ინტერვიუ

მისტიკის მოყვარული ავტორი საკუთარ შემოქმედებასა და ახალ წიგნზე - რაზეა "ფენიქსი"?

მისტიკის მოყვარული ავტორი საკუთარ შემოქმედებასა და ახალ წიგნზე - რაზეა "ფენიქსი"?
  • ინტერვიუ მოამზადა ნეტო ბენდელიანმა

რაზეა პირველი ქართული ინტერაქციული წიგნი "ფენიქსი" და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ თეა ინასარიძისგან - მწერალი საკუთარ შემოქმედებაზე საუბრობს.

როდის დაიწყეთ წერა და რამ გადაგაწყვეტინათ?

- წერა საშინელმა 90-იანმა წლებმა დამაწყებინა. შუქი თითქმის არ მოდიოდა და სანთლის შუქზე, რვეულებში ვწერდი მოთხრობებს, დრო რომ გამეყვანა. მერე, როდესაც სარეჟისოროზე ჩავაბარე, წერა აუცილებელი პირობა გახდა და ჩემს ნაწერს უკვე ლექტორები კითხულობდნენ, რომლებსაც ძალიან მოსწონდათ და საუკეთესო შეფასებებს მაძლევდნენ. ამან ცოტა გამათამამა, თუმცა მხოლოდ ძალიან ახლობლებს და
მეგობრებს თუ წავაკითხებდი ხოლმე ჩემს ნაწერებს. ვწერდი ისეთ ისტორიებს, რომელთაც თავადაც ინტერესით წავიკითხავდი.

რას ნიშნავს თქვენი წიგნები თქვენთვის?

- ჩემი წიგნები ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილებია. ისინი გარკვეულ მოგონებებს მახსენებს და როდესაც მათ ვხედავ, მიხარია, რომ მე ეს შევძელი. ჩემი წიგნები ჩემი ახდენილი ოცნებაა და არაფერია იმაზე სასიამოვნო, როდესაც მათ ადამიანები კითხულობენ და მოსწონთ.

,,გათხოვილის დღიური'' ბესტსელერი იყო, გაიყიდა 5000 ეგზემპლარი. თქვენი აზრით, რამ განაპირობა მისი ბესტსელერად ქცევა?

- „გათხოვილის დღიურს“ წიგნად ქცევამდეც ჰყავდა ბევრი მკითხველი. ის თავიდან ბლოგის სახით იდებოდა marao.ge-ზე და ძალიან წარმატებული პროექტი იყო. ამას გარდა, თემის აქტუალობამაც განაპირობა ამ წიგნის პოპულარობა. ძალიან ბევრმა იპოვა ამ წიგნში საკუთარი თავი.

,,ფენიქსი'' პირველი ინტერაქციული წიგნია, რომელიც საწყისი ამბის რამდენიმე ალტერნატიურ გაგრძელებას გვთავაზობს . 15 ნაწილისაგან შედგება და ეს ინოვაციური პროექტი საინტერესო იმითაც არის, რომ მას ოთხი ავტორი ჰყავს, როგორ დაიბადა ეს იდეა და რატომ სახელი ,,ფენიქსი''?

- „ფენიქსი“ არის ინოვაციური პროექტი, რომელსაც მოუთმენლად ველოდები. იდეა გამომცემლობა "პალიტრა L"-ს და კრეატორ კოტე იანტბელიძეს ეკუთვნით. ამ იდეის გარშემო ოთხი ავტორი გავერთიანდით: მე, ელის დოჯსონი, ტორესა მოსი და ნიკოლას მაჩაბელი. თხუთმეტნაწილიან წიგნში ამბავი საკვანძო მომენტებში წყდება, როდესაც მთავარი გმირები დგებიან არჩევანის წინაშე და ყოველ ნაწილს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი გაგრძელება აქვს, სადაც მოქმედება ვითარდება გმირის ამა თუ იმ არჩევანის შესაბამისად, როგორც ალტერნატიულ რეალობაში. ამგვარად, საწყის ამბავს რვა განსხვავებული დასასრული აქვს. ავტორები ერთმანეთის დაწერილს ვაგრძელებდით. ეს ძალიან სერიოზული გამოწვევა იყო ჩვენთვის. ერთგვარი ლიტერატურული ექსპერიმენტი, რასაც ძალიან კარგად გავართვით თავი. „ფენიქსი“ - ჯადოსნური ფრინველია, რომელიც სიკვდილის წინ თავს იწვავს და საკუთარი ფერფლისგან ხელახლა იბადება. ჩვენი „ფენიქსიც“ ასეა, სადღაც „დავიწვებით“, მაგრამ სხვა ნაწილში აღვდგებით. ამას გარდა, ერთ-ერთი გმირი ატარებს მაჯის საათს, „გარმინის ფენიქსს“, რომელსაც თავისი დატვირთვა აქვს. ასევე, კულტს ჰქვია ფენიქსი და ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. ყველა ნაწილს ასევე აქვს ქვესათაური. ხაზებთან ერთად იცვლება ჟანრებიც. გვაქვს დრამა, სათავგადასავლო, თრილერი, მისტიკა, დეტექტივი. მოკლედ, ნებისმიერი გემოვნების მქონე მკითხველი იპოვის თავის ხაზს, რომელსაც გაჰყვება ბოლომდე. იმედი მაქვს, სულ მალე იხილავს მკითხველი წიგნის მაღაზიებში და აირჩევს თავის გაგრძელებას.
ელის დოჯსონი, თეა ინასარიძე, ნიკოლას მაჩაბელი
ელის დოჯსონი, თეა ინასარიძე, ნიკოლას მაჩაბელი


