ინტერვიუ

ვინ არიან Sparkle-ის გოგონები, რომელთა სიმღერა ჯესი ჯეიმ "ინსტაგრამზე" ატვირთა (ვიდეო)

რა ხდება, როცა სამი მიმზიდველი, ქარიზმატული მომღერალი ერთმანეთს უწევს კონკურენციას? ალბათ, იმარჯვებს საუკეთესოთა შორის საუკეთესო, სხვები კი მარცხდებიან, არა?
თუმცა, ჯგუფ  sparkle-ის გოგონებმა, პროექტ “ახალ ხმაში” დათო ფორჩხიძის გუნდში ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგ, გადაწყვიტეს, თავიანთი ძალები გაეერთიანებინათ და მალევე შეძლეს მსმენელის გულების დაპყრობა.

ქართულ "იქს ფაქტორში" მეორე ადგილი დაიკავეს და 2015 წელს მონაწილეობა მიიღეს უკრაინულ "იქს ფაქტორში". პირველ გამოსვლას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ისინი დღემდე თანამშრომლობენ უკრაინულ ტელეკომპანია СТБ-სთან.

დაახლოებით ექვსი თვის წინ ჯგუფი სალომე მერებაშვილმა
დატოვა. როგორც თავად გოგონები განმარტავენ, მიზეზი დროის უქონლობა იყო. სალომეს ადგილი sparkle-ში ია ორჯონიკიძემ დაიკავა. “ია სიამოვნებით დაგვთანხმდა , ძალიან კარგად შევეწყვეთ და შევეგუეთ ერთმანეთს” - ამბობენ ისინი.

მათი სავიზიტო ბარათი განსხვავებული კომპოზიციების მიქსია. ცოტა ხნის წინ ქართული ესტრადისა და Maroon 5-ის ჰიტის კომბინაციით ინტერნეტსივრცე დაიპყრეს და მეტიც, sparkle-ის ხმამ ჯესი ჯეიმდეც მიაღწია. ჩვენ დავინტერესდით sparkle-ის ისტორიითა და გეგმებით და დავუკავშირდით გოგონებს.  


რამდენი ხანია, რაც ერთად დაიწყეთ სიმღერა და რა ურთიერთობა გაკავშირებდათ მანანდე, სიმღერის გამო ხომ არ გადაიკვეთა თქვენი გზები?

ანი: 
- ჩვენი გზები გადაიკვეთა ერთ-ერთ პროექტში, სადაც ერთმანეთის კონკურენტები ვიყავით. შემდეგ სპეციალურად "იქს ფაქტორისთვის" შექმნეს ჩვენგან ჯგუფი. ხუთი წელი გახდება, რაც ერთად ვმღერით.

თანამშრომლობთ ერთ-ერთ უკრაინულ არხთან, როგორც ვიცი. ანუ უკრაინაში მოღვაწეობთ თუ საჭიროების შემთხვევაში მიფრინავთ?

- დიახ, უკრაინელებთან დღემდე ვმეგობრობთ, უამრავი გულშემატკივარი გვყავს. მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ჩავდივართ ხოლმე.

Maroon 5-ისა და ქართული ესტრადის კომბინაციამ ინტერნეტი დაიპყრო. თითქმის ყველა ვიდეოში რამდენიმე სიმღერის მიქსს აკეთებთ. ვისი იდეა იყო ამ სტილში სიმღერა, ანუ რამდენიმე სიმღერის მიქსი?

ია:

- ერთ-ერთ რეპეტიციაზე მოგვივიდა რამე ახლის და პოზიტიურის შექმნის იდეა. ვფიქრობთ, რომ ხალხი დაიღალა ამდენი ნეგატივით. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, ვასიამოვნოთ და გავაღიმოთ ჩვენი მსმენელი - იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბუნებრივად და თავისუფლად ვმღერით, ვფიქრობ, არც ისე მარტივია ამდენი განსხვავებული კომპოზიციის ერთად შეკვრა.

sparkle

დაახლოებით რა დრო სჭირდება რეპეტიციებს იმ შედეგისთვის, რაც ვიდეოებში ჩანს?

- გეთანხმებით, საკმაოდ შრომატევადია, გაიხსენო და ააწყო კომპოზიციები, რომლებიც ერთმანეთს მოუხდება, სასიამოვნო მოსასმენი იქნება და ერთ მთლიანობას შექმნის, ანუ ერთ სიმღერად იქცევა. ჩვენ ხშირად ვიკრიბებით, ვამზადებთ როგორც უცხოურ, ასევე ახალ, საავტორო სიმღერებს. მიქსებს რაც შეეხება, უკვე ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდა და ყოველთვის ვცდილობთ ახლის შექმნას. როდესაც ამხელა გამოხმაურებას, კმაყოფილ და ბედნიერ მსმენელს ვხედავთ, შეუძლებელია, არ მოგინდეს ახალი ვარიანტის შეთავაზება.

