„ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო პერიოდის სერიებმა კიდევ ერთი საინტერესო მსახიობი გამოავლინა, რომელსაც საკუთარი გმირის ხასიათი ისე კარგად აქვს მორგებული, რომ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია.
საუბარი ქეთისა და ზაზას შვილზე, ნიაკოზეა. მის როლს 7 წლის ნასტასია კალანდაძე ასრულებს, რომელიც პირველ კლასში სწავლობს და უკვე რამდენიმე წელია „ჩცდ“-ის მსახიობია. ნასტასიას სამსახიობო მონაცემები გენეტიკის დამსახურებაა -პატარა გოგონა მსახიობების, გიორგი კალანდაძის და ნათია წიწილაშვილის შვილია. სხვათა შორის, ნათია თავადაც თამაშობდა ამ სერიალში, დორას რძლის, გუგუნას ცოლის როლს.
ნათიამ და გიორგიმ ერთმანეთი სერიალ „ჩიფსების თაობის“ გადაღებებზე გაიცნეს, მალევე გაუჩნდათ გრძნობები და ოჯახი შექმნეს, თუმცა ბავშვის დაბადებიდან მოკლე დროში გაშორდნენ და ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ნასტასია დედასთან ცხოვრობს, მაგრამ აქტიური ურთიერთობა აქვს მამასთან. ნიაკოს რეალურ დედას, ნათიას, პატარა მსახიობზე ვესაუბრეთ.
- ნათია, ვისი იდეით მოხვდა სერიალში ნასტასია?
- რასაკვირველია, ეკა მჟავანაძის. როდესაც სერიალისთვის ნასტასიას ასაკის ბავშვი დასჭირდათ, დამირეკეს. მაშინ 3-4 წლის იქნებოდა. უარი არ მითქვამს და მივიყვანე. იქიდან მოყოლებული, აქტიურად იღებს მონაწილეობას სერიალში.
- როგორ ახერხებდით იმას, რომ 3 წლის ბავშვი გაგეჩერებინათ კამერის წინ? გასაგებია, მაშინ ამხელა სცენები არ ჰქონდა სათამაშო, როგორც ახლა, თუმცა, მაინც რთული მეჩვენება ამ ასაკის ბავშვის გადაღებებში მონაწილეობა...
- თავიდან ისე იყო, რომ უბრალოდ კადრში უნდა გამოჩენილიყო ბავშვი. გადაღებები გვქონდა წავკისში, ყოველდღიურად ავდიოდით და ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში ვიყავით. მიუხედავდ იმისა, რომ დარბოდა აქეთ-იქით და მე დავდევდი, მაინც აკეთებდა იმასაც, რასაც ვეუბნებოდით. დამჯერი ბავშვია და არ გაგვჭირვებია არაფერი.
- ახლა სამუშაო ბევრად მეტი აქვს, ტექსტი აქვს დასამახსოვრებელი, მისი პერსონაჟი აქტიური გახდა ბოლო პერიოდში. როგორ უმკლავდება ახალ-ახალ დავალებებს?
- სცენარს წინასწარ გვიგზავნიან, მაგრამ ეს არ მაძლევს საშუალებას, რეპეტიცია გავატარო. როცა გადაღებაზე მივყავართ, გზაში ვრეპეტიციობთ ცოტას. ზოგადად, რაღაცაზე რომ ელაპარაკები, რამეს ეუბნები, არ გიყურებს, გგონია, არ გისმენს, რაზეც თავიდან ვბრაზდებოდი, მაგრამ მერე აღმოვაჩინე, რომ ზუსტად იმას აკეთებს გადასაღებ მოედანზე, რასაც ვეუბნებოდი მაშინ, როცა მეგონა, არ მისმენდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილია, სერიალის ყურებისას მეც გაოგნებული ვრჩები, როგორ გამოსდის ბავშვს თამაში ასე რეალისტურად. არადა, მისი ასაკიდან გამომდინარე, არ ფიქრობს გმირის შექმნაზე, პერსონაჟის ხასიათზე. ალბათ მართლა განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული და ამიტომაც ბუნებრივად გამოსდის ის, რასაც აკეთებს.
გაგრძელება