ინტერვიუ

ვინ არის გოგო, რომელმაც წიგნები ორიგინალურ აქსესუარებად აქცია

ვინ არის გოგო, რომელმაც წიგნები ორიგინალურ აქსესუარებად აქცია
ყველა მკითხველისთვის ნაცნობი შეგრძნებაა, წიგნის ბოლო გვერდის გადაფურცვლის შემდეგ რომ გეუფლება უცნაური სევდიანი განცდა. ეს ის მომენტია, როცა ერთდროულად ბედნიერიც ხარ და ნაღვლიანიც. თუ რომელიმე რომანი გამორჩეულად შეგიყვარდა და ნოსტალგია არ გასვენებს, შეგიძლია საყვარელი წიგნის პაწაწინა მოდელი გულზე დაიკიდო და ყველგან თან წაიღო…
ან, თუნდაც მხარზე გადაიკიდო და სხვა წიგნების ჩასალაგებლად გამოიყენო. ამგვარად მზად იქნები ახალი შთაბეჭდილებებისა და თავგადასავლებისთვისაც.


ეს ორიგინალური
და საინტერესო წამოწყება ნინო გარაყანიძეს ეკუთვნის. ნინო პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა. მან საკუთარ სახლში მოაწყო სახელოსნო და ოჯახის წევრების შთაგონებითა და თანადგომით, საკუთარი ხელებით ქმნის ორიგინალურ წიგნის ფორმის ყელსაბამებს, სამაჯურებს, ჩანთებს, საათებსა და სხვა აქსესუარებს.


- ბავშვობიდან მიზიდავდა საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და მათი გამოყენება და გაჩუქება; ქსოვა, კერვა, სუვენირების და სამკაულების გაკეთება. ყოველთვის მინდოდა მქონოდა ისეთი სივრცე, სადაც შევქმნიდი ამ ყველაფერს და მოვახდენდი რეალიზაციას. ანუ მაღაზია-სახელოსნო. სახელოსნო ამჟამად მაქვს სახლში მოწყობილი, ხოლო რეალიზაციას ვახდენ "ფეისბუქგვერდის" საშუალებით. ასევე შემაქვს წიგნის მაღაზიებში და მონაწილეობას ვიღებ სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვაში. წიგნის თემა არის ჩემი ძირითადი მიმართულება, რომელზეც დაახლოებით 5 წელია ვმუშაობ. თავიდან ვაკეთებდი სამკაულებს ეთნიკურ სტილში. 2012 წლიდან გავაკეთე "ფეისბუქგვერდი" nino.ge და როდესაც წიგნის თემაზე დავიწყე მუშაობა და გაამართლა, გავხდი მცირე მეწარმე და უფრო სერიოზულად მივუდექი საქმეს. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი გატაცება ჩემი სამსახური გახდა.

- რატომ აირჩიეთ წიგნის თემა ძირითად მიმართულებად?


- წიგნის იდეა ჩემმა შვილებმა მომაწოდეს, რადგან გამომცემლობასთან მქონდა შეხება და გადავწყვიტე, ჩემი საყვარელი საქმიანობა დამეკავშირებინა წიგნებთან. როდესაც დავამზადე პირველად წიგნი, მოწონება დაიმსახურა. ამასთანავე, ვამზადებდი იმიტომ, რომ ბავშვებს უფრო მეტი წიგნი წაეკითხათ და ჯილდოდ დაემსახურებინათ წაკითხული, საყვარელი წიგნის ყელსაბამი ან საკიდი ("ბრელოკი"). ამას მოჰყვა სხვა ნივთების დამზადებაც: წიგნის ფორმის საათები, მედალიონები, წიგნის ფორმის თექის ჩანთები, ლეპტოპის დასადები (ლეფთრეი) წიგნის, მუსიკის, ფილმის, მხატვრობის თემაზე. გარდა ამისა, ვაკეთებ ინდივიდუალურ დიზაინსაც, შეიძლება საერთოდ არ ეხებოდეს წიგნის თემას. მთელი ოჯახი აქტიურადაა ჩართული ამ საქმიანობაში, რაც ძალიან მახარებს.


