29 წლის მარიამ ცქიფურიშვილი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში", საკუთარ დაოჯახებულ ბოსზე შეყვარებული დეტექტივი გოგონას როლს ასრულებს. როგორც მსახიობი ამბობს, მისი პერსონაჟი ქალების იმ კატეგორიას არ მიეკუთვნება, რომელიც თვითშეფასების ასამაღლებლად, სხვებს ოჯახებს უნგრევს... რეალურად, მარიამს საინტერესო ცხოვრება აქვს: სწავლობდა ტურიზმის მენეჯმენტს, მაგრამ მაინც რთული, თუმცა საყვარელი საქმის კეთება არჩია; იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი, დაინტერესებულია ფსიქოლოგიით, უყვარს კლუბური ცხოვრება... ღამის ცხოვრებას და მის ჰაბიტუსს გარშემო მყოფები ერთმანეთს ვერ უკავშირებენ. ამიტომ, მარიამის გართობის სტილი ბევრს უკვირს კიდეც...
- რამდენიმე წლის წინ, როცა თეატრალურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, "ჩემი ცოლის დაქალებისთვის" კასტინგი იყო გამოცხადებული. როგორც ყველა მონაწილეს, მეც ფოტო გადამიღეს. მას შემდეგ არავინ შემხმიანებია... პროფესიით მსახიობი ვარ. თეატრში, სპექტაკლებში ვმონაწილეობდი და შეიძლება ვინმემ სცენაზე მნახა - სერიალში როლისთვის განსაკუთრებული სინჯი არ გამივლია. კასტინგის მენეჯერი დამიკავშირდა და აკაკი შუკაკიძის თანამშრომლის როლი შემომთავაზა. რამდენიმე სერიის ეთერში გასვლის შემდეგ ნელ-ნელა ჩვენი "ხაზი" უფრო გაღრმავდა და განვითარდა.
- სერიალში თქვენს პერსონაჟზე რას გვეტყვით, როგორი გოგოა?
- რაღაცებით ძალიან მგავს. როცა სცენარს მიგზავნიან, ვფიქრობ - საიდან გაიგეს, რომ მეც ზუსტად ასე მოვიქცეოდი, მეც მაქვს მსგავსი თვისება-მეთქი? რაღაცებით განვსხვავდებით კიდეც... ჩემი პერსონაჟი ერთი ჩვეულებრივი გოგოა, რომელიც მხიარულია, სულელის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ სინამდვილეში ასეთი არ არის - შეიძლება, გარკვეულ საკითხში სხვაზე მეტად ჭკვიანი იყოს. ხალისიანი იმიჯი აქვს.
- რომელ სიტუაციებს გულისხმობდით, როცა თქვით - მეც ასე მოვიქცეოდიო?
- მაგალითად, ჩემი გმირი აკაკის სიყვარულს უხსნის. ეს არასტანდარტული საქციელია, ხომ? ბევრი გოგო ბიჭს სიყვარულს არ უხსნის - პირიქით ხდება ხოლმე. მე სიყვარული არავისთვის ამიხსნია, მაგრამ მგონია, რომ თუკი გინდა, შენს ცხოვრებაში რაღაც შეიცვალოს, აუცილებელი არ არის, ელოდებოდე, ეს როდის მოხდება, ამისთვის ნაბიჯები უნდა გადადგა.
- თქვენმა პერსონაჟმა, იმის გამო, რომ თავი კომფორტულად ეგრძნო, საყვარელ ადამიანს სიყვარულის ახსნით დისკომფორტი შეუქმნა - აკაკის ცოლი ჰყავს...
- ჰო, ცოლის ფაქტორი უკვე სხვა საკითხია. ეს ჩემთვის მიუღებელია. გაცვეთილი, მაგრამ მნიშვნელოვანი ფრაზაა: სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას ვერ აიწყობ. ცხოვრების კანონი ასეთია... არ ვისურვებდი, ასეთი რამ დამმართნოდა, თუმცა შეიძლება, ყველაფერი მოხდეს. თან, ჩემი პერსონაჟი "ამხევი" ქალი არ არის, რომელიც სხვისთვის ცოლის წართმევაზე "ჩალიჩობს". მას თავისთვის უყვარს, არაფერს ითხოვს. ერთ-ერთ ეპიზოდში ისიც კი თქვა, - ცოლიანად მიყვარსო და გამეცინა. მისი სიყვარული უფრო პლატონურია, ვიღაცას ოჯახს არ დაუნგრევს... ეს ყველაფერი აკაკისთვის დისკომფორტია, მაგრამ გარკვეულწილად, შეიძლება სასიამოვნოც იყოს. საბოლოო ჯამში ხომ ბიჭსაც და გოგოსაც სიამოვნებს, როცა სიყვარულს უხსნიან.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ისეთი გოგოს არსებობა, რომელსაც ბიჭი "თავისი ცოლიანად" უყვარს?
- რა თქმა უნდა, ეს სერიალში უფრო გაბუქებულად არის წარმოჩენილი, მაგრამ ჩემი აზრით, შესაძლებელია: ბავშვობაში ერთი ბიჭი მიყვარდა (პლატონურად). წერილებს ვუწერდი და მთელი ამბები... შემდეგ შევიტყვე, რომ ამ ბიჭს შეყვარებული ჰყავდა. ის გოგოც მომწონდა. როცა ადამიანი ცალმხრივად გიყვარს, მის გვერდით ყოფნას ნატრობ, ოცნებობ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში აღარ "მიჰყვები"... როცა ასაკი გემატება, რაღაცებს სხვაგვარად აფასებ, მაგრამ ალბათ, მაშინ ცოტათი მინდოდა კიდეც, რომ ისინი ერთად ყოფილიყვნენ. როცა რომანტიკულ ფილმს უყურებთ, ხომ წყვილის მხარეს ხართ? დაახლოებით ასეთი სიტუაციაა... მგონი, ასეთი ადამიანები არსებობენ, თან - ბევრნი. უბრალოდ, ამას არ აღიარებენ, არ გამოხატავენ...
- რეალურ ცხოვრებაშიც ასეთი გულღია ხართ? თქვენს პირად განცდებს, გულის ნადებს გარშემო მყოფებს ანდობთ?
- არ მინდა, ჩემს თავზე ძალიან დადებით კონტექსტში ვილაპარაკო, როგორი გულღია ვარ-მეთქი, თუმცა გულღიაობა გარკვეულწილად, კარგი თვისება არ არის - არ შეგიძლია, ადამიანმა საკუთარ თავში რაღაც დაიტოვო. ამას ისე აღვიქვამ, როგორც პრობლემას. ორი უკიდურესობა არსებობს: ზოგი ადამიანი ყველაფერს გულში იტოვებს, ზოგი კი - პირიქით. მე მეორე უკიდურესობას მივეკუთვნები. ჩემთვის ეს თერაპიაც არის და გარკვეულწილად - საზიანოც. მაგალითად, როცა ადამიანი პარიზში მარტო მიდიხარ, გიჩნდება სურვილი, ეიფელის კოშკის ნახვით მიღებული შთაბეჭდილება ვინმეს გაუზიარო, თუმცა ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც მარტოც კარგად გრძნობენ თავს. მე კი მინდება, ახალი შთაბეჭდილება, გამოცდილება, სევდა თუ ტკივილი სხვასაც გავუზიარო და მისი აზრიც მოვისმინო.
განაგრძეთ კითხვა