ეკას ჩანთები, თბილისის მასშტაბით არაერთი მოდის მიმდევარი გოგონას მხარს, ტანსაცმელსა და გარდერობს ამშვენებს. როგორ ჩამოყალიბდა ბრენდი „Katerina’s Bags“ და რას საქმიანობს ამჟამად ახალგაზრდა დიზაინერი ეკა გადახაბაძე?
-
ბავშვობიდან ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი, იმიტომ, რომ მამაჩემი აჭარის ტელე-რადიოს დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო და ტელევიზიაში ხშირად დავყავდი. შეიძლება ითქვას, რომ სულ ჟურნალისტების გარემოცვაში ვიზრდებოდი, მაგრამ ვაღიარებ, დიზაინერობა ყოველთვის მაინტერესებდა. დროთა განმავლობაში ეს ყოველივე სხვადასხვა ფორმით გამოიხატებოდა ჩემს შემთხვევაში: ხან ვხატავდი, ხან ფერწერას მივყავი ხელი, დავიწყე გრაფიკაზე მუშაობა. სოციალური მედიამენეჯერი გახლავართ. აქედან გამომდინარე, დავიწყე დიჯითალში ხატვა, რამაც საშუალება მომცა, ციფრულ მედიასთან დავახლოებულიყავი. დიზაინის სხვადასხვა განშტოებიდან გამომდინარე, მაინტერესებდა მისი ყველა მხარე. ბავშვობიდან მინდოდა მქონოდა ჩემი შექმნილი ნივთი, რასაც მე თვითონ მოვირგებდი, ეს იქნებოდა ტანსაცმელი თუ აქსესუარი. ძირითადად, რასაც ვაკეთებ, ჩემს მეგობრებს ვჩუქნი. ძალიან მაბედნიერებს ის ფაქტი, როცა ჩემი ხელნაკეთი ნივთებით დადიან. ერთ დღესაც გადავწყვიტე ჩანთის დამზადება. მოგეხსენებათ, ამჟამად ჩანთები საკმაოდ ტენდენციურია, ჩემი ინსპირაცია კი ჩემი საქმრო იყო. ერთხელ მაღაზიებში სიარულისას რაღაც ჩანთა მომეწონა და მითხრა, მოდი, სცადე და შენით გააკეთეო. შევიძინე მასალები, მივედი სახლში და შევუდექი დამზადებას. თავდაპირველად ჩემები საკმაოდ გაოცებულებიც დარჩნენ იმ ფაქტით, რომ ჩანთის გაკეთება გადავწყვიტე, ვინაიდან ეს გარკვეულ სირთულესთან არის დაკავშირებული. პირველი ჩანთა სელის ძაფისგან შევქმენი. როცა მოვრჩი მის დამზადებას, ჩემი ჩათვლით ყველანი აღფრთოვანებულები დავრჩით და ბევრმა დადებითმა გამოხმაურებამ მოთხოვნა წარმოშვა იმის, რომ მათთვისაც დამემზადებინა იდენტური.- დავიწყე დიზაინერებისა და ტენდენციებისთვის აქტიურად თვალყურის დევნება, შევისწავლე ყველა აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორი ჩანთის შესაქმნელად. ტყავზე მუშაობით დაწყებული, ხელსაწყოებით დასრულებული, ყველაფერი შევისწავლე. ჟურნალისტის აქტიური რეჟიმიდან გამომდინარე, ჩანთებზე მუშაობა ღამით მიწევს. შემდგომი მცდელობა ჩანთების დამზადებაში ყაისნაღით ქსოვა აღმოჩნდა, რისთვისაც ვიყენებ ხის სხვადასხვა აქსესუარსა და ორნამენტს. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ხის მასალებს სხვადასხვა კომპანია ამზადებს შეკვეთით საქართველოში, ან უბრალოდ უკვე მზა სახით იყიდება, თუმცა იშვიათად არის კარგი ხარისხის. რაც უფრო მეტად გავერკვიე ხის ორნამენტებში, მივედი იმ დასკვნამდე, რომ ჩვენთან ძალიან დაბალხარისხიანი თხელი ფირფიტები მზადდება. შესაბამისად, მივმართე გამოწერის მეთოდს, რამაც გაამართლა და კარგი ზომისა და სისქის გამოდგა.