- კონკრეტულად ვინ მუშაობს თქვენს პროდუქტზე? მარტო ამზადებთ საკიდებსა და აქსესუარებს თუ გეხმარებათ ვინმე?


- პირადად მე ვამზადებ ნივთებს და თუ დიზაინია გასაკეთებელი, მეუღლე მეხმარება. დიზაინს ხანდახან მეც ვაკეთებ, ბავშვები რჩევებს მაძლევენ ხოლმე ფერებთან დაკავშირებით. მოკლედ, ყველა ჩართულია საქმიანობაში. დამზადებით მე ვაკეთებ.

- რა მასალაზე მუშაობთ, გარდა თექისა?


- წიგნის ყელსაბამების მასალა პლასტმასივითაა, რბილია და ადვილად ვამუშავებ ხელით, ფურცლებს, წიგნის ფორმა რომ მივცე.
ასევე ვიღებ კორპორატიულ შეკვეთებს. ეს შეიძლება კომპანიის ლოგო იყოს ან უბრალოდ წარწერა სამახსოვროდ. ვამზადებ კიდევ ქვის აქსესუარებს, ანუ ზღვიდან ჩამოტანილ ქვებს ვხვრეტთ და გადაგვყავს შავ-თეთრი გამოსახულება ან წარწერა. ესეც მოთხოვნადია.

- რომელია ყველაზე მოთხოვნადი წიგნი? და ხომ არ გახსოვთ, რომელი იყო პირველი წიგნი, რომელმაც შთაგაგონათ?


- ყველაზე მეტად ითხოვენ ჰარი პოტერის და პატარა უფლისწულის თემაზე, თუმცა სხვა წიგნებიც იყიდება. პირველი წიგნი, მგონი, როგორც მახსოვს, იყო კარლსონი, რადგად თავიდან საბავშვო წიგნებს ვამზადებდი. ძირითადი მომხმარებლები არიან სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები.



- ხალხი როგორ შეხვდა ამ წამოწყებას? როგორ აფასებენ ნამუშევრებს?


- ძირითადად, ჰგონიათ, რომ გადაშლაც შეიძლება. მოსწონს უმრავლესობას. არის, რა თქმა უნდა, უარყოფითი კომენტარებიც, მაგრამ ძალიან იშვიათად და კრიტიკაც, რა თქმა უნდა, ზოგჯერ სასარგებლოა, რომ უფრო გაძლიერდე და უკეთესად გააკეთო ყველაფერი. ძირითადად, კარგი და დადებითი შეფასებებია, რაც ძალიან მახარებს და უფრო დიდ სტიმულს მაძლევს… ყველაზე კარგი გრძნობაა, როდესაც დაამზადებ და მათგან მოწონებას გრძნობ, რომელსაც არ მალავენ.

- ელოდით თუ არა მოვლენების ამგვარად განვითარებას, როცა ეს საქმე წამოიწყეთ?


- მართალი გითხრათ, ველოდი, რადგან მკითხველების რაოდენობა გაიზარდა. მიხარია, როდესაც პატარა მოსწავლეები მოდიან წიგნის ფესტივალზე და წაკითხული წიგნების აქსესუარებს კითხულობენ.

- სამომავლო გეგმებზე რას იტყვით?


- სამომავლოდ ვაპირებ უფრო მეტ ობიექტზე შევიტანო ჩემი პროდუქცია და მეტად ვიაქტიურო. შეიძლება ჩემი სტენდიც დავდგა სადმე, თუმცა ჯერ არ ვჩქარობ. იდეა ბევრია, მაგრამ დრო არ არის საკმარისი, ყოველთვის განვიცდი დროის უკმარისობას.

დაათვალიერეთ ნამუშევრები

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
*
ფეისბუქზე მოძებნეთ nino.ge
12:42 / 16-02-2019
გამოხმაურება / 0 /
.
წარმატებები !
15:31 / 15-02-2019
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31