ინტერვიუ

"სერიოზული ტრავმით ბოლო წამამდე ვიბრძოლე" - მთამსვლელი სვანი გოგოს ამბავი

"სერიოზული ტრავმით ბოლო წამამდე ვიბრძოლე" - მთამსვლელი სვანი გოგოს ამბავი
ჩემი რესპონდენტი მარიამ იოსელიანია, გამბედავი გოგონა, რომელიც მუდმივად ცდილობს, რომ გზა საკუთარი ძალებით, დამოუკიდებლად გაიკაფოს.
ჩემპიონს გარემოებებმა ხელი არაერთხელ შეუშალა, რის გამოც ამჟამად ჩემპიონატებზე აღარ გადის, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, დანებებას არ აპირებს.


მარიანა, რა ასაკში მიხვდი, რომ ეს საქმე საშენო იყო?

- პირველ რიგში, მოგესალმებით. რა ასაკში მივხვდი, ცოტა რთული სათქმელია. სიმართლე რომ გითხრათ, ფიზკულტურის გაკვეთილიდან პირდაპირ დიდ სპორტში შევაბიჯე. ჩემმა მწვრთნელმა შემთხვევით ნახა ჩემი ფიზმომზადება, საღამოს მშობლებთან განიხილა თემა და ნებართვა სთხოვა, რომ ბუნებრივ კლდეებზე საცდელი
გასვლა გვქონოდა. ძალიან მშვიდი, უპრეტენზიო, დამჯერი ბავშვი ვიყავი. ამიტომ მარტივად მოვახერხე, რომ პირველივე გასვლაზე შედეგი დამედო.

მოგვიყევი ამ სპორტის შესახებ, ბევრმა მის შესახებ ძალიან ცოტა რამ იცის

-კლდეზე ცოცვა უკვე გახდა ოლიმპიური სახეობა და 2020 წლის ოლიმპიადაზე ვიხილავთ.
ბევრი მეკითხება, კლდეზე ცოცვა? ეს რა არისო და გული მწყდება, რომ მიწევს ახსნა ჩემი სპორტის შესახებ. მსოფლიო დონის აღიარებული კაცი-ლეგენდის, ინგლისის დედოფლის მიერ კლდის ვეფხვად წოდებულის, მიხეილ ხერგიანის სამშობლოდან ვარ და ვფიქრობ, აქ მორჩა "კლდეზე ცოცვის" განმარტება!



არაერთ ჩემპიონატში გაქვს მონაწილეობა მიღებული, გვიამბე შენი წარმატებების შესახებ...

- 2004 წელს ვარჯიში დავიწყე, 3 თვეში გამიყვანეს საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (სამ ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება).
უმცროს ასაკში რთულსა და სწრაფ ცოვაში ბუნებრივ კლდეებზე, კაცხში (ჭიათურა) ორივე კატეგორიაში პირველი ადგილი დავიკავე.
იყო ერთ-ერთი მოწვეული სტუმარი, რომელიც პოლონეთიდან იყო ჩამოსული. მან ჩემს მწვრთნელს სთხოვა, რომ საქართველოს ჩემპიონატზე გავეყვანე.
მეც გავედი. რთულ ცოცვაში დავიკავე მე-3 ადგილი. ჩემი სხეულის დაჭერა კედელზე ერთი თითით შევძელი.
შემდეგ უკვე იყო ევროპის ახალგაზრდული თასი ბულგარეთში და თანდათან მიმძაფრდება ტკივილი. საკუთარ თავს ვერ ვპატიობ, რა ახლოს ვიყავი ჩემპიონობასთან და ჩემი მიზანი შიშმა გადაწონა.
ძალიან მარტივად ავიღე მე-3 ადგილი, ოღონდ ეს ტრავმირებულმა შევძელი. სერიოზული ტრავმით ბოლო წამამდე ვიბრძოლე.
მაშინ გამომიჩნდნენ სერიოზული ქომაგები, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ითხოვდა ჩემს სერიოზულად მომზადებას. ჩემი მდგომარეობით შოკირებული მეხუტებოდა და "ჩემს სვანუკას" მეძახდა, რაზეც მისი ხალხი გაუნაწყენდა და ერთ-ერთმა გოგომ ტირილი დაიწყო.

