ჩვენი სტუმარი, ფერადი და ხალისიანი კულინარი, ანა კვირიკაშვილი გახლავთ.
Ana's Cooking Story / ანას კულინარიული ამბები- ეს ჩემი რესპონდენტის გვერდია, რომლის ნახვაც ფეისბუქზე შეგიძლიათ.
ის ამ გვერდზე ორიგინალურ რეცეპტებს გვიზიარებს და ვიდეოებს, რომლებიც საკვების სწორად მომზადებაში დაგვეხმარება.
ცდილობს რეცეპტები ფერადი ფოტოებით გაახალისოს, რაც ადამიანებს დადებით განცდებს უღვივებს.
ახლა კი, გავიცნოთ ადამიანი, რომლის მოტივაცია და შემართება საოცრად გადამდებია.
მოგვიყევით თქვენზე. როგორ დაიწყო ყველაფერი, როდის დაინტერესდით კულინარიით?
- მოგესალმებით, მივესალმები კულინარიული სამყაროს მოყვარულ მკითხველს.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების ბოლო 4 თვე, ამ ყველაზე გემრიელ საქმეს მივუძღვენი და ჩემი მრავალფეროვანი პროფესიული ცხოვრება, კიდევ უფრო საინტერესო გავხადე.
პროფესიით ტელე-რადიო ჟურნალისტი, პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტი ვარ.
სულ ვამბობ, რომ პროფესია ზუსტად შევარჩიე და გამიმართლა, რომ ამ სფეროში წარმატებით ვმოღვაწეობ.
ამ ეტაპზე რამდენიმე კომპანიასთან ვთანამშრომლობ და კიდევ უამრავ პროექტზე ვმუშაობ. თუმცა, მსოფლიოში გავრცელებულმა პანდემიამ, ცხოვრების რიტმი საგრძნობლად შემიცვალა, რის გამოც, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად კულინარია იქცა.
რა იყო თქვენი ინსპირაციის წყარო და თუ არსებობს კულინარი, რომელიც გამორჩეულად მოგწონთ..
- იქიდან გამომდინარე, რომ საოცარი ოჯახი მყავს და კულინარიაში მშვენივრად ერკვევიან, ინსპირაციის წყაროდ რომელიმე კულინარის დასახელება შეუძლებელია. ამ საკითხში განსაკუთრებით გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ ჩემი კულინარიისკენ სწრაფვა ჯერ კიდევ 7-8 წლის ასაკიდან მოდის, როცა თვალს ვადევნებდი, როგორ ტრიალებდა სამზარეულოში ბებია და თავადაც ვცდილობდი, ამ სამზადისში მონაწილეობა მიმეღო.
გემრიელი კერძების მომზადება ბებოსგან ვისწავლე, ხოლო დესერტები დედას დამსახურებაა. ტკბილეულს მის მსგავსად თითქმის ვერავინ ამზადებს.
რა თვისებები გამოავლინა თქვენში კულინარიამ?
- ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ისეთი თვისება შევიძინე რაც არ მქონდა, თუმცა, ალბათ კულინარიამ ჩემს ყოველდღიურობაში ბევრი რამ შეცვალა.
თუ აქამდე სახლიდან გასვლა და სამსახურში ჩვეულებრივზე მეტი დროის გატარება მსიამოვნებდა, ახლა გული სახლისკენ მიმიწევს, რათა მეტი ექსპერიმენტული კერძი შევქმნა, ან უბრალოდ მეუღლეს რაიმე გემრიელი მოვუმზადო.
ვფიქრობ, ეს ხასიათის ცვლილებასაც ხელს უწყობს.
კულინარია ხომ დადებითი ემოციების მომტანი საქმიანობაა, რაც ხშირ შემთხვევაში ადამიანს ბედნიერებას ანიჭებს.
კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გავსინჯოთ..
