხშირად, მოვერიდოთ ხელით ცხვირზე, პირზე ან თვალებზე შეხებას, რადგან ვირუსი ამ გზით შეიძლება მოხვდეს ჩვენს ორგანიზმში; ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან და დაავადებულ ადამიანთან კონტაქტისგან თავი შევიკავოთ და ამას დამატებული, შეგვიძლია ვიხმაროთ პირბადეც დახურულ და ხალხმრავალ სივრცეში.

ასევე გავიმეოროთ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. მთავარია, გავითვალისწინოთ და მივყვეთ პრევენციული ღონისძიებების ძირითად რეკომენდაციებს.