ჯერ მხოლოდ 22 წლისაა. 17 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს ფოტოგრაფიაში.
თითოეულ მის ნამუშევარში იგრძნობა პროფესიონალიზმი, პერფექციონიზმი, სინათლე. ამბობს, რომ კარგი ფოტოს გადადასაღებად, ძალიან ბევრ დეტალს აქვს მნიშვნელობა. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ მთავარია თავად შემქმნელს სიამოვნებდეს, შემოქმედებითი პროცესი. ნინი უხურგუნაშვილის საქმიანობაში, საკუთარი საქმისადმი სიყვარული ცალსახად თვალსაჩინოა.
- ნინი, პირველ რიგში ტრადიციულად დავიწყოთ და წარმოგვიდგინე შენი თავი - ვინ ხარ და როგორ ცხოვრობ?
- მოგესალმებით, მე ვარ ნინი უხურგუნაშვილი, 22 წლის. ვარ ფოტოგრაფი და მომავალი არქიტექტორი.
- რატომ ფოტოგრაფია? როდიდან დაინტერესდი ამ საქმიანობით?
- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფოტოგრაფია ბავშვობიდან მიტაცებს, თუმცა სერიოზული ინტერესი 3-4 წლის წინ გამიჩნდა და ძალიან აქტიურად დავიწყე ამ კუთხით მუშაობა.
- ქორწილების გადაღება ძირითადად შემოსავლის წყაროა ხოლმე და ფოტოგრაფებს სინამდვილეში ურჩევნიათ, სხვა რამეს იღებდნენ. შენს შემთხვევაში როგორ ხდება?
- ჩემთვის მხოლოდ შემოსავლის წყარო ნამდვილად არ არის. ძალიან საპასუხისმგებლო და სასიამოვნოა ჩემთვის ფაქტი, რომ წყვილები მათთვის უმნიშვნელოვანეს დღეს მანდობენ და სურთ, რომ ეს საოცარი მომენტები ფოტოზე მე აღვბეჭდო.
- როდესაც შენს ფოტოებს ვუყურებ, ყოველთვის ვხედავ, ვგრძნობ მზეს. ფერში, ემოციაში, რომელიც მოაქვს კადრს. ეს მე მეჩვენება, დამთხვევაა თუ შენი მახასიათებელია?
- ყოველთვის ვცდილობ ჩემს ფოტოებში ჩანდეს გულწრფელი ემოცია. სინათლე და სითბო სიცოცხლის მახალისებელია, ჩემს ნამუშევრებში კი მინდა მაქსიმალურად იგრძნობოდეს ეს ემოცია.
- რა არის მთავარი, კარგი ფოტოს გადასაღებად?
- ამაზე პასუხის გაცემა მიჭირს, რადგან ტექნიკურ საკითხებთან ერთად წყვილების სურვილი და გემოვნება დიდ როლს თამაშობს კომპოზიციური კუთხით.
- წყვილები ხშირად გეურჩებიან? თუ დამჯერი წყვილების წყალობით გამოდის, ასეთი კარგი ფოტო კადრები?
- ორივე კატეგორიასთან მიწევს მუშაობა, ვცდილობ მაქსიმალურად მოვერგო მათ სურვილებსაც და ამავდროულად ვურჩიო როგორ იქნება უკეთესი. გარდა იმისა, რომ უმნიშვნელოვანესია ტექნიკური საკითხები, ფოტოს სრულყოფილს ქმნის თავად წყვილის განწობა და მათი გემოვნება. ძალიან მეხმარება ბევრი გარე ფაქტორიც, რომელიც ჩემზე საერთოდ არ არის დამოკიდებული. ვგულისხმობ წყვილის ვიზუალულ მხარეს, დიზაინერების საოცარ ნამუშევრებს და ძალიან ლამაზ კაბებს, ვარცხნილობას, მაკიაჟს. ეს ყველაფერი ერთ მთლიან კომპოზიციას ქმნის.
- ტრადიციულ ქორწილებს, ნელ-ნელა ანაცვლებს ახალგაზრდული, არაორდინარული ქორწილები, წვეულებით ღია საქორწინო სივრცეებში. შენ როგორი ტიპის ქორწილების გადაღება გიწევს უმეტესად და რომელს ამჯობინებ?
- თითქმის ყველაფერში მინიმალიზმის მომხრე ვარ, სივრცეს რადიკალური მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა უპირატესობას მაინც ღია სივრცეს ვანიჭებ.
- გარდა ქორწილების, ხშირად იღებ კოლექციებს და ქართული, ახალი ბრენდები ირჩევენ შენს მომსახურებას. რას გვეტყვი, როგორი პროცესია ქართველი დიზაინერების შემოქმედების გადაღება და როგორ მიდის ქართული მოდის საქმე? მოგწონს თუ არა ის, რასაც უღებ?
- ქართველ დიზაინერებთან მუშაობა ერთგვარი სტიმულია ჩემთვის. ამ კოლექციების უმეტესობას ბევრი უცხოელი მომხმარებელი ყავს და ისინი ჩემი გადაღებული ფოტოს მეშვეობით აღიქვამენ ამა თუ იმ ნამუშევარს. ძალიან ვგულშემატკივრობ ქართულ ბრენდებს და სიამოვნებით ვთანამშრომლობ მათთან. მომწონს მათი განსხვავებული და ინდივიდუალური ხედვა. რაც შეეხება ქართულ მოდას, ყოველ ჯერზე იგრძნობა უდიდესი პროგრესი და ამას ისიც ადასტურებს, რომ დღეს უკვე უამრავი ცნობილი ადამიანი ატარებს ქართულ ბრენდს . გულწრფელად მეამაყება ეს ფაქტი და ძალიან მიხარია. განაგრძეთ კითხვა