- ჩემი საფირმო კერძი: ქათამი პროვანსულად კაკლით. (იღიმის)
ეს არის ფრანგული სამზარეულოს ერთ-ერთი უნიკალური კერძი, ჩემეული ინტერპრეტაციით, მეტს აღარ გავაგრძელებ, რეცეპტს ჩემ ბლოგზეც იხილავთ. მჯერა, ვინც ერთხელ გასინჯავს ამ კერძს, ვერასდროს დაივიწყებს.
ფერადი და განსხვავებული ხართ, ადამიანები თქვენს მიმართ სიყვარულს ავლენენ. რამ განაპირობა ეს ყოველივე?
- შეფასების საზომი ყველა ადამიანს თავისებური აქვს. ვისთვის ვინ რა კრიტერიუმით ფასდება ვერასდროს გაიგებ, თუმცა ის რაც მე თქვენს კითხვაში მოვისმინე ყველა ჩემს გულშემატკივარსა თუ ბლოგის გამომწერს აერთიანებს.
ჩემი ბლოგი მართლაც გამორჩეულად მეფერადება, რეცეპტები მუდამ ნაცადი და სანდოა. ჩემ ბლოგში არსებული ფოტომასალა განსაკუთრებულად მესასწაულება. საკუთარი ხელით შექმნილი და სერვირებული კერძი, თუ დესერტი, ჩემი მეუღლის ობიექტივში ორმაგად საინტერესოდ და ლამაზად ჩნდება. ალბათ ეს ყოველივე განაპირობებს ადამიანების მხრიდან წამოსულ გულწრფელ ემოციასა და სიყვარულს.
რისი რეცეპტი იყო ყველაზე პოპულარული, თქვენი პოსტებიდან, რომელიც მიმდევრებს გაუზიარეთ?
- ყველაზე დიდი გამოხმაურება ჩემ ბლოგზე ტარტმა გამოიწვია, რომელიც დაახლოებით 4 სხვადასხვა ვარიაციით მოვამზადე და ვფიქრობ ჩემი ბლოგის გამომწერების 50%-მა მოამზადა და დადებითად შეაფასა.
რჩევა მათთვის, ვინც დაინტერესებულია კულინარიით, მაგრამ ვერ ბედავს ნაბიჯების გადადგმას..
- ახალბედა კულინარებს თუ გულისხმობთ, მე მათ ყოველთვის ვურჩევ: არასდროს შეწყვიტონ კულინარიული სიახლეების ძიება და რაც შეიძლება მეტი ახალი და საინტერესო კერძი შექმნან საკუთარი ინტერპრეტაციით. არ შეეშინდეთ ექსპერიმენტების, რადგან ვფიქრობ კულინარია ხელოვნებაა, რომელსაც ჩვენი ფანტაზიით ვასაზრდოებთ.
თქვენი საყვარელი სასმლის რეცეპტი, რომელიც მკითხველს სიცხეში გააგრილებს..
- ეს ალბათ ყავის სმუზია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე ერთ-ერთ საიტზე და ისე მომეწონა საკმაოდ ხშირადაც ვამზადებ.
რა დაგჭირდებათ:
- 1 ცალი გაყინული ბანანი
- ყავა (გაციებული)
- ნახევარი ჭიქა რძე
- 45 გრ. სწრაფი მომზადების შვრიის ფანტელი
- 1 კოვზი თხილის კარაქი ან თაფლი
- ბლენდერში მოათავსეთ 1 ცალი დაჭრილი გაყინული ბანანი, თქვენი გემოვნებით მომზადებული გაციებული ყავა, ნახევარი ჭიქა რძე, 45 გრამი სწრაფი მომზადების შვრიის ფანტელი, 1 კოვზი თხილის კარაქი ან თაფლი.
- დაახურეთ ბლენდერს თავსახური და შეურიეთ პროდუქტები ერთმანეთს, მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ.
- მიღებული სითხე გადმოასხით ჭიქაში. ახლა კი შეგიძლიათ ყავის სმუზი გემრიელად მიირთვათ.
რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ, რა არის თქვენი მთავარი მიზანი?
- სამომავლო გეგმებზე საუბარი ადრეა, თუმცა ჩემი ბლოგის გამომწერებს წინ ბევრი საინტერესო პროექტი ელოდება.