,,მეცხრე ფლიგელი '' დეტექტიური თრილერია, სადაც მოათავსეთ საიდუმლო დაშიფრული წერილი და ასევე გააცოცხლეთ და რეალურად მოაწყვეთ თამაში, მოგვიყევით ამის შესახებ...

- რეალურ ქვესტებს ადრეც ვაწყობდი ხოლმე. ვფიქრობ, წიგნის სიუჟეტს ძალიან მოუხდა ამგვარი ინტრიგა. თავად გმირი, ლუ სულ ძიების პროცესშია, პოულობს მინიშნებებს და საიდუმლო ოთახს ეძებს. მინდოდა მკითხველი რაღაცნაირად ამ რომანის მონაწილე გამეხადა და ამიტომ მოვაწყვე დეტექტიური თამაში მიტოვებულ შენობაში. წერილს კი გაშიფრავს ყველა, ვისაც ზოგადად უყვარს საიდუმლოებები და ბუნებით მაძიებელი ნატურაა.

,,მეცხრე ფლიგელი'' დეტექტიური ჟანრია მისტიკის ელემენტებით, რასაც მკითხველი საოცარ თავგადასავალში გადაჰყავს. თქვენთვის რამდენად საინტერესოა მისტიკა და რატომ ეს ჟანრი?

- მისტიკა ძალიან ახლოსაა ჩემთან. ჯერ კიდევ მოზარდობის პერიოდში არმოვაჩინე ედგარ ალან პო, საოცარი მისტიკოსი მწერალი და მივხვდი, რომ ეს ჟანრი ძალიან ჩემი გახდებოდა. მეც ძალიან თავგადასავლების მოყვარული ადამიანი ვარ და მიზიდავს ყველაფერი იდუმალი და ამოუცნობი. მისტიკის გარეშე ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი.

ყოველი რომანის ხელწერა სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან წერის სტილით, საიდან მოდის იდეა?

- წერის სურვილი და ინსპირაცია მომდის, როდესაც ჩემს ცხოვრებაში რაღაც საინტერესო ხდება. ან შეიძლება ძალიან საინტერესო სიზმარი გახდეს ინსპირაციის წყარო. ზოგადად, ძალიან ფანტაზიორი ვარ და ეს მეხმარება. მიყვარს სხვადასხვა რეალობის წარმოდგენა და საინტერესო სამყაროების შექმნა.

მწერლის საყვარელი მწერალი და წიგნი, რომელსაც გამოარჩევდით...

- მაქს ფრიშის „დავირქმევ განტენბაინს“ ყველაზე განსხვავებული წიგნია, რაც წამიკითხავს. ასევე, ძალიან მიყვარს ჯერომ სელინჯერი, სტივენ კინგი, ართურ კონან დოილი, ჯორჯ მარტინი. მოკლედ, ერთი კონკრეტული ავტორის გამორჩევა ძალიან გამიჭირდება.

როგორ სამყაროში ცხოვრობს თეა ინასარიძე, თუ უყვარს რომანტიკა და ოცნება?

- რომანტიკის რა გითხრათ, ნაკლებად მიყვარს. ჩემს სამყაროში ბევრი თავგადასავალია. ზოგი ძალიან საშიში და სახიფათო. მირჩევნია, მიწაზე მყარად ვიდგე და მოვლენები რეალისტურად შევაფასო, ვიდრე ვარდისფერი სათვალიდან ვიყურო და მოლოდინები თავზე ჩამომენგრეს.

ამ ეტაპზე თუ მუშაობთ რაიმე წიგნზე და რას ფიქრობთ მომავალზე? რა გეგმები გაქვთ?

- ახლა ვამთავრებ „ფენიქსის“ ბოლო ნაწილს - „ბუნკერს“, რის შემდეგაც ვაპირებ გავაგრძელო ორი რომანი, რომელიც „ფენიქსის“ გამო შევაჩერე. ერთი ფენტეზი-ფანტასტიკის ჟანრშია, მეორე - ფანტასტიკა-მისტიკის.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
e87a93