კესარია აბრამიძე ყოველთვის იდეალურად გამოიყურება და მისი სილამაზე ხშირად განხილვის საგანია. კესარიას ძალიან უყვარს მაკიაჟის კეთება და ეს საქმე პროფესიონალურ დონეზე იცის. როგორ ახერხებს ის, ყოველთვის ფორმაში იყოს და რა მაკიაჟის ხრიკები აქვს, „მარაოს“ მკითხველს უზიარებს.
როგორია შენი დილის და საღამოს რუტინა?
- სახეს ვიბან კონტრასტული, ცხელ-ცივი შხაპით. თუ დრო მაქვს, ყინულის კუბებსაც ვიტარებ სახეზე. როგორც წესი, სისხლის მიმოქცევისთვის ძალიან კარგია. მერე აუცილებლად ვიტენიანებ, ოღონდ დღისით მსუბუქი დამატენიანებლით. გააჩნია, რა ეფექტი მინდა. თუ გადაღებაზე არ მივდივარ, მაგ შემთხვევაში ძალიან კარგად ვიტენიანებ, თან ძალიან კარგი საშუალებები მაქვს იმისთვის, რომ სახის სიპრიალე „მოვკლა“. ძილის წინ აუცილებლად ვიბან სახეს. მაკიაჟით დაწოლა ხომ კოშმარია, როგორ მდგომარეობაშიც უნდა ვიყო, ისეთი ნასვამიც რომ ვიყო, ფეხზე ვერ ვდგებოდე, ყოველთვის ვიშორებ მაკიაჟს და ვისვამ კარგ დამატენიანებელს. მაქსიმალურად ცხიმიანი სახით ვიძინებ.
ჩვენც გვასწავლე, რითი „კლავ“ მაკიაჟის სიპრიალეს...
- Mac-ს აქვს ასეთი ფქვილივით თეთრი პუდრის მსგავსი, ოღონდ ეგ პუდრაც არ არის, სახის ფერს არ ახშობს და ტონალობას არ აძლევს სახეს, მხოლოდ ბუნებრივ ცხიმს იღებს სახიდან. ამას პუდრით აკეთებ, მაგრამ არასწორია, პუდრა მაინც იზილება სახეზე.
როგორც ვიცი, მაკიაჟის კეთება ძალიან გიყვარს...
- მიყვარს მაკიაჟის კეთება. ამ საქმის პროფესიონალი ვარ. ჩემი ერთგვარი ჰობიც არის. პატარა საგრიმიოროც მაქვს სახლში და ზღაპრულ მაკიაჟსაც ვაკეთებ. ხშირად ვცვლი ამ მაკიაჟებს. ყოფილა შემთხვევები, ორსაათიანი ექსპერიმენტებიც გამიკეთებია საკუთარ თავზე. ჩემი გამომწერებიც ხშირად მთხოვენ, ჩემი სილამაზის ხრიკები გავუზიარო. ზოგჯერ ვახერხებ და რაღაც რჩევებს ვაძლევ. ტელევიზიაში რომ მივდივარ, უფრო მძიმე მაკიაჟს ვიკეთებ, მაგრამ მაინც კამერას გააჩნია. მე უკვე დამუღამებული მაქვს, მაგრამ მეშინია ხოლმე, თუ ისეთ არხზე მივდივარ, სადაც არ ვიცი, როგორი კამერა აქვთ.
მაკიაჟს ყოველდღიურად ატარებ?
- არა, მაკიაჟს ყოველდღიურად არ ვიკეთებ, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მაკიაჟი სახლში გამიკეთებია, მხოლოდ განწყობის ასამაღლებლად, იმიტომ, რომ მე თვითონ მიქმნის ძალიან კარგ განწყობას. ყოფილა მომენტი, როცა უხასიათოდ ვარ, სარკის წინ დავმჯდარვარ და ბოლოს ისეთ „ვიდზე“ დავმდგარვარ, მიფიქრია, სად წავიდე. ის, რომ ჩემი ყოველდღიური რუტინა იყოს მაკიაჟის კეთება, ასე არ არის. რაც უფრო ვიზრდები, მით მეტად ვაქცევ კანს ყურადღებას. მირჩევნია, კანი მქონდეს წესრიგში, ოდნავ ნამზეური მქონდეს, თმა მოწესრიგებული, ვიდრე სულ მაკიაჟით ვიყო. საბედნიეროდ, სუფთა კანი მაქვს, გრძელი წამწამები მაქვს და მაკიაჟს დიდად არ ვსაჭიროებ. ხშირად მწერენ გოგონები: "სახეზე რა ტონალური გისვია?" ამ დროს აკნე აქვთ. კვირაში ორი ფლაკონი ტონალური რომ გჭირდება და ყოველდღე ფარავ აკნეს, სახეს რომ დაიბან და უბედურება გჭირს სახეზე, მგონი ჯობია, ელემენტარული, კანის ექიმთან მიხვიდე, პროფესიონალ დერმატოლოგთან. მე ვფიქრობ, სალონური ექიმები ცოტა საშიშია.
ერთი წუთი რომ გქონდეს მოსამზადებლად, რას გაიკეთებდი პირველ რიგში?