რა ფერები დომინირებს შენს ჩანთებში და რას ითვალისწინებ მათი შექმნისას?
- ფერებს რაც შეეხება, მომწონს პასტელური ფერები, მშვიდი ფერები, რაც თვალს არ აღიზიანებს. ხატვის დროსაც მშვიდ ფერებს ვიყენებ, თუმცა გამონაკლისია წითელი. მისი სხვადასხვა ვარიაცია მაქვს გამოყენებული ჩემს ჩანთებშიც. ამჟამად ვმუშაობ ღია ყავისფერზე, რაც საკმაოდ აქტუალური ფერია, მოგეხსენებათ, წლევანდელ მოდურ ტენდენციაში. რაც შეეხება ტევადობას, კარგად ვიცით, რომ გოგონებს ძალიან ბევრი ნივთის ტარება გვიწევს. შესაბამისად, კოსმეტიკის ჩანთით დაწყებული, პლანშეტით დასრულებული, ყველაფერს ნახავთ ჩემს ჩანთაში. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, სწორედ ასეთი ტევადობის ჩანთა შემექმნა იმისათვის, რომ მასში ყველაფრისთვის ყოფილიყო ადგილი. თან, ამავდროულად, მომწონს მარტივი დიზაინი. ზოგადად, არ მომწონს ჩანთის გადატვირთვა. შეკვეთების დროს, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ მომხმარებლის სურვილს, თუმცა ჩემი სურვილის შემთხვევაში პასტელური ჩანთები მომგებიანია, ვინაიდან ვფიქრობ, რომ კლასიკურის მსგავსად, თავისუფალ სტილსაც იდეალურად ავსებს. უმეტესად ვამზადებ მრგვალი ფორმის ჩანთებს, თუმცა მქონია ოთხკუთხედი ფორმის ჩანთა. თითოეული ჩანთის დასამზადებლად 4-5 დღე მჭირდება, ვინაიდან შიდა მხარეს საკმაოდ კარგი დამუშავება სჭირდება, რაც დიდ დროსთან არის დაკავშირებული.
- ქსოვა საკმაოდ მარტივია და ბევრს ეხერხება, თუმცა ჩემი ჩანთა, ვფიქრობ, განსხვავდება ხარისხით, ვინაიდან ჩემთვის ხარისხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამავდროულად, მინდა საინტერესო ხაზი შევქმნა და ვფიქრობ, რომ სამომავლოდ განსხვავებულ ჩანთებს დავამზადებ. მინდა, „Katerina’s Bags“ ყველა გამვლელმა იცნოს. ამჟამად ონლაინგაყიდვებზე ვარ ორიენტირებული, თუმცა ვგეგმავ, ქართველ დიზაინერებს შევუერთდე გამოფენებსა და ფლი-მარკეტებზე.
- პირველ რიგში, ჩემი გამოცდილებიდან ვეტყვი, რომ რაც მოგაფიქრდებათ და გინდათ რაიმეს შექმნა, დიდხანს არ იფიქროთ. ნუ გგონიათ, რომ არ გამოგივათ, აუცილებლად უნდა დაიწყოთ რაღაცით. ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია, თუ ერთ დღესაც ადგებით და „არ შემიძლიას“ გადააბიჯებთ. თუკი საკუთარ თავში ირწმუნებთ, აუცილებლად გამოგივათ. ამავდროულად, განსხვავებული და ხარისხიანი პროდუქტის შეთავაზებასთან ერთად თქვენი მომხმარებელი აუცილებლად გამოჩნდება, თან გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქართველი მომხმარებელი საკმაოდ პრეტენზიულია, ყველა დეტალს აკვირდება. ამიტომ, თუკი შესთავაზებთ მათ ისეთ პროდუქტს, რომელიც ნამდვილად კარგი ნამუშევარია, მერწმუნეთ, აუცილებლად გეყოლებათ თქვენი სეგმენტი.