ინტერვიუ

ვინ არის ჯეისონ სტეტჰემის ქართველი ორეული და როგორი გოგონები მოსწონს (ფოტო)

ვინ არის ჯეისონ სტეტჰემის ქართველი ორეული და როგორი გოგონები მოსწონს (ფოტო)
რუბრიკის - ALTER EGO მორიგი სტუმარი ზაზა ჭინჭარაული გახლავთ. ზაზა პროფესიით მომღერალია. მას მონაწილეობა აქვს მიღებული 20-მდე ქართულ ფილმსა და 70-მდე სარეკლამო რგოლში. 

ზაზა, რამდენი ხანია, რაც მღერით?

- ბავშვობიდან ვმღერი-მეთქი, მთლად ასეც ვერ ვიტყვი. უფრო ინსტრუმენტებზე დაკვრას ვსწავლობდი. 6 წლიდან ქართული ნაციონალური ცეკვის საბავშვო სტუდიაში ვცეკვავდი. 13 წლის ვიყავი, როდესაც რობერტ ბარძიმაშვილის საბავშვო ვოკალურ სტუდიაში მივედი, მაგრამ იქ დიდხანს არ მისწავლია. როდესაც პროფესიად ავირჩიე სიმღერა, 17 წლის ვიყავი და ისევ ამ სტუდიას დავუბრუნდი. ასე დაიწყო ჩემი კარიერაც.

მსახიობობაზე
თუ გიოცნებიათ ბავშვობაში?


- ჩვენს ბავშვობაში დენი არ იყო (იცინის). ამაზე, ალბათ, ყველა ბავშვი ოცნებობს, მაგრამ მე ორიენტირებული ვიყავი ცეკვასა და სპორტზე. ამიტომ ეს მიზანი არ მქონია. მე არ ვარ მსახიობი, მაგრამ გამიმართლა და მიმუშავია ისეთ პროექტებზე და ისეთ პროფესიონალებთან, როგორზეც ბავშვობაშიც ვერ ვიოცნებებდი. და ვერც წარმოვიდგენდი.


რა პროფესია გაქვთ?

- დავამთავრე ილია ჭავჭავაძის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გერმანული ტურიზმის სპეციალობით. ასევე ვსწავლობდი ზ. ფალიაშვილის სახელობის მეორე მუსიკალურ სასწავლებელში, საესტრადო ჯაზ-როკის სპეციალობაზე, მაგრამ ტურიზმის გზით არ წავსულვარ, პროფესიად მუსიკოსობა ავირჩიე.

პირველად როდის შემოგთავაზეს ფილმში გადაღება და რა როლი იყო? სულ რამდენ ფილმში გაქვთ მიღებული მონაწილეობა?


- არ მახსოვს... თავიდან იყო სარეკლამო რგოლები, რამდენიმე მუსიკალური კლიპიც, შემდეგ სერიალებსა და ფილმებშიც გამოვჩნდი, მაგრამ მათ ვერ დავარქმევ როლს. იყო პატარ-პატარა ეპიზოდური როლები, რამაც კარგი გამოცდილება მომცა. ჯერჯერობით, დაახლოებით, ოცამდე კინოპროექტზე მაქვს ნამუშევარი და 70-მდე სარეკლამო რგოლზე.

არჩევანის წინაშე რომ დადგეთ, რომელს აირჩევდით, მომღერლობას თუ მსახიობობას?

- რამდენადაც შეიძლება, ერთი შეხედვით მუსიკას და მსახიობობას ბევრი საერთო ჰქონდეს, ამ შემთხვევაში ჩემთვის საერთოდ სხვადასხვა სფეროა. ორივე შრომატევადი, მრავალფეროვანი და გენიალურია, მაგრამ მუსიკა შეგიძლია ერთმა ადამიანმა შექმნა, იმღერო, დაწერო, დაუკრა. ფილმს მარტო ვერ გადაიღებ. აქ ყველაფერი მნიშვნელოვანია. სცენარი, ოპერატორი, რეჟისორი, მსახიობი, განათება, მუსიკა, დეკორაცია, მხატვრობა და ძალიან საინტერესოა ამ ყველაფრის კეთება, ნახვა, შესწავლა, შეფასება. ამიტომ, თუ ეს საქმე გიყვარს, დიდი სიამოვნებაა და ძნელია, ამაზე უარი თქვა.

