მარიტა ჯანაშია ყოველთვის ფორმაშია და შესანიშნავად გამოიყურება. ჩვენ დავინტერესდით, რა არის მისი სილამაზის საიდუმლო, როგორ ინარჩუნებს წონას და რა რჩევებს აძლევს ბებია - ყველასთვის საყვარელი მსახიობი მარინა ჯანაშია და მარიტამაც გულახდილად გვიამბო ყველაფერი, როგორც თავის მოვლაზე, ასევე როლზე „არენაში“ და პირად ცხოვრებაზეც...
მარიტა, რა შედის შენი თავის მოვლის პროცედურებში?
- ჯერ კიდევ არ დამიწყია თავის მოვლა და რუტინა ძალიან მინიმალური მაქვს. მაკიაჟს არასოდეს ვხმარობ, მხოლოდ ტუჩსაცხი. მარტივად სახის გამწმენდი ქაფი და დამატენიანებელი კრემი. სულ ეს არის ჩემი თავის მოვლის პროცედურები. საბედნიეროდ, კარგი კანი მაქვს და კრემებს და ნიღბებს არ ვეკარები, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად უკვე დროა, ვისწავლო ნიღაბ-კრემების ხმარება.
რომელია შენი საყვარელი ტუჩსაცხი?
- ძალიან მიყვარს mac-ის პომადა dance with me. ჩანთაში კოსმეტიკური საშუალებებიდან ყოველთვის მიდევს პომადა და თვალების კორექტორი, რადგან თვალების ქვევით სულ შავი უპეები მაქვს. ამიტომ ვხმარობ კორექტორს და მორჩა, ეგ არის ჩემი ავლადიდება.
როდესაც გარეგნობაში ექსპერიმენტების ჩატარება გინდება, რა არის შენი სამიზნე?
- ძირითადად, თმაზე გადადის ხოლმე ეგეთი პერიოდები, მაგრამ ახლა თავს ვაიძულებ, რომ აღარ შევიჭრა და გავიზარდო, თუმცა ხანდახან ხელები მეფხანება. ახლა თმის გაზრდის პროცესში ვარ, რაც ძალიან გაუგებარია, არც შეკრული ვარგა, არც გაშლილი, მაგრამ მაინც ვანებებ თავს. ჯობია, რამე ტატუ დავიმატო ხელზე, ვიდრე ისევ თმა შევიჭრა. ფერსაც ხშირად ვიცვლი და თმის სიგრძესაც. რამდენიმე წელია სულ მოკლე თმა მაქვს და მომბეზრდა, მომენატრა გრძელი თმა. თან საკმაოდ ხშირად ვიმუქებ. მუქის შემდეგ ძველი ფერის დაბრუნება რთულია და მოკლედ, ძალიან ცუდად ვექცევი თმას. ამიტომ ახლა შევწყვიტე და ჯერჯერობით ჭკვიანად ვარ.
ტატუები გიყვარს?
- კი. მიყვარს და მაქვს რამდენიმე ტატუ, რომელსაც ჩემთვის დიდი დატვირთვა აქვს და ძალიან მიყვარს. თუმცა დიდხანს ვფიქრობ, რა უნდა გავიკეთო. ასე უბრალოდ ვნახე სკეჩი, მომეწონა, წავედი, დავიხატე - არ შემიძლია. რაღაც მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს.
აღგვიწერე შენი რომელიმე ტატუ...
- ჩემი პირველი ტატუ არის შემდეგი: იაპონურად მაწერია Blue bird. ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი პიესა „ლურჯი ფრინველის“ სახელწოდებით. ძალიან მიყვარს მეტერლინკი. ერთ დროს, ბავშვობაში ძალიან საჭირო დროს წავიკითხე და მას შემდეგ ჩემთვის ყველაზე საყვარელი წიგნია. ჩემი აზრით, ეს არ არის მხოლოდ საბავშვო, ყველა ასაკის ადამიანი ძალიან მნიშვნელოვან მესიჯს იპოვის მასში.
რაც შეეხება ჩაცმულობას, როგორი სტილის სამოსს ანიჭებ უპირატესობას?
- მანდაც ცოტა არასტანდარტულად არის საქმე. ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რაიმე კონკრეტული სამოსი ტენდენციურია თუ არა. თუ მომწონს, მაცვია; თუ არ მომწონს, რაც უნდა ტენდენციური იყოს, ვერაფრით ჩავიცვამ. ძალიან მომწონს ყვავილებიანი ფარფატა ლამაზი სარაფნები, მაგრამ იმდენად არ მიხდება, რომ ვერ ვიცვამ, ვყიდულობ და შემდეგ გავაჩუქებ. არადა, მართლა მთელი გულით მომწონს, უბრალოდ არ არის ჩემი სტილი და საშინლად არ მიხდება. კონკრეტულად არ ვიცი, როგორი სტილი მაქვს. ყველაფერი მაცვია, რაც მიხდება და ვცდილობ, ერთმანეთსაც შევუხამო. სიმართლე რომ გითხრათ, მაგხელა მნიშვნელობას არ ვანიჭებ ჩაცმას.
