მერსი სულხანიშვილისთვის თავის მოვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესი უპირველესია. ის ყოველთვის ფორმაშია და წონას იდეალურად ინარჩუნებს. რა არის მისი თავის მოვლის ხრიკები და როგორ ინარჩუნებს ფორმას მერსი, „მარაოს“ მკითხველს გაუმხელს.
როგორია შენი კვების რაციონი?
- თავს შეზღუდვებს არ ვუწესებ, თუმცა შემწვარს და ცომეულს ვერიდები. ასევე, ყველგან არ მივირთმევ, სადაც სუფრაა გაშლილი. დიდ ყურადღებას ვაქცევ იმას, თუ რამდენად არის დაცული მომზადების პირობები, გამოყენებული ინგრედიენტების წარმომავლობასაც ვაქცევ ყურადღებას ამ ბოლო დროს, ასევე - გარემოს. არ მეგულება ადამიანი, ვისაც არ უყვარს ტკბილეული და გემრიელობები. მაგალითად, სულ ახლახან ჩავლილი ახალი წელი არის მთელი რიტუალი, ჩვენი ტრადიცია საცივი და გოზინაყია, რომლის ცდუნებასაც მეეჭვება, ვინმე უძლებდეს. მიყვარს ტკბილეული, უბრალოდ ზომიერების ფარგლებში ვცდილობ ხშირად არ გავანებივრო თავი. ვიცავ რაციონს და დროს, როდის რა უნდა მივირთვა.
დიეტები თუ დაგიცავს და რომელი დიეტაა შენთვის მისაღები?
- ე.წ. ტრადიციულ დიეტას არასდროს ვიცავ. სიმართლე გითხრათ, არც არასდროს ვყოფილვარ დიეტაზე. დიეტას ჩემთვის სხვაგვარი არატრადიციული განმარტება აქვს და ის ნიშნავს სწორ, ჯანსაღ კვებას. ჯანსაღი კვება - ეს უბრალოდ სიტყვები არ არის, ეს არის ცხოვრების სტილი; როცა იცი, რა არის სასარგებლო და უთავსებ ამ ყველაფერს სასიამოვნოს.
უფრო კონკრეტულად რომ გვითხრა, როგორ ინარჩუნებ ფორმას?
- ფორმას ვინარჩუნებ კომპლექსურად სწორი კვებით, ვარჯიშით და მასაჟით. თუმცა ეს სამი, ზოგადად, სასარგებლოა ნებისმიერი ადამიანისთვის, იმისთვის, რომ კარგი ფიგურა ჰქონდეს. წონას რაც შეეხება, გენეტიკის დამსახურებაა, არასდროს მქონია მასთან პრობლემა. კვება, ვარჯიში და მასაჟი - ეს ორგანიზმისთვის სასარგებლოა, რამდენ კილოგრამსაც უნდა წერდეს სასწორი. შეიძლება განტვირთვის დღე მოვაწყო კვირაში ერთხელ ჯანსაღი, სახლში გაკეთებული სმუზებით და დეტოქს-კოქტეილებით.
ჩვენც გაგვიზიარე რომელიმე შენი საყვარელი სმუზის ან დეტოქს-კოქტეილის რეცეპტი...
- ერთ ჩემს საყვარელ ანტიდოქსიდანტ კოქტეილს გაგიმხელთ, რომლის მომზადებაც უმარტივესია: ბლენდერში მოვათავსოთ 1/2 ს.კ. ვაშლის ძმარი, ½ლ წყალი, 1 ს.კ. ჯინჯერი, 1 ს.კ. თაფლი, 1/2 ჩაის კოვზი დარიჩინი. მიირთვით კვირაში ერთხელ. ეს ჯადოსნური სასმელი არის საოცრება ჩვენი ორგანიზმისთვის, ჯანმრთელობისთვის.
ზამთარში იმუნიტეტის ასამაღლებლად თუ მიმართავ რამე ხრიკს?
- ახლა ზამთარია და გრიპების და გაციების პერიოდია, ამიტომ ასევე გაგიმხელთ სახლური ჩემი საყვარელი ჩაის მომზადების რეცეპტს. მისი ჯადოსნური ინგრედიენტი ჯინჯერია, რომელიც ორგანიზმს ეხმარება ცხიმის წვაში. ამასთანავე, ჯანმრთელი და ნატურალური.
ჩაი
- 4 ჭიქა წყალი ჩავასხათ ქვაბში, 1 ცალი ლიმონი დავჭრათ რგოლებად, ასევე დავჭრათ ჯინჯერი 5-7 სმ და შევურიოთ. ეს ნარევი წამოვადუღოთ 10 წუთის განმავლობაში. ფინჯანში ჩასხმისას დავამატოთ 1 სუფრის კოვზი თაფლი. უგემრიელესი ჩაია და ამავდროულად, იმუნიტეტს ამაღლებს.
ხათუნა კორთხონჯია