"ვეუბნები: ცოლი თუ არ მოგყავს, ვინმესთან გააჩინე, შვილიშვილი მინდა-მეთქი..." - როგორი ბავშვი იყო ზალიკო ბერგერი და რას უწუნებს დედა ერთადერთ შვილს - Marao

"ვეუბნები: ცოლი თუ არ მოგყავს, ვინმესთან გააჩინე, შვილიშვილი მინდა-მეთქი..." - როგორი ბავშვი იყო ზალიკო ბერგერი და რას უწუნებს დედა ერთადერთ შვილს

2019-05-14 10:07:34+04:00

საკმარისია, დიზაინერი ზალიკო ბერგერი ტელეეკრანზე ან სოციალურ ქსელში გამოჩნდეს - ყველა იღიმის და კარგ ხასიათზე დგება. უყვართ პოზიტიური და ეპატაჟური დიზაინერი და მისი იუმორი. უყვარდე ადამიანების უმრავლესობას - ეს, ალბათ, უნარია, რაც ზალიკო ბერგერს ნამდვილად აქვს.

ინტერვიუებში დედას ხშირად ახსენებს, რომელიც უზომოდ უყვარს. ზალიკო ბელა ვეფხვიაშვილის ერთადერთი შვილია. დედას მიაჩნია, რომ ისინი ერთმანეთს ხასიათით, კომუნიკაციის უნარით, იუმორით, სითამამით ჰგვანან. ერთადერთ რამეს, რასაც ქალბატონი ბელა პოპულარულ შვილს უწუნებს, AMBEBI.GE-სთვის მიცემული ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ბოლო დროს ზალიკომ თავისი ლაივ-ვიდეოებით იმაზე მეტი გულშემატკივარი შეიძინა, ვიდრე ჰყავდა. როგორ უყურებთ მის აქტივობას სოციალურ ქსელში?

- დედა ვარ და როგორ შეიძლება, არ მომწონდეს, არ მიხაროდეს, მაგრამ ამას უარყოფითი მხარეებიც აქვს. ბევრს სვამს. ყველა ვიდეოში ჭიქა უჭირავს ხელში. ამას ძალიან კრიტიკულად ვუყურებ, სულ ვეუბნები, - ნასვამი ლაივებში რომ არ „შემოხვიდე“, არ შეიძლება-მეთქი? ადრე ასეთი რაღაცები არ ახასიათებდა. ამის გარდა, უკვე გადაცემებშიც დაიწყო სმა.

ცოტა ხნის წინ მაია ასათიანთან ვნახე - ჭიქა ეჭირა ხელში. ია ფარულავას გადაცემაშიც ჭიქით იყო. რა თქმა უნდა, არ მესიამოვნა. რაც შეეხება მის პოპულარობას და ცნობადობას, დედა ვარ და მივესალმები, მიხარია, მაგრამ ვიმეორებ, თუ კრიტიკული თვალით შევხედავთ, უკეთესი იქნება, თავი ცოტა სხვა რაკურსით წარმოაჩინოს.

- ზალიკოს დიდი ხანია, ვიცნობ და ალკოჰოლი სულ უყვარდა...

- კი, რაც არასდროს მომწონდა და მსიამოვნებდა, თუმცა ამდენს არასდროს სვამდა... ვეუბნები, ევროპაში ხშირად რომ დადიხარ, ხომ აკვირდები და ხედავ ბარებში, კაფეებში თუ დისკოთეკებზე, ერთი ჭიქა უჭირავთ ხელში და დილამდე შეუძლიათ იმით ისიამოვნონ-მეთქი. რა აუცილებელია, მაინცდამაინც ეს ქართული ელემენტები ჩართოს ყოველი დალევისას. ხომ შეიძლება, ისევე მოიქცეს, როგორც ისინი იქცევიან?! ამას რომ ვეუბნები, თავს მიქნევს, მეუბნება, რომ მართალი ვარ, მაგრამ ჩემს თხოვნას არ ასრულებს.

როდის დამიჯერებს და გააკეთებს ისე, როგორც მე ვეუბნები, არ ვიცი... არადა, დედის გულიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი ჩემზე მოქმედებს, გული მეკუმშება.

ვეუბნები, რომ გაიძახი - ბელას გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია, მოვკვდებიო, შენი ამ საქციელით ბელას რომ კლავ, ვერ ხვდები? თუ გინდა, რომ მომკლა, რაც გინდა, ის ქენი-მეთქი. ვნახოთ, აბა, როდის შეასრულებს ჩემს თხოვნას.

- საერთოდ, პოზიტიური განწყობაა მის მიმართ, ბევრს უყვარს... როგორ ფიქრობთ, ადამიანების გულწრფელი სიყვარული როგორ მოიპოვა თქვენმა შვილმა, რით იზიდავს ადამიანებს?

- ეს ალბათ, იმით არის გამოწვეული, რომ თამამია, თავისუფალი, იუმორით სავსე. ოჯახიც ასეთი მქონდა სულ - პოზიტიური. ბავშვობიდან აქტიური გახლდათ, მოსწავლეობისას „არტეკში“ იყო და იქიდან მეტად გახსნილი ჩამოვიდა - ალბათ, მასზე ყველაფერმა იმოქმედა და ბევრი რამ განსაზღვრა. გაგრძელება