თუკი ხშირად უყურებთ კულინარიულ ვიდეოებს, აუცილებლად შეგხვდებოდათ ახალი გვერდი Geo Wild Kitchen – ახალგაზრდა წყვილი, რომელიც ბუნებაში, პირდაპირ ცეცხლზე ამზადებს საჭმელს და ამას საოცრად დახვეწილად აკეთებს.
ნაზიბროლა ნიქაბაძემ და აჩი გლურჯიძემ რამდენიმე თვის წინ ატვირთეს პირველი ვიდეო, თუმცა გურმანთა ვიწრო წრეში უკვე კარგად იცნობენ. ამიტომ Gemrielia.ge-მ გადაწყვიტა, ისინი უფრო ახლოს გაეცნო.
მოგვიყევით, ვინ ხართ და აქამდე თუ გქონიათ შეხება კულინარიასთან?
ნაზიბროლა: ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი კულინარიით. სამზარეულოში ყოველთვის ვეხმარებოდი უფროსებს, მაგრამ სულ სხვა მიმართულებით ავირჩიე პროფესია. საბოლოოდ კი მივხვდი, რომ კულინარია არის სფერო, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებს და ბოლო რამდენიმე თვეა, დავიწყე მისი ძირფესვიანად შესწავლა.
აჩი: პროფესიით ბარისტა ვარ და 6 წელია ჩემი პროფესიით ვმუშაობ. ბავშვობიდან მიყვარდა საჭმელების კეთება და სამზარეულოში ტრიალი. მეც და ნაზიც აქტიურად ვადევნებთ თვალს კულინარიულ გადაცემებს.
როგორ გაჩნდა ბუნებაში მომზადებისა და ვიდეოების გადაღების იდეა?
აჩი: მე და ნაზი დიდი ხანია ვმეგობრობთ და იქიდან გამომდინარე, რომ ორივეს ძალიან გვიყვარს კულინარია, ძირითადად, სულ საჭმელზე გვიწევდა ლაპარაკი. Geo Wild Kitchen-ის შექმნის იდეაც ჩვენს ხშირ დიალოგებს მოჰყვა. თავდაპირველად, ეს იდეა ჩემს მეუღლეს დაებადა, გვირჩია, რომ მე და ნაზის ამ მიმართულებით რამე ისეთი შეგვექმნა, რაც სოციალურ მედიაში ინტერესს გამოიწვევდა.
გამომდინარე იქიდან, რომ სახსრები მცირე იყო და არც კუთხე გვქონდა, სადაც ამ ყველაფერს განვახორციელებდით, ყველაზე კარგი ვარიანტი ბუნება იყო, რომელიც, მოგეხსენებათ, საკმაოდ შთამბეჭდავი გვაქვს ჩვენს ქვეყანაში. გაგრძელება