ბებია თუ გაძლევს რჩევებს თავის მოვლასთან დაკავშირებით?
- მარინას თავისი სტილი აქვს და ყოველთვის არაჩვეულებრივად ეცვა. მე ბავშვობაში ცოტა ბიჭური ვიყავი და ამაზე სულ მსაყვედურობდა, თუმცა მაინც პატივს სცემდა ჩემს სტილს. ახლა აღარ მეუბნება არაფერს, ბედს შეეგუა.
როგორ ინარჩუნებ წონას?
- ფორმას ხშირად ვერ ვინარჩუნებ და თუ გამექცა კილოგრამები, მერე ძალიან რთულია მობრუნება. საკმაოდ რთულად ვიმატებ და მერე უფრო რთულად ვიკლებ. ახლა ვირუსი შემხვდა და 5 კილო დავიკელი. დიეტების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, არ ვიცავ, რადგან კუჭს საკმაოდ ვსტრესავთ და ვაზიანებთ. სწორი კვება და საღამოს არჭამა რთული, გრძელვადიანი, მაგრამ ყველაზე შედეგიანია. საერთოდ, სილამაზის სტანდარტებსაც ვემიჯნები. ადამიანი უნდა გამოიყურებოდეს ისე, როგორც გრძნობს თავს კომფორტულად. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი კილოგრამია და რამდენი აქვს სხეულის გარშემოწერილობა. არ ვთვლი მართებულად დაწერილ და გაწერილ სილამაზის სტანდარტებს, რომ წელი აუცილებლად 60 სმ უნდა მქონდეს. თუ მაქვს 70-80 და მომწონს, რატომაც არა?!
რომელია შენი საყვარელი სუნამო?
- ცოტა უცნაური სუნები მიყვარს. ძალიან მიყვარს "კირკე".
მარიტა, ახლახან „არენაში“ გადაგიღეს. გვიამბე შენს როლზე...
- „არენაში“ ჩემი როლის დახასიათება ცოტა რთულია, ისე მოხდეს, რომ ზედმეტი არ ვთქვა მათთვის, ვისაც ნანახი არ აქვს, თუმცა ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის და ძალიან კარგად მახსენდება გადაღების დღეები. ფილმში მოვხვდი ქასთინგის მეშვეობით, რომელიც რამდენიმე ეტაპად იყო და საკმაოდ დიდი გზა გავიარე.
სად მიმდინარეობდა გადაღებები?
წყალტუბოში. წყალტუბოზე შეყვარებული ვარ, გენიალური სანატორიუმებია, გენიალური არქიტექტურით. ძალიან კარგად მახსენდება ყველაფერი, მიუხედავად ძალიან რთული გადასაღები დღეებისა და გადათენებული ღამეებისა. მსახიობების გარდა, გადამღები ჯგუფის წევრები არიან გმირები. ჩვენ ცოტა დასვენებას მაინც ვახერხებდით და მათ საერთოდ არ ეძინათ. რთულზე მეტად იყო ძალიან საინტერესო, ჩვენ ხომ რამდენიმე ვარიანტს ვიღებდით, რომ შემდეგ მაყურებელს არჩევანის და სიუჟეტის სხვანაირად წარმართვის საშუალება ჰქონოდა. ამიტომ ამ მხრივაც ძალიან საინტერესო იყო რამდენიმე ვარიანტის გადაღება და თამაში.
დიახ, ასევე ვარ თეატრშიც და ძალიან მიყვარს ორივე, თუმცა ჩემთვის მაინც უფრო საინტერესოა ფილმები.
შენს მსახიობობაზე ბებიამ იქონია გავლენა?
- რაღაც დოზით, რა თქმა უნდა. ბავშვობიდან კულისებში ვიზრდებოდი და ამ ყველაფერმა აუცილებლად იქონია გავლენა. თუმცა, ვთვლი, რომ საქართველოში ეს პროფესია (ისევე, როგორც ბევრი სხვა პროფესია), სამწუხაროდ, არ არის საკმარისად დაფასებული და ამიტომ მეორე პროფესიაც ავირჩიე, ვისწავლე გრაფიკული დიზაინი და ამ მხრივაც აქტიურად ვმუშაობ.
მარინა რამდენად კრიტიკულია შენ მიმართ, პროფესიული თვალსაზრისით?
- კრიტიკული არ არის, რჩევებს მაძლევს. ჩემი ოჯახის წევრები ზედმეტად არ ერევიან ჩემს პროფესიებში. ძალიან გამიმართლა და მადლობელი ვარ, რომ ასეთი ოჯახი მყავს. გვერდით მიდგანან და მაძლევენ საშუალებას ჩემით მივიღო ყველანაირი გადაწყვეტილება. მარინამ უყურა ფილმს და საკმაოდ მოეწონა, მეც მოვეწონე. ჩემთვის ეს იყო ძალიან დიდი კომპლიმენტი.
ხათუნა კორთხონჯია