"კომედი შოუს" მსახიობი ეკა აბშილავა ინტელექტუალური თამაშების მოყვარული ადამიანი ყოფილა. ეკას საყვარელი ავტორი გალაკტიონია, საყვარელი ლექსი - "ედგარი მესამედ".
მითხრა, რომ ბოლო დროს სქელტანიან რომანებს ნაკლებად კითხულობს, უმეტესად პიესებს ეტანება. მისი საყვარელი გმირი თავადის ქალი მაიაა.
- თავადის ქალი მაია რატომ მოგწონს?
- ძლიერი და მტკიცე პიროვნებაა. მის ადგილზე სხვა ცრემლებად დაიღვრებოდა, მას კი კურცხალიც არ გადმოვარდნია. თავადის ქალი დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი. ჩავიცვამდი კორსეტიან გრძელ კაბას და XIX საუკუნეში ვიცხოვრებდი.
- მას თუ ჰგავხარ?
- მიმაჩნია, რომ შინაგანად მეც ძლიერი ადამიანი ვარ.
- მსახიობობა რა ასაკში გადაწყვიტე?
- ბავშვობაში ძალიან მინდოდა, მხატვარი გამოვსულიყავი. მერე მსახიობობა მომინდა. ოცნება ავიხდინე. სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია.
- სკოლაში ყველაზე კარგად რომელ საგანს სწავლობდი?
- VII კლასამდე მათემატიკა მიყვარდა. ყოველდღე მეცადინეობას ამოცანების ამოხსნით ვიწყებდი. გეოგრაფიაც მომწონდა. რაც წამოვიზარდე და პიონერთა სასახლეში სიარული დავიწყე, ლიტერატურამ გამიტაცა.
ლექსებს დიდი სიამოვნებით ვიზეპირებდი. პოეზია დღესაც ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემი წაკითხული ლექსები არ მომწონს. ლექსის კითხვა ნიჭია. ჩემთვის გალაკტიონი მსოფლიო პოეზიის მეფეა.
- წიგნი მოგიპარავს?
- არა, ეს თავში აზრადაც კი არასდროს მომსვლია.
- მეხსიერება როგორი გაქვს, წაკითხული ადვილად გამახსოვრდება?
- რაც შთაბეჭდილებას ახდენს, ყველაფერი მამახსოვრდება.
- როგორც ვიცი, იუმორისტული გადაცემების გარდა, მარჯანიშვილის თეატრთან თანამშრომლობ...
- ახლა მარჯანიშვილის თეატრის სხვენში სარა კეინის "ფსიქოზზე" ვმუშაობთ. რეჟისორი ქაჩიბაიაა, ვმონაწილეობთ მე და მარიამ (მაშო) მელქაძე. პრემიერა, სავარაუდოდ, 1 თვეში გვექნება. მუსკომედიის თეატრში დადგმული სპექტაკლისგან განსხვავებული იქნება, მაგრამ რით - ამაზე წინასწარ ლაპარაკის უფლება არ მაქვს.
- კარდინალ რიშელიეს ძალიან უყვარდა ვაშლის სუნი. ის მაგიდის უჯრაში ვაშლს ყოველთვის ინახავდა. ერთხელ თავის აფთიაქარს ვაშლისა და ცხიმისგან საცხის დამზადება შეუკვეთა. დაასახელე სიტყვა, რომელიც ამ საცხთან ერთად გაჩნდა და რომელსაც დღეს ყველაზე ხშირად ქალბატონები ამბობენ...
- დავიბენი... თუ შეიძლება, კითხვა გამიმეორე (გამეორების შემდეგ)... ტუჩსაცხი, ანუ პომადა, ასეა?
- გამოიცანი. "პომადა" რომელი ფრანგული სიტყვისგან არის წარმოებული?
- "პომმ" ვაშლს ნიშნავს.
- რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ბრიტანულ გაზეთში შემდეგი შინაარსის განცხადება გამოქვეყნდა: "20 წლის გოგონა, კარგი ოჯახიდან, რომელსაც აქვს 2 მილიონი გირვანქა სტერლინგი, ოჯახის შექმნის მიზნით გაიცნობს წესიერ ყმაწვილს". როგორც მოგვიანებით გაირკვა, განცხადების ავტორი გოგონა უბრალო კოლექციონერი იყო. რას აგროვებდა ის?
- ალბათ მარკების შემგროვებელი იყო. ასეთი შინაარსის განცხადებას არაერთი ადამიანი გამოეხმაურებოდა.
- განცხადებით გაცნობაზე თავად რა აზრის ხარ?
- ჩემთვის ეს სასაცილოა და რაღაც მომენტში ამაზრზენიც.
- ინტერნეტით?
- ზოგიერთი იქ დიდ დროს ატარებს, ვიღაცას ეძებს, მერე ფოტო მოეწონება, რაღაცას მისწერს... არც ეს მომწონს.
- რა აქვთ საერთო იაპონელ კაცუსიკა ჰოკუსაის, ჰოლანდიელ ვან ჰოფ მესდაგს და რუს აივაზოვსკის?
- ვერ გიპასუხებ.
- ისინი მარინისტები იყვნენ. გერმანულად ეს სიტყვა სამკურნალო ადგილს ნიშნავს, სადაც კოტეჯებია მოწყობილი...
- (მაწყვეტინებს) სანატორიუმზეა ლაპარაკი.
- გალიაში იყო 5 კურდღელი. 5 ბიჭი მივიდა, ყველამ თითო წაიყვანა, მაგრამ გალიაში ერთი კურდღელი მაინც დარჩა, როგორ?
- მეხუთე ბიჭმა გალიიანად წაიყვანა.
