"ჩემი ცოლის დაქალებში" ამ პერსონაჟის გამოჩენით მაკა ანჯაფარიძის ცხოვრება შეიცვალა. ავთო ბოცვაძესთან უსიამოვნო დიალოგს მაკას დისკრედიტაცია მოჰყვა - პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი გაუვრცელეს... ავთო ბოცვაძე დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილეა. როლს მსახიობი დიმიტრი ალავიძე თამაშობს, რომელიც 5 წელი უკრაინაში მოღვაწეობდა, სადაც ცნობილ სერიალებში იღებდნენ, რამდენიმე ფილმშიც გადაიღეს.
"5 სერიალში ვითამაშე. საკმაოდ კარგ მსახიობებთან, მაგრამ ახლა ჩამოვედი, რადგანაც ყველაფერს მაინც შენს ქვეყანაში საქმის კეთება ჯობია... თუმცა, პარალელურად, მე და გიორგი მეგრელიშვილი აქაც ვმუშაობდით ფილმებზე. სამი მხატვრული, სრულმეტრაჟიანი ფილმი გადავიღეთ და 2 მოკლემეტრაჟიანი", - გვეუბნება დიმიტრი, რომელიც მსახიობობის პარალელურად, პროდიუსერიცაა და როგორც შევიტყვეთ, წარსულში ერთ-ერთი ჟურნალის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ყოფილა.
- რას გვეტყვი როლზე, რომელიც "ჩცდ"-ში გაქვს?
- ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს, რადგან ასეთი უარყოფითი პერსონაჟი არ მითამაშია და, რა თქმა უნდა, სამუშაო ამ მხრივაც საინტერესო აღმოჩნდა. „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ რამდენჯერმე მქონდა შემოთავაზება, მაგრამ არ ვთანხმდებოდი, რადგანაც ქართველი მაყურებელი გემოვნებიანია, დიდი სიფრთხილეა საჭირო, შეცდომა არ მოგივიდეს, მერე „ფეხის ადგმა“ ხელახლა გაჭირდება. მოკლედ, რადგან „ჩცდ“-ში ჩემი პირველი გამოჩენა იყო, ძალიან პასუხისმგებლობით მოვეკიდე... უახლოეს სერიაში გამოჩნდება მეტად, თუ ვინ არის ჩემი პერსონაჟი.
- ანუ ავთო ბოცვაძე გაიხსნება, ვინ არის?
- გაიხსნება თუ დასრულდება მისი ამ სერიალში გამოჩენა, ეს არ ვიცი, მაგრამ ამ როლით უკმაყოფილო არ ვარ...
- ვინ არის რეალურად ეს კაცი?
- დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე.
- ბადრი კოლიას მოადგილე?
- მთლად ასეც არ არის, უფრო კოლიას კაცია უშიშროების სამსახურში. მოადგილე ხომ ძირითადად რაღაც საკითხების შემსრულებელი და მომგვარებელია. უფროსი სამსახურის სახეა, მოადგილე - ადამიანი, რომელიც პრობლემებს აგვარებს და ესეც აგვარებს...
- რა არის ეს უარყოფითი როლი შენთვის?
- ცოტა სხვანაირი ხასიათია და რთული იყო მისი მორგება. როცა პირველად უნიჭიერეს მსახიობ ნინო კასრაძეს, ანუ მაკა ანჯაფარიძის როლის შემსრულებელს შევხვდი, ნინომ მითხრა, - რაღა შენ აგარჩიეს ამ ცუდ როლზეო... თამაშის შემდეგ ქუჩაშიც რამდენიმე ადამიანი გამომეხმაურა, ჩემსკენ შეურაცხმყოფელი სიტყვებით დაიძრნენ... იყო ასეთიც - აეროპორტში კიევიდან რომ ჩამოვფრინდი, ერთი ქალბატონი მაკვირდებოდა და სახეზე აგრესია რომ გამოეკვეთა, მივხვდი, მოვიდოდა და რაღაცას მეტყოდა და ასეც მოხდა. „შე ბინძურო, დაუბანელო, რას ერჩი იმ ანგელოზივით ქალს, რატომ უვრცელებ ჩანაწერებსო?“ - მითხრა. გაგრძელება