- ხშირად არის ასეთი შემთხვევა, აუცილებლად გავიკეთებდი ტუშს, იმიტომ, რომ ისედაც გრძელი წამწამები მაქვს და ავტომატურად მომცემდა დაგრძელების ეფექტს. შესაბამისად, ტუშს რომ ვიყენებ, ჩათვალე, უკვე ლაინერის და ტუშის ეფექტი ერთად აქვს. ლოყებზე ვარდისფერ "რუჟს" გავიკეთებდი, ოღონდ სუფთა სახეზე, ტონალურის გარეშე და ტუჩებს ოდნავ გავაცოცხლებდი. ამას ერთ წუთში აუცილებლად ვიზამდი და შესაბამისად, უკვე ფორმაში ვიქნებოდი.
რომელი კოსმეტიკური საშუალებები გიდევს სულ ჩანთაში?
- მე ერთი ჩანთით არასდროს ვმოძრაობ. როდესაც ერთ ჩანთაში ძალიან დავბუდდები, მერე მიწევს გადალაგება. აუცილებლად უნდა მეგდოს ყავისფერი ფანქარი, რადგან შემიძლია ის წარბზეც წავისვა, თვალზეც და ტუჩზეც. ან აუცლებლად უნდა მქონდეს ერთი მუქი ბორდოსფერი პომადა, იმიტომ, რომ ოდნავ ლოყას მისცემ "რუჟს" ფერს, თვალთან, ტუჩზე და უკვე სხვა სხივი გაქვს.
რომელია შენი საყვარელი სუნამო?
- მე არასდროს მითქვამს, რა სუნამოს ვხმარობ, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ყოველთვის მაქვს ერთი სურნელი, რომელიც არის ძალიან ჩემი. ბევრი მაქვს, გამომიყენებია, მაგრამ მე იმდენად ეგოისტურად მაქვს იდივიდუალიზმის შეგრძნება საკუთარ თავთან, რომ არ მიყვარს, როდესაც რაღაც სუნამო გამოვა და მთელ ქალაქს ასხია. ამ მხრივ არ მივდევ ტენდენციას. მე წლების განმავლობაში მაქვს ჩემი ერთი სუნი. შეიძლება არც იყოს ეს სუნამო, ჩემს ტანსაცმელსაც გამჯდარი აქვს ეს სურნელი და ამ სურნელთან ვასოცირდები. არასდროს არ ვამხელ ჩემს სურნელს.
რომელი კოსმეტიკური საშუალება არ გიყვარს?
- მეზიზღება წითელი და ელექტრიკი ვარდისფერი პომადები. არასდროს მიყვარდა. ბევრი ქალისთვის წითელი პომადა არის ერთგვარი გამოსავალი, მაგრამ ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს. მაქვს უამრავი ფერის პომადა. შეიძლება მქონდეს ყვითელი, იასამნისფერი, ღია ფერები, თბილი ფერები. ზოგადად, არ მიყვარს წითელი ფერი. ჩემს გარდერობშიც ვერ ნახავთ. უფრო ღია ფერები მიყვარს. უამრავი თეთრი სამოსი მაქვს, საცვლების უმრავლესობა თეთრი მაქვს, თეთრ საწოლში ვწევარ. თეთრი ჩემთვის სისუფთავესთან ასოცირდება. შავიც კარგი გამოსავალია, ყველა ქალს უნდა ჰქონდეს ერთი შავი კაბა, ნებისმიერ სიტუაციაში გამოგაძვრენს. უბრალოდ პომადა რომ გადაისვა და შავი კაბა ჩაიცვა, უკვე ლამაზად ხარ, მაგრამ დიდად არ მიყვარს შავი ფერიც. მირჩევნია უფრო ფერადი სამოსი ჩავიცვა, თუმცა მაქვს რამდენიმე ძალიან კარგი შავი „ნარიადი“. შავი ფერი მაინც ნაკლოვანებების დაფარვასთან ასოცირდება, ახდუნებს ეს ფერი და მე იმდენად კომფორტში ვარ ჩემს ანატომიასთან თუ აღნაგობასთან, ვფიქრობ, რომ არ მჭირდება.
წონას როგორ ინარჩუნებ?
- წონას არ ვინარჩუნებ, უზომოდ ბევრს ვჭამ. თუ სადმე კარგი კერძი კეთდება, ყველგან დავდივარ და ლამის ერთ დედალს ვჭამ. არანაირად არ ვიზღუდავ თავს, ყველაფერს ვჭამ.
მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის, გარეგნობაზე თუ?
- კაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის, ოღონდ საწოლის გავლით. სხვათა შორის, მამაკაცებს მოსწონთ, როცა ქალი კარგად იკვებება. მე, მაგალითად, მქონია შემთხვევა, როცა პირველ პაემანზე იმდენი მიჭამია, ცოტა შოკში ჩავარდნილა ბიჭი, თვითონაც გაგიჟებულა, რა გემრიელად ჭამო. არავინ არ მიღირს იმად, რომ ჩემი კომფორტი დავარღვიო და არ ვჭამო. კაცებს თავისუფლება მოსწონთ. შესაბამისად, შენ როდესაც მოჭიმული ხარ და ჩარჩოებში, თვითონაც იღლება კაცი. ჩვეულებრივი მოვლენაა ჩემთვის ყველა ბიოლოგია და ანატომია. ყველაფერს გავაკეთებდი კაცთან იმას, რასაც მარტო ვაკეთებ...
ხათუნა კორთხონჯია