„დაბადების დღეზე მეტად ახალი წელი მიყვარს. ახალი წლისთვის ერთი თვით ადრე ვიწყებ მზადებას. მით უმეტეს, სოფია რომ მყავს, უფრო ვცდილობ, ეს სამზადისი ტრადიციად ვაქციო ჩემს ოჯახში და შვილს ახალი წლის სიყვარული ჩავუნერგო.“ - ამბობს თამო ვაშალომიძე. ის ყოველ წელს მართლაც განსაკუთრებულად ემზადება, ნაძვის ხის მოსართავად დიზაინერსაც კი ქირაობს... როდის ჰქონდა თამოს ყველაზე ბედნიერი ახალი წელი საყვარელ მამაკაცთან ერთად და აპირებს თუ არა წელს დაოჯახებას, თავად გვიამბობს.
მართალია, რომ ნაძვის ხის ასაწყობად დიზაინერი დაიქირავე?
- ყოველ წელს დიზაინერს ვაწყობინებ ნაძვის ხეს. ძალიან ბევრი ნაძვის ხე ვნახე „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ და რამდენიმე იდეის გაერთიანებით შეიქმნა ჩემი ნაძვის ხე და გამოვიდა განსხვავებული. დიზაინერს დავუკავშირდი, გავანდე ჩემი შეხედულება და მასაც მოეწონა. მე ნაძვის ხისთვის მართლა არ მეცალა. კი ვიყავი ჩართული, მაგრამ ყოველ წუთს, ყველა დეტალზე რომ მეფიქრა და მერბინა, დრო არ მქონდა. უკვე მე თვითონ ვქმნი „ივენთ“ კომპანიას, სადაც ეს დიზაინერიც მეყოლება.
წელს როგორი ფერის და დიზაინის ნაძვის ხე გაქვს?
- ყოველ წელს სხვადასხვანაირი ნაძვის ხე მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ნაძვის ხე სამ მეტრამდეა და ჭერამდე სწვდება, მინდოდა, ძალიან დიდი და გრანდიოზული ყოფილიყო. პირველად ვინანე, რომ უფრო დიდი ჭერი არ ჰქონდა ჩემს სახლს. არადა, ძლივს ვიპოვე ამხელა ნაძვის ხე თბილისში, ძალიან ბევრი ვიწვალე, მაგრამ მაინც ვიშოვე, თუმცა მალე ახალ სახლში რომ გადავალ, იქ მექნება დიდი ჭერი. წელს ჩემს ნაძვის ხეს ვერცხლისფერები ურევია. ვერ გადამეწყვიტა, წითელი თუ ვარდისფერი ყოფილიყო დომინანტი, მაგრამ საბოლოოდ ღია ფერებში გავაკეთე. მომდევნო წელს ჩემი ნაძვის ხე აუცილებლად წითელ ფერში იქნება გადაწყვეტილი. შარშან სოფია ერთი წლის იყო და ასე ვერ აღიქვამდა, მაგრამ უკვე ორი წლის გახდა და დიდი გოგოა. ძალიან უხარია. შარშან სათამაშოებს გლეჯდა და ძირს ყრიდა. მეგონა, წელს უარესი იქნებოდა, მაგრამ არა, შედარებით დინჯად იქცევა, თუმცა მაინც გიჟი გოგოა, მე მგავს გარეგნულადაც და ხასიათითაც. მეც არ ვარ მშვიდი და წყნარი, მოცარტზე რომ იძინებენ ისეთი. გიჟი და აქტიური ადამიანი ვარ და ბავშვიც მე დამემსგავსა.
საახალწლო სუფრას შენ თვითონ ამზადებ?
- სუფრაზე ყველაფერი მექნება, მაგრამ ერთადერთი ტრადიცია რაც მაქვს, გოზინაყს ვაკეთებ მე თვითონ. დანარჩენ კერძებს ვუკვეთავ კომპანიას და მოაქვთ, იმიტომ, რომ ძალიან მეზარება სახლში კერძების კეთება. სოფია რომ წამოიზრდება და მიხვდება რაღაცებს, მერე დავიწყებ სახლში სამზარეულოში ფუსფუსს. ახლა ჯერ პატარაა, მაინც ვერ ხვდება და გოზინაყითაც დაკმაყოფილდება.
