რაც პაციენტ 54-თან, მარნეულელ 62 წლის ქალბატონთან დაკავშირებით მოხდა, როგორც ამბობენ, ყველაფერი დიდწილად იქაური მოსახლეობის არაინფორმირებულობის ბრალია. ადგილობრივმა მოსახლეობამ არ იცის ქართული ენა და შესაბამისად, თვალყურს არ ადევნებს ქართული ტელეარხების მუშაობს. ამასვე ამბობს სემა სადიკი, აზერბაიჯანელი გოგონა, რომელიც გარდაბნიდანაა, ადგილიდან, რომელიც ასევე აზერბაიჯანელებითაა უმეტესად დასახლებული.
სემა 20 წლის არის და თსუ-ს მეორეკურსელია. ამასთან, ორგანიზაცია „სალამის“ გამგეობის წევრი, კაპიტნის მოადგილე, რომლის საუბრიდანაც ვიგებთ, რომ მათ რაიონშიც, აზერბაიჯანული მოსახლეობიდან თითქმის არავინ იცის ქართული და ჭირს მათთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება.
„ახალი კორონავირუსის გავრცელების პერიოდში მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა და როგორც უკვე ვიცით, ბოლნისი და მარნეული რთულ ვითარებაში აღმოჩნდა - ამ რეგიონებში კარანტინი გამოცხადდა. ყველაფერი ისევ იმ პრობლემის ბრალია, რაზეც უკვე მოგახსენეთ. იქ ეთნიკური უმცირესობა, კერძოდ, აზერბაიჯანული თემი, ამ ვირუსის შესახებ ინფორმაციას დიდად არ ფლობს. არადა, როგორც იცით, კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია არის ქართულად. ამიტომ, „ჩელენჯი“ წამოვიწყეთ, მოსახლეობას, ეთნიკურ უმცირესობას, ჩვენს ხალხს, საკუთარ ენაზე მივაწოდოთ ინფორმაცია. მართალია, ახლა თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ გარდაბნის რაიონიდან ვარ და იქაც, როგორც მარნეულსა და ბოლნისში, თავიდან, როგორც საჭიროა, ყურადღებას არ აქცევდნენ ახალი კორონას შესახებ გავრცელებულ ცნობებს. მაგალითად, დღესაც, გარდაბანში ისე დადის ხალხი, ვითომც არაფერი ხდება ქვეყანაში და, მით უმეტეს, მსოფლიოში. არ იციან, რომ საშინელი ვირუსია გავრცელებული და ყველაფრისგან თავი უნდა შეიკავონ, ისხდნენ სახლში.
- ამ ადამიანებთან კარდაკარ დადიხართ?
- არა, კარდაკარ სიარული ახლა სახიფათოა. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სპეციალური ეკიპირებაა საჭირო, რაც არ გვაქვს. ვრეკავთ ტელეფონით, ვიყენებთ "ვოთსაფს", სოციალურ ქსელს. მათ შვილებს, შვილიშვილებს ვესაუბრებით, ვწერთ, რომ მიაწოდონ უფროს თაობას ინფორმაცია. ამასთან, რეგიონებში არის არასამთავრობო ორგანიზაციებიც და მათთანაც ვთანამშრომლობთ. ვცდილობთ, მოსახლეობის ინფორმირება მათი საშუალებითაც მოხდეს. გაგრძელება