"ამ კონკურსში ჩემი მოვალეობაა მონაწილეების გვერდში დგომა, მათ ოთახში ყოფნა და იქიდან ჩართვა. დიახ, მხარი უნდა დავუჭირო, გავამხნევო და მაყურებელს წარვუდგინო. უკვე გავიცანი ათეული. მართლაც არაჩვეულებრივი ათეული შეიკრიბა, უკლებლივ ყველა ძალიან ნიჭიერია - პოზიტიური, ენერგიული",
- გვეუბნება "საქართველოს ვარსკვლავის" ერთ-ერთი წამყვანი, ტელეჟურნალისტი, გადაცემა "ნაშუადღევის" წამყვანი ნინუცა ორჯონიკიძე. როგორც ნინუცა ამბობს, ასეთი მასშტაბური პროექტი მისთვის პირველია და კონკურსანტებივით ისიც განიცდის. მონაწილეები უზომოდ მოსწონს და მზად არის, მათი ოთახიდან მხარი დაუჭიროს: "უკვე თვალცრემლიანი ვარ, როცა წარმოვიდგენ, რომ ამ შემადგენლობას რომელიმე უნდა გამოაკლდეს. ამ პროექტში ალბათ ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ მათთან მაქვს შეხება. ესენი ისინი არიან, ვისზეც ეს გადაცემა რეალურად დგას".
- ე.ი. პროექტი ძალიან მოგწონს...
- "ევროვიზიასთან" დაკავშირებით ცალსახად ერთი შეხედულება არ არსებობს, რადგანაც აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ამ პროექტში აქამდე არ ყოფილა იმის შანსი, "ევროვიზიის" კონკურსანტი ხალხს აერჩია. ახლა პირველად ხდება, როცა ხალხის ხმა ამ საქმეში გადამწყვეტია და ეს ამ პროექტში ყველაზე მეტად მომწონს. თან, კიდევ უფრო გამარტივდა ხმის მიცემა, - "ფეისბუქის" საშუალებითაცაა უკვე შესაძლებელი. მართლა ძალიან ხელმისაწვდომია ყველასთვის. ასე რომ, ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული და მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია.
- "ფეისბუქით" ხმის მიცემა მართლა სიახლეა...
- კი, ეს ხმის მიცემის ინოვაციური მეთოდია. დარწმუნებული ვარ, ნიჭიერი ხალხი ვართ და მაშინვე ავუღებთ ამ ყველაფერს ალღოს, ახალგაზრდობა აიტაცებს. მთავარია, მაყურებელმა თავის ფავორიტებს მისცეს ხმა და ბოლომდე ჩართულები იყვნენ. ვიმეორებ, ისეთი ათეულია, "ევროვიზიაზე" წასვლას ყველა იმსახურებს, ტყუილად კი არ შეარქვეს არაჩვეულებრივი ათეული. განაგრძეთ კითხვა