საახალწლო სამოსის შერჩევის დროს ასტროლოგის რჩევებს თუ აქცევ ყურადღებას?
- ასტროლოგია ჩემგან ძალიან შორს. კაბის ფერს იმის მიხედვით ვარჩევ, რა ფერის ნაძვის ხე მაქვს და სად მივდივარ. ცაგარელმა რომ თქვას, უნდა ჩაიცვა ლურჯი ან იასამნისფერიო, მაინც არ ჩავიცვამ, იმიტომ, რომ არ მიყვარს ეს ფერები და ასტროლოგია ჩემთვის მეასეხარისხოვანია. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, რა ფერებში ვიქნები ახალ წელს.
ბავშვობაში თოვლის ბაბუის გჯეროდა?
- 12 წლამდე მეგონა, თოვლის ბაბუა მართლა არსებობდა. დილით რომ მახვედრებდნენ საჩუქრებს, ძალიან მჯეროდა და მიხაროდა, მაგრამ 12 წლის რომ გავხდი და მამაჩემი დავიჭირე, ბალიშის ქვეშ რომ საჩუქარს დებდა, ძაან „გამიტყდა“. მე უფრო მჯერა ბედობის, ვიდრე 31-ში რომ რაღაც ჩავიფიქრო და ამიხდეს. ბედობას ვცდილობ, მხიარულად შევხვდე, ცოტა ვჭამო. წონაზე კი აღარ მაქვს პრობლემა, მაგრამ მაინც ვცდილობ, არ გავსუქდე, ბედნიერი ვიყო. ვფიქრობ, ეს უფრო ფსიქოლოგიური მომენტია, მაგრამ მაინც „ასწორებს“, როცა რაღაცების გჯერა ადამიანს.
რომელიმე ახალი წელი თუ გახსენდება განსაკუთრებულად?
- შარშან მქონდა ყველაზე ბედნიერი ახალი წელი. 27 წლის ვიყავი მაშინ და 27 წლის განმავლობაში ყველაზე მაგარი ახალი წელი მქონდა. 31 დეკემბერს, ახალ წელს სახლში შევხვდი ჩემი შვილისა და მეგობრების გარემოცვაში. შემდეგ გავიპარე ჩემს ბიჭთან ერთად. მეგობრები დავტოვეთ და დავტყდით ქალაქიდან. ვიმედოვნებ, რომ წელსაც ბედნიერი და განსაკუთრებული ახალი წელი მექნება. თუმცა ტრადიციას არ დავარღვევ, ყოველ წელს სახლში ვხვდები ახალ წელს და ყოველთვის შევხვდები სახლში ბავშვთან ერთად, იმიტომ, რომ სოფია არის ჩემთვის ყველაზე პირველხარისხოვანი ადამიანი.
გამოდის, რომ შენს ცხოვრებაში არის საყვარელი მამაკაცი?
- კი, არის მამაკაცი, ვისთან ერთადაც ძალიან კარგად, უბედნიერესად ვგრძნობ თავს. უბრალოდ არ მაქვს სურვილი, საზოგადოებამ მასზე იცოდეს, იმიტომ, რომ იმდენად კარგად ვარ, რომ არ მინდა ერთმა ადამიანმა მაინც სცადოს, რომ გამიფუჭოს ენით. ამიტომ ჯერჯერობით ასე ვტოვებ ამ ამბავს.
წელს შენს გათხოვებასაც ხომ არ უნდა ველოდოთ?
- დაოჯახება ერთი ხუთი წელიწადი გეგმაში არ მაქვს, არც მე და არც მას. ასე რომ, არაფერი მსგავსი.
ხათუნა კორთხონჯია