ყველაზე პოპულარული კულინარიული შოუს, „მასტერშეფის“ გამარჯვებული და ქვეყნის პირველი მასტერშეფი 20 წლის ია ძაგანია გახდა.
კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილეს ჟიურიმ და მაყურებელმა კასტინგის დღესვე უწოდა „მასტერშეფის“ აღმოჩენა. მან არაერთხელ მოიპოვა იმუნიტეტი და ღირსეულ ფინალისტებს შორის ღირსეული გამარჯვება მოიპოვა.
გთავაზობთ ქვეყნის პირველი მასტერშეფის ემოციებს გრანდიოზული ფინალის შემდეგ.
რამდენად განსხვავდებოდა ფინალი სხვა ტურებისგან?
- რადიკალურად. ათმაგად დაძაბული ვიყავი. ბევრად უფრო მეტი რამ იდო სასწორზე, ვიდრე მანამდე. საერთოდ, რაც უფრო მაღლა ხარ, დაცემა მით უფრო მტკივნეულია. ფორმატიც განსხვავებული იყო. სამი კერძი უნდა მოგვემზადებინა, თან იმაზე მცირე დროში, ვიდრე მანამდე ვამზადებდით.
გარშემო ვერაფერს ვერ ვამჩნევდი. მიუხედავად იმისა, რომ ფინალისტები ერთმანეთის გვერდიგვერდ ვამზადებდით კერძებს, საერთოდ ვერ ვხედავდი მათ. ვიყავით მხოლოდ მე და კერძი, რომელსაც ვამზადებდი. შიგადაშიგ გულშემატკივრებისკენ თუ გავიხედავდი მხოლოდ, რომლებიც ძალიან მამხნევებდნენ. განსაკუთრებით, მამაჩემი, რომელიც ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია და ხშირად პირველია, ვინც ჩემს კერძებს სინჯავს.
სტარტერმა იმდენად მოხიბლა ლუკა, რომ ადგა და ადგილი დაგითმო. რას გრძნობდი მაშინ?
- თავიდან ვერ მივხვდი, რას აკეთებდა, რატომ ადგა და ცოტა უცნაურიც იყო მისი ადგილის დაკავება, მაგრამ თან ძალიან გამიხარდა. მაშინ მივხვდი, რომ ჩემი სტარტერი მოეწონათ და ძალიან კმაყოფილი ვიყავი. მაგრამ, მეორე მხრივ, ამან უფრო მეტად დამძაბა, რადგან მივხვდი, რომ შეცდომის დაშვების უფლება არ მქონდა და ის მაღალი სტანდარტი, რომელსაც ჩემი სტარტერით მივაღწიე, არ უნდა დამეგდო.
შოთის პურის ნაყინის მომზადება რამ მოგაფიქრა?
- სულ ვცდილობ, რომ რაღაც ქართული ინგრედიენტი გამოვიყენო. ტრადიციული დესერტების არც ჭამა მიყვარს და არც მომზადება. ვფიქრობ, დესერტი გაძლევს საშუალებას, რომ ინგრედიენტების უცნაური კომბინაციებით ადამიანი გააკვირვო. ამიტომ გადავწყვიტე შოთის პურის ნაყინის მომზადება. მარილიანი ნაყინი იყო, ფაქტობრივად, რომელიც თან ბავშვობას გახსენებდა, თან მოულოდნელობის ეფექტს ქმნიდა. ამ დესერტში იყო პური, ყველი, პომიდორი... ანუ ყველა ის ინგრედიენტი, რომლებიც, თითქოს, დესერტში არ უნდა იყოს. ასე რომ, შოთის პურის ნაყინი უკვე არსებული კერძის, ამ შემთხვევაში სალათის, გადესერტების მცდელობა იყო. განაგრძეთ კითხვა