რას ფიქრობთ თქვენსა და ჰოლივუდელ მსახიობ ჯეისონ სტეტჰემის მსგავსებაზე?

- არ ვიცი, ალბათ, არის მართლა ცოტა ვიზუალური მსგავსება, რადგან ხშირად აღნიშნავენ. უცხო თვალი თუ ასე ფიქრობს, ვენდოთ (იღიმის).

გყავთ მეგობარი გოგონა?

- არ მყავს!

როგორი უნდა იყოს გოგო, რომ მოგეწონოთ?

- საუკეთესო!


რა არის თქვენი ჰობი? რისი კეთება განიჭებთ სიამოვნებას?

- ჰობი მაქვს ავტო-მოტო, სუფთა ჰაერზე დასვენება, მთა, წყალი, მუსიკის კეთება, ფილმების ყურება, მოგზაურობა, რა ჩამოთვლის...

რომელ ცნობილ ფილმში ითამაშებდით სიამოვნებით და ვის როლს მოირგებდით?

- ვერ გამოვყოფ ვერაფერს. უკვე არსებულ ფილმებზე არ მიფიქრია. საინტერესოა, რასაც შემოგთავაზებენ, იმას როგორ გაართმევ თავს. ამ კითხვაზე, ალბათ,   პროფესიონალები კარგად უპასუხებდნენ. ნებისმიერი ხასიათის როლი უნდა მოირგო, უნდა მოირგო კოსტიუმი, რეკვიზიტი. შენ თუ არ გაითავისე ის კონკრეტული ამბავი, თუ არ წარმოიდგინე, როგორ მოიქცეოდი, რას იზამდი იმ მოცემულ შემთხვევაში, შენ თუ არ განიცადე და დაიჯერე, მაშინ მაყურებელიც ვერ დაიჯერებს. არც ფილმი მინდა გამოვყო რომელიმე და არც მსახიობი. ამდენი მასალაა და ამდენი გენიალური მსახიობი მსოფლიოში. მათი პროდუქტის ნახვა ჩემთვის ლექციაა.

გაიხსენეთ ყველაზე საინტერესო ადგილი, სადაც ყოფილხართ...

- ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება.


დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ, შეცვლიდით რამეს თქვენს ცხოვრებაში?

- არ ვიცი, მაგაზე არ მიფიქრია. წარსული უკვე ვიცით, ალბათ, არ შევცვლიდი. საინტერესოა მომავალი.

გჯერათ სიკვდილის შემდეგ არსებობის? როგორ წარმოგიდგენიათ, რა ხდება?

- წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება. ისე, მგონია, იქიდან ყველაფერი ჩანს და ყველა ვჩანვართ 3D-ში (იცინის).

ფობია გაქვთ? რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?

- ბავშვობაში მეშინოდა სიბნელის, წყალდიდობის, მერე კი გაქრა.

რომელი სუპერძალა გინდათ, რომ გქონდეთ (ფრენის უნარი, დროის გაჩერება, ტელეპორტაცია და ა.შ.)?

- კარგი ვარიანტებია დროის გაჩერება და ფრენის უნარი. ყველაზე კარგი იქნებოდა საზღვრების გადიდების, მიწების დაბრუნების ნიჭი ყველა მხარეს, მაგალითად, თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის (იცინის).

თქვენი სამომავლო გეგმები კინოკარიერასა და მუსიკაში...

- მიზნები მქონდა და მაქვს, და მიმართულება მიზნამდე მისასვლელი, მაგრამ ამის მოყოლა უინტერესოა. თუ რამეს მივაღწევ, საქმემ გვაჩვენოს...
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93