უამრავი ნახვა აქვს თქვენს ვიდეოებს, ინტერნეტსივრცეში პოპულარულები ხართ. ქუჩაში გცნობენ ხოლმე?

ნინი:
- განსაკუთრებით მაშინ, როცა სამივე ერთად ვართ. ძირითადად თინეიჯერი გულშემატკივრები გვცნობენ და ვუყვარვართ ძალიან.

sparkle

სიმღერასთან ერთად, სხვა საქმიანობითაც ხომ არ ხართ დაკავებული?

ანი:
- მე პროფესიით ვარ კულტურის მენეჯერი. ამჟამად ვარ Mess Dance Studio-ს პიარ-მენეჯერი. ახლო მომავალში მექნება საკუთარი სილამაზის სალონი.
ია პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა. თავისი პროფესიით სტაბილურად არა, მაგრამ სხვადასხვა საინტერესო პროექტზე უმუშავია. ასევე ითავსებს პიარ-მენეჯერობასაც, 2 წელი იყო რამდენიმე ტურისტული კომპანიის პიარ-მენეჯერი ერთობლივად. ამ ეტაპზე მხოლოდ სიმღერითაა დაკავებული, მაგრამ ბევრი საინტერესო იდეა და გეგმა აქვს, რასაც განახორციელებს ახლო მომავალში.

ნინი მუშაობს რადიოში, ერთ-ერთი გადაცემის წამყვანია.

პიროვნულ თვისებებზე რას იტყვით, ჰგავხართ ერთმანეთს?

ნინი:
- ბევრ საკითხში ვგავართ ერთმანეთს სამივე და ამასთან ერთად, სამივეს გვაქვს ჩვენი ინდივიდუალური ნიშა და ხედვა, რაც sparkle-ს მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის. ერთმანეთს ვგავართ მუსიკალური გემოვნებით, და არამარტო… საკვები ობიექტები, მაღაზიები, ბრენდებიც კი ერთნაირი მოგვწონს… ბევრი საერთო გვაქვს. სწორედ ამიტომ კარგი მეგობრები ვართ და ბავშვობის დაქალებზე მეტად ერთმანეთთან უფრო დიდ დროს ვატარებთ. ჩვენი საერთო ჩათი არასდროს ჩუმდება და სწორედ მანდ ცხვება ახალ-ახალი იდეები. ინდივიდუალური კი გვაქვს გარეგნობა, შესრულების მანერა, ტემბრი და კიდევ ბევრი რამ.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გწერენ, გგულშემატკივრობენ და თაყვანს გცემენ. როგორი გრძნობაა ეს? როგორც ვიცი, თქვენი ვიდეო ჯესი ჯეიმაც მოიწონა. რა რეაქცია გქონდათ?

ია:
- დიახ, ჯესი ჯეიმ ჩვენი ვიდეო "ინსტაგრამის" გვერდზეც გამოაქვეყნა. რა თქმა უნდა, ძალიან მოულოდნელი იყო მსოფლიო დონის ვარსკვლავის გამოჩენა.
სანამ გავიაზრეთ, არ გვჯეროდა. მართლაც თითქმის ყველა ქვეყნიდან გვწერენ, გვეპატიჟებიან თავისთან და გვესიყვარულებიან.
უდიდესი ბედნიერებაა მომღერლისთვის, როდესაც შრომას გიფასებენ და დადებითად ეხმაურებიან.


ჩანს, მამრობითი სქესის თაყვანისმცემლებიც ბევრია. გყავთ პარტნიორები?

- ია გათხოვილია, ანი - დანიშნული, ნინი - single. ყველგან გვეკითხებიან ამას, ყველა ინტერვიუსა თუ გადაცემაში (იღიმის). მალე ამ სათაურით სიმღერას გამოვუშვებთ - “ია გათხოვილია, ანი დანიშნული, ნინი single”.

ნინი, როგორი ბიჭები მოგწონს?

ნინი:
ამ ბოლო დროს ხასიათს უფრო ვაქცევ ყურადღებას, ვიდრე გარეგნობას. როგორი, ასე ვერ ვიტყვი კონკრეტულად არ აქვს მნიშვნელობა თმის და თვალის ფერს. ყურადღებიანი, მზრუნველი, თავის საქმის პროფესიონალი, იუმორი აუცილებლად.


და უახლოეს მომავალში რას გეგმავთ?

- საკუთარ სიმღერებსა და ალბომზე ვმუშაობთ ამ ეტაპზე და რა თქმა უნდა, არ მოვაკლებთ ჩვენს გულშემატკივრებს ვიდეოებს…


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
123
წარმატებები
14:19 / 24-03-2019
გამოხმაურება / 0 /
123
კარგები არიან
14:19 / 24-03-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30