სოფია კვინიკაძე, "ფეისბუკზე" ცნობილი, როგორც Depressed Georgian in South Korea, სამხრეთ კორეაში ცხოვრობს და მაგისტრატურის საფეხურზე, კორეული ენის ფილოლოგიის მიმართულებით სწავლობს.
ერთ დღესაც "ფეისბუკზე" გვერდი გააკეთა და გადაწყვიტა, თავისი გამოცდილება, ცოდნა კორეის შესახებ და კურიოზული თავგადასავლები სხვებისთვისაც გაეზიარებინა. მის გვერდს უკვე 100 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
gemrielia.ge დაინტერესდა, რამდენად ჰგავს კორეული სამზარეულო ქართულს და როგორია იქაური კვების კულტურა. ასე რომ, კორეაში გასტრონომიული მოგზაურობისას ჩვენი გიდი სოფია იქნება.
გაგიჭირდა კორეულ სამზარეულოსთან შეგუება?
საბედნიეროდ, კორეულ სამზარეულოსთან შეგუება კორეაში ჩამოსვლის შემდეგ არ დამიწყია. ჯერ კიდევ თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში კორეულ კაბინეტში ვაწყობდით კულტურულ ღონისძიებებს, კორეული კერძის საღამოებს, სადაც თვითონ ვამზადებდით კორეულ საჭმელს. მაშინ ძალიან მიჭირდა ჭამა, თითქმის ვერაფერს ვაკარებდი პირს, სუნისა და გემოს გამო. იმდენად განსხვავდება ჩვენი სამზარეულოსგან, ვერ ვეგუებოდი. ერთ დღეს ასეთი შემთხვევა მქონდა: ტურში ვიყავი კორეელებთან ერთად და ძალიან მომშივდა. კორეელებს ჰქონდათ ლანჩის ყუთებში გამზადებული კორეული კერძები და იძულებული გავხდი, მეჭამა, რადგან სხვა გამოსავალი არ იყო და ჩემდა გასაკვირად, ძალიან მომეწონა. ის დღე იყო და, შევერკინე სხვა კორეულ კერძებსაც და ახლა ძალიან მომწონს ყველა, სიამოვნებით მივირთმევ ყველაფერს, გარდა ზღვის პროდუქტებისა.
ყველაზე უცნაური რა გაგისინჯავს კორეაში ყოფნისას?
მე არ ვეკარები არაფერს უცნაურს, ცოტა წუნია მჭამელი ვარ. ჩემს დას კი ზღვის პროდუქტები ძალიან მოეწონა და რვაფეხას ფანი გახდა. მე, ალბათ, ყველაზე უცნაური, რაც მიჭამია, არის ხილის სალათა, რომელშიც პომიდორი იყო ჩაჭრილი და პიცა თაფლთან ერთად. უგემრიელესია!
ერთ–ერთ ვიდეოში თქვი, რომ კორეაში პომიდორს ხილად თვლიან. მიზეზი ხომ არ გაგირკვევია?
არა მხოლოდ კორეაში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც პომიდორი ხილად ითვლება. მაგალითად, აქ პომიდორს ჭამენ ხილად, ხილთან ერთად. ორეო, მარწყვი და პომიდორი ერთად ჩაჭრილი მინახავს ხშირად; ან ანანასთან ერთად ჭრიან, ქილებში აწყობენ და ისე ყიდიან. გაგრძელება