აზიის წამყვან კულტურულ-ლიტერატურულ ფესტივალებზე მიწვეული პირველი ქართველი მწერლის - ალეკო შუღლაძის რომანმა - „ქრონიკული დაღლილობის სურნელი“, ქართველ მკითხველთა გულის მოგება წიგნის თაროებზე გამოჩენის დღიდან მოახერხა. მწერლის სახელს არაერთი პრემიის ლაურეატობა და წლის საუკეთესო რომანის გამარჯვებულის ტიტული უკავშირდება. მისი შემოქმედება საზგადოებაში მუდმივად დიდი პოპულარობითა და მოწონებით სარგებლობს.
ახალ რომანში ავტორი, მსუბუქი იუმორისა და ადამიანური გრძნობების პარალელურად, ძა-ლიან ღრმა, ეგზისტენციალურ თემებზე ფიქრს სთავაზობს მკითხველს და უამრავ რამეზე უცვლის წარმოდგენას.
როგორც მწერალმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, ეს რომანი ტრილოგიის მეორე ნაწილს შეადგენს, ანუ ერთგვარი გაგრძელებაა „გადამალვის“, თუმცა ორივე წიგნი ერთმანეთისგან განსხვავებული სიუჟეტების განვითარებას სთავაზობს მკითხველს.
რა მიზეზით გადაწყვიტეთ ინდოეთში გამგზავრება და რა პერიოდი დაჰყავით იქ?
- ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 90-იან წლებში დავინტერესდი აღმოსავლური რელიგიებით და ფილოსოფიით. სწორედ ამ პერიოდში მომიწია წიგნების, ვედური ლიტერატურის და კულტურის შესწავლა. ზოგადად, ასე სცოდნია, როცა ახალს სწავლობ და შეიმეცნებ, შეიძლება რაღაც პერიოდი წერას თავი დაანებო, იმიტომ, რომ ათვისების და სწავლის პერიოდი გაქვს. შესაბამისად, სწავლის პარალელურად წერას ვერ ვახერხებდი. მოგვიანებით, 2000 წლის დასაწყისში მასწავლებელი ავიყვანე. ეს იყო ინდოელი კაცი, რომელიც ინდოეთში ცხოვრობდა. მე მისი მოწაფე გავხდი და 2004 წელს ჩავედი ინდოეთში. მანამდე, 2002-ში ოდესაში შევხვდი ჩემს მასწავლებელს და შემდეგ გავემგზავრე ინდოეთში. იქ დავიწყე სწავლა, გავიღრმავე არსებული ცოდნა: ეს იყო ვედური ლიტერატურა, სულიერი საკითხები, მეტაფიზიკური ამბები. ამ პერიოდში წერაზე არ ვფიქრობდი და რა თქმა უნდა, რომანის დაწერაც არ მოიაზრებოდა. სიმართლე გითხრათ, საერთოდ აღარ ვფიქრობდი დაბრუნებაზე. მქონდა ერთი სამსარა გაკეთებული, რაც სანსკრიტული სიტყვაა და ვედების თემაა, მაგრამ ცოტა ზედაპირულად იყო შესრულებული, შესაბამისად, დიდაქტიკურ ხასიათს ატარებდა და მივიწყებას მიეცა. 2010 წელს გარდაიცვალა ჩემი მასწავლებელი. მე უკვე უფრო და უფრო იშვიათად ჩავდიოდი ინდოეთში, თითქოს დამაკლდა ეს მომენტი. ცოტა პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ძალები რომ დამაკლდა, ხელოვნებაში სწორედ ამ დროს გადავწყვიტე დაბრუნება. ამასთანავე, დედაჩემიც ავად იყო იმ პერიოდში, მას ვუვლიდი. ყველაფერი ისე აეწყო, რომ საფუძვლად დაედო წიგნის წერას. სულიერებაში რეალიზაციას ვეღარ ვახერხებდი და ამიტომ მივუბრუნდი ხელოვნებას, საბაბი და მიზეზი კი დედაჩემის ავადმყოფობა იყო.
რამ მოგხიბლათ ყველაზე მეტად ამ ქვეყანაში?
- ინდოეთი მიზიდავს სულიერების კუთხით, იმ ცოდნის კუთხით, რაც მათ სულიერებაში აქვთ. წმინდა წერილები, რაც მათ გადმოცემული აქვთ წიგნებში, რომელიც მე პირადად ძალიან მომწონს. ყველაზე მეტად, ვფიქრობ, მომხიბლა მასწავლებლის მიერ გადმოცემულმა ცოდნამ სწავლების პერიოდში და ადამიანებმა, რომლებიც ძალიან გახსნილნი არიან სულიერებისთვის. ინდოელები საოცრად მშვიდი ხალხია, არაკონფლიქტურები არიან. ხელოვნებასა და კულტურაზე მეტად სწორედ სულიერებამ მიმიზიდა ამ ქვეყანაში.
წიგნში რა დოზით არის გადმოტანილი ინდოეთში მიღებული გამოცდილება და შეგრძნებები?