- ალექსანდრე მაკედონელის ჟამთააღმწერთა მიერ ის აღწერილია, როგორც ფუტკრის გარეშე თაფლის მომცემი. რაზე წერდნენ ასე?
- ვერ გიპასუხებ.
- შაქრის ლერწამზე. 1790-1800 წლებში ქვრივი ქალბატონები მეჯლისზე თხელ წითელ ლენტს იკეთებდნენ. იმ დროის შავი იუმორის თანახმად, ქალბატონები ამ "სამკაულით" სხეულის რა ნაწილს იმშვენებდნენ?
- არ ვიცი.
- მაჯას. მანამ, ვიდრე მას მოდაში კოკო შანელი შემოიტანდა, ბევრისთვის სასურველი არ იყო. პირიქით, ადამიანის დაბალ წარმომავლობასა და მის მიერ შესრულებულ მძიმე სამუშაოზე მიუთითებდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ჯანმრთელობისთვის მავნებელია, მაგრამ მისი მსურველი დღესაც მრავლადაა. რაზეა ლაპარაკი?
- გარუჯვაზე.
- ტეხასელებს ძალიან უყვართ თავგადასავლების გაზვიადება. ამიტომაც კოვბოი-მთხრობელის დევიზია - "არასოდეს გააფუჭო კარგი ისტორია". რით?
- ლიტონი სიტყვებით.
- "სიმართლით". მისი ნახტომის სიგრძე სხეულის სიგრძეზე 200-ჯერ მეტია. რაზეა ლაპარაკი?
- კალიაზე.
- ცდები.
- მაშინ ვერ გიპასუხებ.
- მიგანიშნებ, ის ერთ-ერთი პოპულარული ზღაპრის პერსონაჟია...
- (იცინის) მივხვდი, რწყილზეა ლაპარაკი.
- შუა საუკუნეებში პორტუგალიაში, ესპანეთსა და პროვანსში გავრცელებული იყო ძვლის კოჭებით თამაში. რა ერქვა ამ თამაშს?
- არ ვიცი.
- აზარტი. აზარტული ადამიანი ხარ?
- ძალიან, მაგრამ სამორინეებში არ დავდივარ. სპორტული თამაშების აზარტი მაქვს, სადაც გამარჯვებას შეიძლება ჩემი გონებით, ფიზიკური მონაცემებით მივაღწიო.
- სპორტის რომელი სახეობა გიტაცებს?
- ჩემთვის ცურვა ყველაფერია. ზღვაზე იმიტომ მივდივარ, რომ საათობით ვიცურო. არ ვიღლები.
- ისინი წყალში ბინადრობენ და ერთმანეთთან "ლაპარაკი" შეუძლიათ. გარდა ამისა, სივრცის ორიენტაციისთვის ულტრაბგერითი სიხშირეების ცვალებადობას იყენებენ...
- რატომღაც დელფინები გამახსენდა.
- სწორი პასუხიც ეს არის. რომელ მდინარეზეა გაშენებული ავსტრიის დედაქალაქი ვენა?
- დუნაიზე.
- "ბუნების წესია ასეთი: მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი - უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება, ყბედი - მდუმარეს, ხოლო ლაჩარი - გმირს"... რომელი ცნობილი ქართველი კლასიკოსი მწერალია ამ სიტყვების ავტორი?
- კონსტანტინე გამსახურდია.
- რომელ სრუტეს არ გაივლის ბათუმიდან მარსელში გემით მიმავალი მოგზაური: ბოსფორის, დარდანელის თუ გიბრალტარის?
- სავარაუდო პასუხი მაქვს, მაგრამ მირჩევნია, შენ მითხრა.
- გიბრალტარის სრუტეს არ გაივლის. ბერძნულ მითოლოგიაში კარგად ერკვევი?
- ნაკლებად.
- რისი ღმერთია ბრმა?
- სავარაუდო პასუხებს ვერ მეტყვი?
- სიყვარულის, სიმდიდრის თუ ჯანმრთელობის?
- სიმდიდრის მგონია.
- დიახ. ახალგაზრდა ტიბეტელი ბიჭები მოწონებულ გოგონას ქუდს ჰპარავენ. რისი ნიშანია, თუ გოგონა ქუდის დაბრუნებას მოითხოვს?
- ალბათ თანხმობის. ქუდი რომ დაიბრუნოს, ხომ უნდა შეხვდეს? ასე არ არის?
- გამოიცანი. ძველი რომაელები ყველაზე მოკლე თითს უწოდებდნენ "აურიკულარის", ყველაზე გრძელს - "იმპუდიკუს". რომელ თითს უწოდებდნენ "დემონსტრატუს"?
- (ფიქრობს) ალბათ, საჩვენებელ თითს. გამოვიცანი?
- დიახ. სად მდებარეობს ევროპის გეოგრაფიული ცენტრი?
- არ ვიცი.
- უკრაინაში. კლასში 45 მოსწავლეა. ვაჟების რაოდენობა გოგონების რაოდენობის 50%-ს შეადგენს. რამდენი ვაჟია კლასში?
- გთხოვ, კითხვა გამიმეორე და დავიანგარიშებ (გამეორების შემდეგ) 15 არ გამოდის?
- აი, სკოლაში ნასწავლი მათემატიკა სად გამოგადგა. დაბოლოს, დაასრულე რუსოს ცნობილი გამონათქვამი: "მადლიერება მოვალეობაა, რომელიც უნდა შესრულდეს; მაგრამ იმის უფლება კი არავის აქვს, რომ"...
- ვერ დავასრულებ.
- "...რომ მას დაელოდოს".
თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)