მერი ჭიჭიაშვილი ქართველი ემიგრანტია, რომელმაც ჯერ ესპანური სამზარეულო დაიპყრო, შემდეგ ინგლისის ყველაზე პრესტიჟულ და ცნობილ რესტორნებში მუშაობდა შეფ-მზარეულად და უმასპინძლდებოდა ვარსკვლავებს. ბოლოს კი რეალური დესერტებისა და კერძების ნაცვლად, პლასტმასის, თიხისა და სხვადასხვა მასალისგან მინიატურული ნაკეთობების შექმნა დაიწყო.
ჩვენ დავინტერესდით, როგორ ქმნის იოტისოდენა ფიგურებს ასე რეალისტურად მერი. როგორც აღმოჩნდა, ყველაფრის მიღმა საკმაოდ სევდიანი ისტორიაა - მისი შთაგონების წყარო გარდაცვლილი დედაა, რომლის მონატრებით გამოწვეულ დეპრესიასაც სწორედ პაწაწინა ნაკეთობების ძერწვით უმკლავდება.
- ოფიციალურად, როგორც შეფი, ვმუშაობდი 10 წელი. მანამდე კი სახლში ვამზადებდი ოჯახისთვის და მეგობრებისთვის.
ბოლო 4 წელი მთავარ კონდიტერად ვმუშაობდი ინგლისის ყველაზე პრესტიჟულ რესტორნებში.
- დიახ, ეს მანჩესტერში იყო. ჩვენ ვიყავით პირველი შეფები გახსნის დღიდან. ობიექტი რამდენიმე თვეში ინგლისის საუკეთესო რესტორნების სიაშიც მოხვდა. მივიღეთ არაერთი ტიტული, მათ შორის, მიჩელინის ვარსკვლავი. უამრავი ცნობილი ადამიანი გვსტუმრობდა - ადგილობრივი ტელეწამყვანები, მთავრობის წევრები და ფეხბურთის გუნდის მოთამაშეები. ჩვენთან ვახშმობდა მოურინიოც.
- მინიატურების გაკეთება ახლახან დავიწყე. ჯერ შაქრისგან ვაკეთებდი. ხალხს ისე მოსწონდა, რომ გადავწყვიტე, თიხისგან გამეკეთებინა. თიხა ბევრად უფრო გამძლეა, ვიდრე შაქრისგან გამოძერწილი.
- მიკვეთავენ კერძო პირები და ორგანიზაციები, რესტორნები, ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ სურთ გაალამაზონ ინტერიერი. ასევე, ჩემს მინიატურულ ნაკეთობებს ხშირად ჩუქნიან საყვარელ ადამიანებს. ვამზადებ მათი სურვილის მიხედვით და ზოგჯერ თავად ვთავაზობ კომპოზიციას.
- ჩემი შთაგონება დედაა. მასზე ფიქრმა დამაწყებინა ეს საქმიანობა. ვიცი, დედას ძალიან გაუხარდებოდა და ბედნიერი იქნებოდა… თითოეული ნაკეთობა მისი მონატრებითაა შექმნილი. ვიცი და ვგრძნობ, რომ ის ყოველთვის ჩემ გვერდითაა. ეს ყველაფერი ჩემთვის სასწაულია! ადრე თიხასთან არასდროს მქონია შეხება. ერთ დღეს გათენდა, დავჯექი და მას შემდეგ მინიატურული ნაკეთობები ჩემი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. თითქოს, ყველაფერი თავისით მოდის... ზოგჯერ შინაგანად ისე ძლიერად ვგრძნობ და ვხედავ, რაც უნდა გავაკეთო, მგონია, თვალები რომ დავხუჭო, თითები თავისით გააკეთებენ. ყველაზე უცნაური ისაა, რომ ადრე, გრაფიკაში ხატვის დროს ფერების ხედვა და დასმა მიჭირდა. ახლა კი ყველაფერს ვხედავ... დედა სიცოცხლეშიც გვერდში მედგა და მჯერა, რომ ახლაც ყველაფერი მისი დამსახურებაა.
- მასალა დამოკიდებულია იმაზე, რას ვაკეთებ და როგორი ეფექტით. ბევრს ვტესტავ, ექსპერიმენტებს ვაკეთებ სხვადასხვა მასალის შერევით. ჩემს ნაკეთობებში ხშირად საკვები ინგრედიენტებიც არის გამოყენებული (იღიმის).
- დიახ, ინგლისში ვარ, მაგრამ აქ თითქმის არავინ იცის ჩემი საქმიანობის შესახებ. ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა იციან. სამომავლოდ მინდა აქაც გავიტანო ჩემი ნაკეთობები. ვოცნებობდი, გამეხსნა ისეთი ადგილი, სადაც იქნებოდა გემრიელი დესერტები და ყოველთვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენა გამეკეთებინა.
- ჩემთვის ყველა საყვარელია... კეთების დროს ყველას ვეფერები (იღიმის). მაგრამ განსაკუთრებულად მიყვარს თოჯინების გაკეთება, მათი "გაცოცხლება“.
- ყველაზე დიდი სირთულე... (ფიქრობს) მთავარია, ფერები და ტექსტურა დასვა. ხშირად ნემსით ვმუშაობ და ვფიქრობ, ესაა შედარებით რთული პროცესი, რადგან თვალებზე მოქმედებს. როცა მუშაობას ვასრულებ, საღამოობით ყველაფერი ორად მეჩვენება. ხელოვნურ შუქზე ვერ ვმუშაობ, დღის შუქი მჭირდება სამუშაოდ.
- საყვარელი კერძი, ალბათ, ჩვენი ხაჭაპურია. ასევე, მიყვარს ზღვის პროდუქტები. დესერტები, განსაკუთრებით, შოკოლადის, ვანილისა და ლიმონის არომატებით მომწონს, თუმცა კონკრეტულად გამორჩეულად საყვარელი დესერტი არ მახსენდება.
- დედის გარდაცვალების შემდეგ კულინარიას გავანებე თავი. ამიტომ ამ მხრივ არაფერს ვგეგმავ… რაც შეეხება მინიატურულ გამოფენებს, ვაპირებ გამოფენის გაკეთებას, სავარაუდოდ, ლონდონსა და თბილისში...