20 მაისს თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელთათვის ბოლო ზარი ლევანისა და დათოს გარეშე დაირეკა. თანაკლასელებმა ლევანს შინ მიაკითხეს და დედას ფერადი ფლომასტერებით აჭრელებული ლეოს თეთრი პერანგი მიუტანეს. ყველა მინაწერში სიყვარული და მონატრება იკითხება... ბავშვები რომ შემოვიდნენ, თითქოს მათ ლევანიც უნდა შემოჰყოლოდა. ვცდილობდი, მაგრამ პერანგის დანახვაზე თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი, - მიყვება ლევან დადუნაშვილის დედა ნათია საყვარელიძე.
განსაკუთრებულ მოვლენად წარმოედგინა, ამისთვის ერთი წლით ადრე ემზადებოდა. ბოლო ზარზე მისი თანაკლასელები ამოვიდნენ და თეთრი პერანგი მოიტანეს. ძალიან კი ვცდილობდი, არ მეტირა, მაგრამ წარწერებიანი პერანგის დანახვაზე თავი ვერ შევიკავე. ბავშვებს შორის თვალებით ლევანს ვეძებდი, თითქოს ისიც მათ უნდა შემოჰყოლოდა, თითქოს ჩემი მოუსვენარი ბიჭიც იქ უნდა მდგარიყო აჭრელებული თეთრი პერანგითა და ჩვეული ღიმილით. როცა დავინახე, ბავშვები დაძაბულები შემოვიდნენ, მათთვის სტრესი რომ მომეხსნა, გავიღიმე. ისეთი მოწიწებულები იყვნენ, ისე იზიარებდნენ ჩემს ტკივილს, აღარ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ. ბავშვებმა ჩვენთან მოსვლით სიცარიელე შეივსეს. მე კი ლევანს მათ შორის ვეძებ. მთხოვეს, პერანგებზე თქვენც წაგვიწერეთო. სურვილების და მილოცვების ქვეშ "ლევანის დედა"-ს ვაწერდი. იმ დღეს მათ ტკივილიანი სიხარული განმაცდევინეს...
ლევანი 17 აგვისტოს 17 წლის გახდა. ოქროს დაბადების დღე მექნებაო და გეგმებს აწყობდა, სად აღენიშნა. ამ დღემაც ლევანის გარეშე ჩაიარა. 17 აგვისტო და 1-ლი დეკემბერი ჩვენთვის შეკვეთილი წირვით იწყება სვეტიცხოველში. იმ საშინელი დღის მერე ახლობლები ჩემს ტრაგედიასთან მარტო დარჩენის საშუალებას არ მაძლევდნენ. ჩამთვლემდა თუ არა, სულ იმ ჩხუბში ვიყავი და ლევანის გადარჩენას ვცდილობდი. იქ რომ ვყოფილიყავი, გადავარჩენდი. 4-ჯერ ვიყავით პატრიარქთან. ამ ადამიანმა სულ რომ არაფერი მითხრას და მხოლოდ მის გვერდით ვიდგე, ეს მაძლიერებს. უზომოდ მადლიერი ვარ იმ სასულიერო პირების, რომლებიც მუდმივად იხსენიებენ ლევანის სულს.
დღემდე ვსწავლობ, როგორ გავხდე ნამდვილი მორწმუნე. მანამდე სულ დავდიოდი ეკლესიაში და ღვთის წინაშე ვალმოხდილად მაშინ ვთვლიდი თავს, როცა ჩემს ვაჟებს ვაზიარებდი. ლევანის შემდეგ რწმენა უფრო გამიძლიერდა. მინდა ყველაფერი გავაკეთო ამ ცხოვრებაში, რომ როცა წავალ, მის გვერდით აღმოვჩნდე. არ ვთვლი, რომ ლევანი ცოცხალი აღარ არის, მასზე დღესაც ისევე ვზრუნავ... ჩემზე ამბობდნენ, როგორ ჩაიცვა თეთრი პერანგიო. მე ეს ლევანმა მიკარნახა. როცა თეთრი ჩავიცვი, სიმშვიდე მოვიდა... ორმოცი ახალი გასული იყო, ახლობლის გოგონამ ლევანი ნახა სიზმარში, მიწიდან რაღაც აიღო და რომ მომაწოდა, შავი ლეკვი იყო, მითხრა, წაიყვანეთ და უპატრონეთო. რამდენიმე თვის შემდეგ, ჩვენთან მოიყვანეს ერთი თვის კანე-კორსოს ჯიშის შავი ლეკვი. სიზმარი გამახსენდა, ჩავთვალეთ, ტობი ლევანმა გამოგვიგზავნა. ლევანი არასდროს დამსიზმრებია. ვერ ვეხები, ვერ ვხედავ, მაგრამ ვცდილობ შევიგრძნო.
ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო გამეგო, ვინ იყო დამნაშავე, გავიგე და დარწმუნებული ვარ, რომ გ.ბ.-მ ჩაიდინა დანაშაული. პროკურატურამ, გამოძიებამ და მოწმეებმა ასი პროცენტით დამარწმუნეს ამაში. ახლა ყველაზე ნაკლებად ვნერვიულობ იმაზე, აპელაცია ძალაში დატოვებს თუ არა პირველი ინსტანციის განაჩენს, ჩემთვის ყველაფერი გარკვეულია. არა აქვს მნიშვნელობა, 10 წელს მისცემენ თუ 50-ს, ლევანს ვერასდროს დავიბრუნებ. მკვლელმა დარჩენილი ცხოვრება ტანჯვისთვის განწირული დამტოვა.