თენგიზ ცერცვაძე, ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე - სამი თვეა, რაც ამ სამი ადამიანის გარშემო საზოგადოების ინტერესი გაიზარდა. მათ ძირითადად პროფესიულ კითხვებს ვუსვამთ, რა ეტაპზეა პანდემია საქართველოში, როდის დასრულდება ჩაკეტილი ცხოვრება, ხომ არ გარდაიცვალა რომელიმე კოვიდინფიცირებული პაციენტი... თუმცა მკითხველს ცნობილი "ტრიოს" გარშემო ყველაფერი აინტერესებს.
ამჯერად AMBEBI.GE თენგიზ ცერცვაძის პროფესიით რევმატოლოგ მეუღლეს გაგაცნობთ. ანა თოფურიას და თენგიზ ცერცვაძის წყვილი სამედიცინო წრისთვის ყოველთვის ცნობილი და გამორჩეული იყო. ქალბატონ ანას არ უყვარს საზოგადოებისთვის ღია ცხოვრება და პირიქით, ფიქრობს, რომ პანდემიის დამთავრებასთან ერთად მათი ოჯახის მიმართ ინტერესი ჩაცხრება და ექიმების წყვილი ბედნიერად გააგრძელებს ცხოვრებას. მასთან ინტერვიუ ახალ კორონავირუსზე საუბრით დავიწყეთ:
- დიახ, COVID-19-ის პანდემიამ არა მხოლოდ მედიცინის მუშაკთა დღის წესრიგი შეცვალა, არამედ - მთელი მსოფლიოსი და მისი თითქმის მესამედი კარანტინში გამოკეტა. პანდემიასთან ბრძოლას განსაკუთრებულად ართულებს ამ ეტაპზე ვაქცინისა და სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობის არარსებობა. სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება კვლევები, დაახლოებით 15-16 მედიკამენტის ეფექტიანობის შესაფასებლად. დღეისთვის ამერიკაში წამლისა და სურსათის ადმინისტრაციის (FDA) მიერ საუკეთესოდ მიჩნეულია ჰიდროქსიქლოროქინი და ტოცილიზუმაბი, რომლებიც ფართოდ გამოიყენება რევმატოლოგიაში. მედიცინის ისტორიამ არაერთი მაგალითი იცის, როდესაც ერთი მიზნით შექმნილმა პრეპარატმა მედიცინის სულ სხვა სფეროში ჰპოვა გამოყენება.
- თქვენს ოჯახს ყურადღება არასოდეს აკლდა, ბატონ თენგიზთან ხშირად იწერებოდა ინტერვიუები, მაგრამ ის, რაც ბოლო სამ თვეში ხდება, წარმოუდგენელია. როგორია ყურადღების ცენტრში ცხოვრება, როდესაც სხვადასხვა საიტზე ქვეყნდება თქვენი ფოტოები, კითხულობთ თქვენზე?
- არ ვიქნები გულწრფელი, თუ ვიტყვი, რომ ეს მხიბლავს. საკმაოდ მოკრძალებული ადამიანი ვარ, ხოლო ყურადღების ცენტრში ყოფნა ბევრ უხერხულობასთან არის დაკავშირებული. დიდი იმედი მაქვს, რომ პანდემიასთან ერთად, ჩვენი ოჯახის მიმართ ეს მომატებული ინტერესიც ჩაცხრება.
- დამთავრებული მაქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, კლინიკური ორდინატურა, ასპირანტურა. ვარ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. რევმატოლოგიურ განყოფილებაში საექიმო საქმიანობის პარალელურად, წლების განმავლობაში ვეწეოდი პედაგოგიურ მოღვაწეობას დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში, სამედიცინო ინსტიტუტ "სხივში"... განსაკუთრებული სიამოვნებით მაგონდება ეს წლები. უზომოდ ბედნიერი ვარ, როდესაც ჩემს ყოფილ სტუდენტებს ვხვდები ან მათი წარმატების შესახებ ვიგებ. ამჟამად ვმუშაობ მარდალეიშვილის დიაგნოსტიკურ ცენტრში და კლინიკა "ნიუმედში" რევმატოლოგად.
აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და უდიდესი მადლიერების გრძნობით პატივი მივაგო ჩემს პედაგოგებს: სერგო კობალაძეს, ნუგზარ ტატიშვილს, ლალი კილასონიას.