მსახიობ ლელა მებურიშვილთან შეხვედრა მკითხველს, მაყურებელს ყოველთვის უყვარს. სიამოვნებით კითხულობენ მასზე სიახლეებს, ლელას მონაწილეობით უყურებენ სპექტაკლსა თუ სერიალს.
მართალია, ბოლო დროს სერიალებში აღარ უწევს მონაწილეობა, თუმცა ყველა ცნობილ სერიალში ნათამაშები აქვს. მისი, როგორც მსახიობის ხილვა, მაყურებელს ამჟამად მარჯანიშვილის თეატრში შეუძლია... ბოლო დროს მაყურებლის წინაშე ახალ ამპლუაში, შოუს წამყვა-ნადაც მოგვევლინა - პირველ არხზე "საქართველოს ვარსკვლავის" და "რანინას" წამყვანობა ანდეს.
რაში მდგომარეობს მისი სილამაზის საიდუმლო და როგორ ახერხებს მსახიობი მუდმივად ფორმაში ყოფნას - ლელა მებურიშვილთან საუბარი სწორედ ამით დავიწყეთ...
- კარგი გარეგნობისთვის ყველაზე აუცილებელი, მთავარი და მნიშვნელოვანი, დადებითი განწყობა და სულიერი სიმშვიდეა, რაც რთულად მიიღწევა. როცა ყველაფერს განიცდი, შფოთავ, ეს გარეგნობაზე აისახება და ჩემი აზრით, ქალის გარეგნობაზე განსაკუთრებით მოქმედებს. ამიტომ, ნებისმიერ სიტუაციაში, ძალიან ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო.
მაქსიმალურად ვიცავ თავს, რომ ღრმად არ შემოვუშვა უარყოფითი განწყობა, რომელიც სამწუხაროდ, გარშემო ძალიან ბევრია. ეს ხან გამომდის და ხან - არა. ვფიქრობ, ამ რჩევას ქალები თუ გაითვალისწინებენ და სისულელეებზე არ ვინერვიულებთ, შედეგი უკეთესი იქნება.
ფორმაში ყოფნისთვის დიდად არ ვზრუნავ. თან, ჩემი აზრით, ეს ცოტა ადრეც არის. ამ მიმართულებით აქტივობას, მგონია, რომ ასაკის მატებასთან ერთად დავიწყებ. ამ შემთხვევაში ყურადღებას ვაქცევ სწორ კვებას, თუ შესაძლებელია, ვვარჯიშობ ან ჰაერზე ბავშვებთან ერთად ფეხით აქტიურად დავდივარ, დავრბივარ. დილას და საღამოს თმის და კანის მოვლის იმ საშუალებებს ვიყენებ, რაც ჩემს კანსა და თმას უხდება.
- როგორ ფიქრობ, რაზე ნერვიულობს დღეს თანამედროვე ქალების უმეტესობა?
- არ შეიძლება ბავშვის დაცემინება-დახველებაზე, ყელის ტკივილზე, სიცხეზე, მცირე გაციებაზე საშინლად ვინერვიულოთ და გავგიჟდეთ. არადა, ეს ყველაფერი ჩვეულებრივი რამ არის, რომელიც ზუსტად ვიცით, რომ ძალიან მალე გაივლის და ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე ცუდად არ აისახება... საშინლად ვრეაგირებთ თუნდაც ჭორებზე. ვიღაცამ რაღაც თქვა ან გააკეთა, რაც არ მოგვწონს და ვიწყებთ განცდებს. არადა, ისეც ხომ გარდაუვალია - ყველას ვერ მოეწონები. ამაზე რომ ფიქრობ და იმაზეც, სამყაროში ყველას მოეწონო, ჩემი აზრით, ეგ არის ზუსტად სისულელეზე ნერვიულობა...