შემდგომ მიჰყვა და მიჰყვა ჩემპიონობა, მსოფლიო ჩემპიონატები და ა.შ. მაგრამ ბულგარეთის ამბების შემდეგ ამერია ჯანმრთელობა, ფსიქოლოგიური მდგომარეობა და რასაც ვაკეთებდი მანამდე დაუფიქრებლად, შემდგომ უკვე შიში არ მაძლევდა გარისკვის საშუალებას და ის შედეგი, რისკენაც მივიწევ, დღემდე ვერ დადგა.
შინაგანი ექო არ მაძლევს მოსვენების საშუალებას. არ მინდა, ჩემმა წლობით ნაზარდმა სიყვარულმა, ტკივილმა და თუნდაც იმედგაცრუებამ ფუჭად ჩაიაროს. მგონია, რომ სადღაც ყველაფერი კარგი ერთად წამომეწევა (იცინის).
2008 წლის აგვისტოს ომს დაემთხვა ჩემი მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა. მე საფრანგეთში, პარიზში, საქართველო წარვადგინე მაშინ, როცა აქ ჯერ კიდევ დაკარგულ გმირებს ეძებდნენ.

იქვე გამიჩნდა დიდი პროტესტი რუსების მიმართ. მათაც ჰქონდათ რეაქცია საქართველოს დროშის დანახვაზე. ერთ-ერთი უძლიერესი სპორტსმენი (იმ დროის) სერგეი სინიცინი გამოვიდა და ხელი ჩამომართვა, ბოდიში მოიხადა პოლიტიკის და იმ ამბების გამო, რაც საქართველოში ხდებოდა. იმ ემოციას ვერასოდეს ვერ გადმოვიტან, რაც რეალურად ხდებოდა. ბოლომდე მგულშემატკივრობდნენ. შეიძლება ეს ბევრს არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ დაშვებული მაქვს ის მომენტი, რომ ყველას ოკუპანტად ვერ მოვიხსენიებ და ყველა ღორი ვერ იქნება.


აზერბაიჯანი, დახვედრა, გამარჯვება და ისტორია, რომელიც გადაგხდა

- აზერბაიჯანში, UIAA-ს საერთაშორისო შეკრებაზე როცა ვიყავი, ყველაზე დიდი შიში მაშინ განვიცადე. დავიწყე ტირილი, დღესვე დამაბრუნეთ საქართველოში-მეთქი.
პროგრამა ითვალისწინებდა რამდენიმე წარმომადგენლის რუსეთის საზღვარზე გადაყვანას და თვითონ შეკრება იყო შაგდაგ ქუსარში, დაღესტნის საზღვართან. რუსეთის საზღვარი კი სულ რაღაც 40 კმ-ში იყო.
რამდენიმე დღით მიწევდა გადასვლა და ალბათ, ჩემ გარდა, ყველა დაბრუნდებოდა ბანაკში. საბოლოო ჯამში, არავინ არ გადასულა, შეკრებაც უმაგრესად ჩატარდა. უზომოდ დიდი პატივისცემა იგრძნობოდა, მეტიც, დედოფალი მეგონა ჩემი თავი (იცინის).
პირველივე დღეს რესტორნის უფროსისგან ვარდები მომართვეს. საუკეთესო 12 დღე გავატარე და მას შემდეგ დიდ პატივს ვცემ აზერბაიჯანელებს. ზოგადად, ვფიქრობ, რომ დადებითი აურის მატარებელი ვარ და თითქმის ყველგან შესამჩნევია ეს. მახსოვს, UIAA-ს ფედერაციის პრეზიდენტმა დადო თავის გვერდზე ჩემი ფოტო სახელწოდებით "კარდაშიანი საქართველოდან". საბოლოო ჯამში, აზერბაიჯანიდან დაბრუნება არ მინდოდა (იცინის).