- ვიტყოდი, რომ არაცნობიერში კარგად ჩანს, როგორც აისბერგის ბოლო. იქ არის რამდენიმე ეპიზოდი, სადაც ვხვდებით პილიგრიმებს, წმინდა ადამიანებს, საიდანაც მოდის იმპულსი. რა თქმა უნდა, მთელი წიგნი გამსჭვალულია ამ განწყობით, თუმცა ქრისტიანული თემაც საკმაოდ იგრძნობა და უფრო მეტადაც დომინირებს, იმიტომ, რომ რუსეთში ხდება მოქმედება. მოგეხსენებათ, მართლმადიდებლური ქვეყანაა და პერსონაჟებიც ქრისტიანები არიან, თუმცა მთავარი რუსი პერსონაჟი აქეთაც არის და იქითაც. შესაბამისად, პროვოცირება, ერთი მხრივ, ინდოეთიდან ხდება.
რა არის საჭირო მუზისთვის?
- მე ვფიქრობ, რომ თანამედროვე მწერლები არა მარტო საქართველოში, არამედ სხვაგანაც გაზარმაცდნენ ცოტა არ იყოს. ისეთი რომანები შემოდის, სადაც არაფერი არ ხდება. თითქოს სიუჟეტურად არ არის გამოკვეთილი, ავტორს თითქოს არაფერი არ აქვს სათქმელი, უბრალოდ მოუნდა წერა და დაწერა. ჩემს შემთხვევაში უნდა იყოს ძალიან ძლიერი სათქმელი, რომელიც მე მაწუხებს და მინდა გადმოვცე. შესაბამისად, ამის ხერხები უნდა მოვძებნო და ვიტყვი, რომ მუზა მომივიდა. რომანი მთელი პროცესია, რომელშიც ადამიანი უნდა იყოს სავსე ცხოვრებისეული გამოცდილებით და სათქმელიც უნდა ჰქონდეს. ამასთანავე, გააჩნდეს კონცეფცია და სერიოზული სათქმელი, შესაბამისად, თუნდაც კამიუ, დოსტოევსკი, კუნდერა, კაფკა რომ ავიღოთ. ამ მწერლებს თავიანთი ძლიერი ფუნდამენტი აქვთ, რაც წერისკენ უბიძგებთ. მწერალი უნდა ეხებოდეს ისეთ თემებს, რომლებიც მუდამ იცხოვრებს და იარსებებს; ისეთ სიღრმეებს უნდა ეხებოდეს, რომ ადამიანს მუდამ აინტერესებდეს.
რას ნიშნავს თქვენთვის მოგზაურობა?
- მოგზაურობა ძალიან მიყვარს, მაგრამ უფრო კომფორტულად და კარგად იქ ვარ, სადაც სულიერ ნაპერწკალს და სულიერ საფუძველს ვხედავ. ამიტომ ინდოეთზე მეტად, მის ტერიტორიებზე ჩემი თავის პოვნაა. შესაბამისად, სხვა ადგილებში ჩასვლა არ მიყვარს, თუმცა გერმანიაშიც მომწონს მოგზაურობა, მაგრამ ინდოეთში, უშუალოდ იმ ტაძრებში ცხოვრებას, ჰიმალაებში სიარულს უდავოდ არაფერი მირჩევნია. ამიტომ ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი ინდოეთში, იქ, სადაც სულიერება ყველაზე კარგად იგრძნობა.
რა მოლოდინები გაქვთ „ქრონიკული დაღლილობის სურნელისგან"?
- ჩემი აზრით, უკვე გაამართლა მოლოდინები. გამოცემისთანავე ისეთი შეფასებები იყო, რამაც სტიმული მომცა მესამე რომანის დასაწერად. ასეთი ემოციები „გადამალვის“ დროსაც არ ყოფილა. სიუჟეტურადაც ისეა აგებული, რომ აღფრთოვანებულ ემოციებს ვხედავ ჩემს მკითხველებში.
ვისთვის არის ეს წიგნი?
- მე დიდი სურვილი მაქვს, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს. ერთი რამ ცხადია, რომ ამ რომანმა მკითხველი უნდა დააფიქროს და უნდა მიხვდეს, რომ გამოსავალი ყოფითი პირობებიდან გამოსავლის ძებნასა და ამ მდგომარეობის გაუმჯობესებაში კი არ არის, არამედ რაღაც სიღრმეებში უნდა ეძიოს. შესაბამისად, მისი ვექტორი, როდესაც მიმართული იქნება სიღრმისეული კითხვებისკენ, მაშინ ეს ყოფითი პრობლემები მეორე პლანზე გადაინაცვლებს. თუნდაც ინდოეთი რომ ავიღოთ, იქ ყოფითი პრობლემები უფრო მეტად ჩანს, თუმცა ხალხი ბევრად ბედნიერია, ვიდრე ჩვენთან. ეს მინდა ჩვენმა მკითხველმა დაინახოს. ძალიან კარგად გამოიცნო ბევრმა მკითხველმა ეს ჩანაფიქრი.