“მოკლედ...
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, გადავწყვიტე მაინც დამეწერა. ეს ჩემი ისტორიაა. ისტორია დაახლოებით 5-6 მაინვალიდებელ წელიწადზე, ისტორია, როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ეს წლები, რა თქმა უნდა, დაკარგულად მიმაჩნია.
დღეს კვება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა აქტუალურ თემათა შორის. ამიტომ მინდა მოგიყვეთ კვებაში ზღვარდაკარგულ ადამიანებსა და მის შედეგებზე. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი საკითხია.
ნუ მოელით რაიმე შედევრს ან ჩემს მწერლურ გაბრწყინებას. ამ ნაწარმოების მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ის არის, რომ დაეხმაროს მათ, ვისაც ეს სჭირდება.
ანორექსიით სიკვდილიანობა ძალიან მაღალია. არ ვიცი, საქართველოში თუ არსებობს რაიმე მსგავსი სტატისტიკა, მაგრამ ფაქტია, საქართველო გამონაკლისი არ არის და უამრავი ადამიანი იტანჯება ამ დაავადებით.
ერთი სიტყვით, მინდა წაიკითხოთ, რა გადამხდა თავს, რატომ იშვიათად უნახავს ვინმეს უკანასკნელ წლებში, როგორ ვჭამ და ზოგადად, რატომ ვარ ახლა ის, ვინც ვარ.
გამიხარდება, თუ დაგაინტერესებთ...”
სწორედ ამ ტექსტით გაასაჯაროვა ნანა ხუციშვილმა თავისი „32 დარტყმა წუთში“, ისტორია "დაახლოებით 5-6 მაინვალიდებელ წელიწადზე“, როცა ანორექსიას ებრძოდა... მის ჩანაწერებს სულ მალე გაგაცნობთ, რადგან ნამდვილად ღირს ამის წაკითხვა და განცდა, მანამდე კი გვინდა გაგაცნოთ ნანა, პროფესიით ექიმი, თუმცა აშკარად პერსპექტიული მწერალი და ასევე გოგონა, რომელსაც საკმაოდ ბევრი დაუგროვდა მოსაყოლი.
- შარშან დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. პროფესიით ვარ ექიმი და ვაპირებ, რომ ფსიქიატრი გავხდე. წერისთვის ოფიციალური სახე არასდროს მიმიცია. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა წერა. სკოლაში ვწერდი თავისუფალ თემებს და ეს პროცესი ძალიან მომწონდა. რამდენიმე სტატიაც მაქვს დაწერილი. განსაკუთრებული, დიდი ნაწარმოები ჯერჯერობით არ შემიქმნია. ეს პირველი მცდელობა იყო, რომ ჩემი ისტორია მომეყოლა.
- რატექსტში არ მოერიდეთ თქვენთვის ძალიან პირადი თემების გასაჯაროებას. როგორ გადალახეთ საზოგადოების რეაქციის შიში?
- დაახლოებით 5-6 წელი ძალიან მძიმე დაავადებას, ანორექსიას ვებრძოდი. დიდი დრო დამჭირდა რეაბილიტაციისთვის, რომ გადამეხარშა ყველაფერი და კარგად დავფიქრებულიყავი. რატომაც გავრისკე და ასე საჯაროდ რატომაც გამოვაქვეყნე ჩემი ისტორია, თუნდაც ოჯახური მდგომარეობის შესახებ, იყო ის, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხალხმა გააცნობიეროს ეს პრობლემა. ფსიქიკური აშლილობების მიმართ საქართველოში სტიგმა არსებობს. ანორექსია - ეს არის ფსიქიკური დაავადება. ხალხს, დღევანდელ საზოგადოებაში, ფსიქიატრთან მისვლის რცხვენია, არ თვლიან საჭიროდ, რომ დროულად მიხედონ ამ ყველაფერს და ამიტომ, მინდოდა, რომ ადამიანებს ზუსტად ის ეგრძნოთ, რასაც მე ვგრძნობდი. ძალიან მინდოდა, რომ თითოეულ ნაბიჯზე გამომყოლოდნენ და ჩემთან ერთად გაევლოთ ის გზა, რაც მე გავიარე. გულწრფელობის გარეშე, დეტალები რომ გამომეტოვებინა, ადამიანები ამ ყველაფერს ვერ აღიქვამდნენ. გავრისკე, რომ მათ ჩემი რეალური ისტორია ენახათ. არც მქონდა იმის შიში, რომ ვინმე უარყოფითად მიიღებდა ამ ამბავს.