შენ და შენი და-ძმები მულახიდან ხართ. როგორც ვიცი, და-ძმაც ჩემპიონი გყავს...

- მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ, ექვსი და-ძმა ვართ. ყველას ჰქონდათ მცდელობა ამ სპორტში ფესვების გადგმის. არ დაგიმალავთ და, სერიოზულ კონკურენციას მიწევდნენ და მე ეს საერთოდ არ მომწონდა. ნიკუშა და ფატიმა დღემდე წარმატებულად აგრძელებენ და ვნახოთ, როგორ მიჰყვებიან.

მომენტი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება...

-2004 წლიდან დღემდე ყველა მომენტი დასამახსოვრებელია, ყველა წაგება და მოგება.
ერთ-ერთი საქართველოს ჩემპიონატი და ასევე, ახალგაზრდული ჩემპიონატი ჩემს დაბადების დღეს დაემთხვა და 4 პირველი ადგილით ვიდექი. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.
საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე,  ერთადერთი ვარ, ვინც ევროპის ჩემპიონატზე შედეგი დადო. ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მეამაყება, რომ ოლიპიური ჩემპიონების გვერდით მომიწია დგომა. მე და ნესტორ ხერგიანს დახვედრაც კი მოგვიწყვეს სვანეთში.  
მადლობას ვუხდი დედას დაწყების დღიდან დღემდე ჩემ გვერდში დგომისთვის. ჩემი თავის მე არ მჯერა ისე, როგორც მას. არ მავიწყდება მისი ცრემლები, როცა სერიოზული ტრავმა მივიღე და ჩემი ფეხზე დადგომა-არდადგომის ბედი წყდებოდა. გაბრაზებულზე მითხრა, დამევიწყებინა ეს სპორტი. ვუთხარი, დაიმახსოვრე, ერთი ფეხით რომ დავრჩე, მაინც გავალ შეჯიბრებაზე-მეთქი და ზუსტად მაშინ იყო, რომ ბულგარეთში ევროპის ახალგაზრდულზე მე-3 ადგილი ავიღე.
ერთია, იყო ჩემპიონი და მეორეა, რამდენად შემდგარი პიროვნება ხარ. ამაშიც დედა ფიგურირებს. მან მასწავლა წაგებაც და მოგებაც, რომ სულ უნდა ვიბრძოლო, რომ წაგებასაც ღირსეულად შევხვდე.

რას ისურვებდი სამომავლოდ?

- ბევრი რამ ვისწავლე, იყო ბევრი ცრემლი, იყო ბულინგი, იყო ბევრი ბედნიერი მომენტი და საბოლო ჯამში, მოვედი აქამდე და რასაც ხედავთ და ვინც ვარ დღეს, ყველაფერი ვარ ამ სპორტიდან. პროფესიით სამართალმცოდნე ვარ, მაგრამ ამას არასდროს აღვნიშნავ. მე ვარ სპორტსმენი. ჩემი გეგმები ისევ სპორტს უკავშირდება, ძალიან სერიოზული მიზნები მაქვს და ვნახოთ, რა იქნება, უფლის წყალობით!

რას ეტყოდი მოტივაციისთვის იმ ადამიანებს, ვისაც გამარჯვების იმედი არ აქვს?

- იმათ გასაგონად, ვისაც ტვინს გიბურღავენ და წლები მიძღვნილი გაქვთ იმ საქმისთვის, რაც თქვენი არაა, გვიან არასოდეს არ არის და ყოველთვის იბრძოლეთ იმისთვის, სადაც ჭეშმარიტ მეს პოულობთ. ვინც ვერ შეძლო, ის ყოველთვის გეტყვით, რომ შეუძლებელია. იცოდეთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93