ალბათ, უკვე იცით, რომ "მარაო" თავის მკითხველს ქართველი ავტორების შემოქმედებას აცნობს. "ნოველების" კატეგორიაში არაერთი ახალი ქართველი მწერლის რომანია წარმოდგენილი, რომელთა წაკითხვა საიტზე უფასოდაა შესაძლებელი.
დღეს დასრულდა "ცისარტყელა", ნოველა, რომელიც "მარაოს" მკითხველმა ძალიან შეიყვარა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ჩვენს ერთგულ მკითხველს "ცისარტყელას" ავტორი - ანი მერმანიშვილი გავაცნოთ:
ვინ არის "ცისარტყელას" ავტორი გოგონა და როგორია მისი შემოქმედებითი სამყარო?
- მე ვარ 27 წლის ანი... ბევრი არაფერი მაქვს მოსაყოლი ჩემს თავზე, არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი... ვწერდი ყველგან და ყოველთვის, განურჩევლად მდებარეობისა, მდგომარეობისა და ემოციური ფონისა; ტრანსპორტში, სახლში, უნივერსიტეტში. უბრალოდ როცა მომინდება, წამსვე ხელში კალამს ვიღებ და ვწერ. ძირითადად, ჩანახატებს და ნოველებს, მაგრამ ერთ დღეს მივხვდი, რომ ძალიან ბევრი მქონდა სათქმელი. ოღონდ მხოლოდ საკუთარი თავისთვის აღარ... დავჯექი და ძალიან ფრთხილად შერჩეულ თემაზე ავალაპარაკე ჩემი პერსონაჟები. "
ცისარტყელაში“ უამრავი რამ ჩავატიე, რაზე პროტესტიც ხშირად მიჩნდებოდა, რა თემაზეც ხშირად მიკამათია. მწერლის იარაღიც ხომ მოგეხსენებათ, რომ მისი კალამი იყო, არის და იქნება მუდამ...
რას საქმიანობთ ამჟამად, წერის გარდა? - ამჟამად ვმუშაობ კახეთში, ერთ-ერთი სასტუმროს ადმინისტრატორად.
რამდენად აღწერთ თქვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებებსა და შემთხვევებს თქვენს ნოველებში?
- ზოგადად, ვფიქრობ, რომ რაიმეს დაწერა საკუთარი პიროვნებისგან და გამოცდილებიდან სრულიად დამოუკიდებლად - შეუძლებელია, მაგრამ სიუჟეტი სამივე ამბის არის გამოგონილი და ოდნავ გარშემომყოფთა ცხოვრებიდანაც "მოპარული". სამივე რომანი ძირითადად იმ პატარ-პატარა ჩანაწერებზეა აგებული, რომლებსაც ზოგჯერ მთელი წელი ვაგროვებ.
რა ასაკიდან დაიწყეთ წერა?
- წერა მაშინ დავიწყე, წინადადების აგება და საკუთარი ნააზრევის ფურცელზე გადატანა როცა შევძელი, ანუ ძალიან პატარაობიდან. ისეთი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, როცა სრულიად არაფერს ვწერდი, მგონი, არც მახსენდება.
ახალი ნოველის შესახებ რას იტყვით და რა სიახლეებს უნდა ელოდოს მკითხველი თქვენგან?
- ეს არის ჩემი მესამე რომანი
,,სადღაც ყოველთვის არის მზე“. ვფიქრობ, თემატიკა აქტუალური და პრობლემატურია დღეს და შესაბამისად, საინტერესო იქნება მკითხველისთვისაც. დიდი სურვილი მაქვს და ვგეგმავ, რომ სამივე რომანი უახლოეს მომავალში გამოვცე წიგნის სახით.
დაბოლოს, რას ურჩევდით თქვენს მკითხველებს?
- პირველ რიგში, დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს წაკითხვისათვის. რაც
„ცისარტყელას“ გამოქვეყნება დაიწყო, თითქმის ყოველდღიურად მწერდნენ მკითხველები. მათი დადებითი შეფასება არის უზარმაზარი სტიმული ჩემთვის იმისათვის, რომ უფრო მეტი ვიმუშაო საკუთარ თავზე და კიდევ დავწერო მათთვის, შევქმნა საინტერესო და ღირებული, ჩავწვდე მათ ჩანაფიქრებსა და სულის ყველაზე ფაქიზ კუთხეებს.
შეგახსენებთ, რომ "მარაოზე" შეგიძლიათ წაიკითხოთ ანის სხვა ნაწარმოებიც - "თუ ინანებ". ხვალიდან კი ახალ რომანს, "სადღაც ყოველთვის არის მზეს" შემოგთავაზებთ!