დღევანდელ დღეს კომპანიებს სჭირდებათ სხვადასხვა ტიპის მომსახურება, რომელიც მათ იმიჯზე დადებითად აისახება: ივენთის ორგანიზება, გადაღების დაგეგმვა, სწორი პოზიციონირება, კრიზისების მართვა. ამ ყველაფერთან დაკავშირებულ საქმიან გამოცდილებას საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნინი დედალამაზიშვილი გვიზიარებს.
- პირველ რიგში, ენთუზიამი და საკუთარი საქმის სიყვარული. თავიდან ყველაფერი იდეით იწყება. ამას მოჰყვება უკვე კონკრეტული გეგმის შედგენა, თუ რა სჭირდება პროექტის წარმატებით დასრულებას. წინასწარ განისაზღვრება სამოქმედო პერიოდი (მოსამზადებელი და შესრულების) და შედეგები. საკუთარი გამოცდილებით თუ ვიმსჯელებ, ყველაზე დიდ სიამოვნებას ჩაფიქრებული იდეის ხორცშესხმა და პროცესის მონიტორინგი მანიჭებს.
პროფესიით სხვადასხვა სფეროში ვიმუშავე. ჩართული ვიყავი ლევან კორინთელის კინოპროექტების - „გასეირნება ყარაბაღში“ და „კონფლიქტის ზონა“ - ამ ყველაფრის პიარკამპანიაში, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება მომცა, როგორც პროფესიულ, ასევე კინოსფეროში მოღვაწეობის, რადგანაც თანამედროვე ქართული კინოს თავიდან აღორძინებაში ლევან კორინთელი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯების ავტორია და დიდი წვლილი მიუძღვის. საოცარი ადრენალინია, როდესაც შენ მიერ განხორციელებული პიარკამპანია კინოთეატრებს ავსებს. ამ ყველაფრის კულისებში ყოფნა ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო.
ივენთებს რაც შეეხება, ბრენდ-კომპანიების წვეულებების ორგანიზებაა ის, რისგანაც დიდ სიამოვნებას ვიღებ. მით უმეტეს, მაშინ, როცა არ მყავს ე.წ. ყოფილი დამკვეთი და როგორც წესი, მათთან თანამშრომლობა ყოველთვის გრძელდება.
გამოვარჩევდი ფრანგული ბრენდის, “GAULT &MILLAU”-ს გალა-ვახშამს, სადაც ღონისძიების მთავარი ვარსკვლავი ნანი ბრეგვაძე იყო. ასევე - კომპანიის სოციალურ კამპანიას, სადაც პროფესიული განათლების პოპულარიზაციის (კერძოდ კი, მზარეულის პროფესიის) მიზნით სხვადასხვა ცნობადი სახე საუბრობდა.
სამედიცინო სფეროში გამოვარჩევდი კანის კიბოს პრევენციისთვის განხორციელებულ ღონისძიებებს, სადაც ასევე ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით ვმუშაობდით.